კრემლის ჩეჩნური დესანტი, ამჯერად - სირიაში
12-12-2016
კრემლის ჩეჩნური დესანტი, ამჯერად - სირიაში
რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩენი მებრძოლები ჯერ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, შემდეგ - უკრაინის აღმოსავლეთში, ახლა კი სირიაში გზავნის...

სირიაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო პოლიციის დანაყოფებს გზავნის, რომლებიც ჩეჩნეთში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში მომსახურე ჩეჩენი სამხედროებით არის დაკომპლექტებული.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მათ სირიაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ჰმეიმის სამხედრო აეროდრომის დაცვა დაევალებათ, სინამდვილეში კი ჩეჩენი სამხედროები, რომლებსაც ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი "პუტინის ერთგულ ჯარისკაცებს" უწოდებს, სირიაში დიდი ხანია იბრძვიან, იმ "კერძო
არმიის" შემადგენლობაშიც, რომლის არსებობის აღიარება კრემლს არ სურს.
რუსეთის ხელისუფლების მიერ "ჩეჩ­ნური ფაქტორის" გამოყენება სიახლე არ არის. 1992-93 წლებში აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი მებრძოლებით დაკომპლექტებული რამდენიმე რაზმი, რომელთაგან ერთ-ერთს ცნობილი შამილ ბასაევი მეთაურობდა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ჩეჩნეთიდან გადმოსროლილი "აღმოსავლეთისა" და "დასავლეთის"
სპეცდანიშნულების რაზმები აქტიურად უტევდნენ ქართულ სოფლებს.
2014 წლის გაზაფხულიდან ჯერ - ყირიმში, შემდეგ კი ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ სისტემატურად იბრძვიან რამზან კადიროვის დაქვემდებარებაში მყოფი კარგად აღჭურვილი და მომზადებული საბრძოლო დანაყოფები.

მცირე ანალიზიც კმარა დასკვნის გამოსატანად - კრემლის დღევანდელი ხელმძღვანელობა, ისევე, როგორც 24 წლის წინათ, აქტიურად და მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებს "ჩეჩნურ ფაქტორს" იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაცია ოფიციალურად არ გამოჩნდეს, როგორც აგრესორი. ამისთვის გამოიყენება ნახევრად ოფიციალური საბრძოლო რაზმები, რომელთა შენიღბვა "მოხალისეების" სახელით შეიძლება.
ეს ტაქტიკა უახლოეს მომავალში კრემლმა შეიძლება ახალი სამხედრო ავანტიურების დასაწყებად გამოიყენოს თუნდაც საქართველოში, უკრაინის აღმოსავლეთში და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც კი.

რამზან კადიროვის ერთგული 18-20 ათასი კარგად მომზადებული შეიარაღებული პირი განაწილებულია რუსეთის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების იმ დანაყოფებში, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა დისლოცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთ უშუალო მეთაურებს უნდა დაემორჩილონ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს და მოსკოვსა და გროზნოს შორის შავმა კატამ გაირბინოს, მათი უმეტესობა, რა თქმა უნდა, რამზან კადიროვს ამოუდგება მხარში. უახლეს ისტორიას ახსოვს, საბჭოთა გრუ-ს მომზადებული შამილ ბასაევი როგორ ასრულებდა რუსეთის მაშინდელი ხელისუფლების დავალებებს აფხაზეთში, როგორ იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ და როგორ მიუბრუნდა ერთი წლის შემდეგ იარაღით ხელში კრემლს.

16 წელია, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩეჩნეთის რეალურ გამგებელ კადიროვს ფულით, უფრო სწორად - ძალიან დიდი ფულით - აჩერებს. ეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის გამოყოფილი მრავალმილიარდიანი სუბსიდირებაა. ამ სუბსიდირების შემცირების (რაც სცადეს კიდეც რუსმა ფინანსისტებმა, მაგრამ კადიროვის უკმაყოფილების შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა მათ ამის გაკეთება აუკრძალა) უკუპროპორციულად გაიზრდება რამზან კადიროვის კრემლთან დაპირისპირების საფრთხეც.

ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ უკონტროლოდ დარჩენილმა რამზან კადიროვმა თავისი ერთგული, კარგად შეიარაღებული და მომზადებული (პარტიზანული მოქმედების ტაქტიკით) რაზმებით სცადოს კონკრეტული ინტერესების გატარება როგორც ჩრდილო კავკასიაში, ისე - სამხრეთით, სულაც პანკისის ხეობაში ან საქართველოს სხვა რაიონებშიც, თანამედროვე "ლეკიანობის" მსგავსად.
მანამდე კი ჩეჩნეთის ლიდერი კრემლის გამგებლის მთავარი დამრტყმელი ძალაა რუსეთის წამოწყებულ ჰიბრიდულ ომებში, სადაც გადამწყვეტ როლს ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები კი არა, "კალაშნიკოვიანი" ნახევრად ოფიციალური მებრძოლები თამაშობენ, რომელთა მიერ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას კრემლი თავს როგორმე აარიდებს.
luna
22 თებერვალი 2017 05:34
კადიროვს დაპირდა ტარხანი მოვალო ბოლო პასატკა რუსეტიაო მარა არ დასცალდა
***
22 დეკემბერი 2016 14:42
პუტინის სიჭკვიანე, მაშინ იქნებოდა დასახარბებელი, თუ კი, ის საკუთარ ქვეყანას ამოიყვანდა სიღარიბიდან და გაჭირვებიდან.
მხოლოდ მუშტებზე ყურებით და მეზობლების დაშინებით ქვეყანა ვერ აშენდება.
mamuka
21 დეკემბერი 2016 19:07
პუტინი ჭკვიანი კაცია ჩვენ ვიკითხოთ ამ მეედროვეებისა და აშშის მარიონეტების შემხედვარეებმა

რედაქტორის რჩევით