ამერიკული "აბრამსი", რუსეთის სამხედრო გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში და 2016 წლის სხვა მთავარი სამხედრო მოვლენები - კვირის პალიტრა

ამერიკული "აბრამსი", რუსეთის სამხედრო გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში და 2016 წლის სხვა მთავარი სამხედრო მოვლენები

2016 წელს ქართულ პოლიგონზე პირველად გამოჩნდა ამერიკული "აბრამსი"

2016 წლის 26 მაისს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი აღნიშნა. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ხუთი სხვადასხვა ინტენსივობის შეიარაღებულმა კონფლიქტმა ჩაიარა ცხინვალის რეგიონსა (1992, 2004 და 2008 წწ.) და აფხაზეთში (1992-93,1998 და 2008 წწ.), რამაც დაღი დაასვა როგორც ქართული არმიის, ისე ქვეყნის განვითარებას.

გასულ წელს საქართველომ, საბედნიეროდ, მშვიდობა შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, ომები მთელ მსოფლიოში და მით უმეტეს, ჩვენს რეგიონში, შეიარაღებული შეტაკებები (აპრილში, მთიან ყარაბაღში) და ტერორისტული აქტები არ შემწყდარა.

მიუხედავად ამისა, ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ წინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, პირიქით, რუსეთმა გააძლიერა სამხედრო და სასაზღვრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სხვა მხრივ, გასულ წელს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან მოვლენებად შეიძლება ჩაითვალოს თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის პოსტზე ცვლილებები, შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შეჩერება-გაგრძელების პერიპეტიები, სამხედროებთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ქართული არმიის ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის მოქმედება და ა.შ.

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი

2016 წელს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეიცვალნენ. თავდაცვის მე-17 და ამასთან, პირველი ქალი მინისტრი, თინა ხიდაშელი, ქვეყნის მთავარ სამხედრო უწყებას 2015 წლიდან, მხოლოდ 15-იოდე თვის განმავლობაში ედგა სათავეში. ის ასევე იყო პირველი თავდაცვის მინისტრი, რომლის თანამდებობიდან გადადგომა რამდენიმე თვით ადრე წინასწარ დაანონსდა, რადგან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა და კანონის თანახმად, ვალდებული იყო, დაეტოვებინა სახელმწიფო სამსახური.

15-თვიან პერიოდში თინა ხიდაშელი, ალბათ, ყველაზე "მოძრავი" თავდაცვის მინისტრი გახდა - მან მოასწრო თითქმის ყველა სამხედრო ნაწილის შემოვლა (ყაზარმების, სასადილოების, საწყობებისა და ტუალეტების ინსპექტირების ჩათვლით) და ამასთან, არ გაუცდენია არც ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი კონფერენცია თუ შეხვედრა საზღვარგარეთ. მეორე საკითხია, თავდაცვის მინისტრის ასეთი ხშირი უცხოური ვოიაჟები რამდენად უწყობდა ხელს მის უწყებაში დაგროვილი პრობლემების დროულად გადაწყვეტას.

პირველმა ქალმა-თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას თავი ორი მომენტით - "დელტას" ხელმძღვანელის მოხსნითა და არმიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შეჩერებით დაამახსოვრა.

"დელტას" გაკრიტიკება მაშინ, როდესაც მან შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე გასვლა შეძლო და საუდის არაბეთში ჯავშნიანი სამედიცინო-საევაკუაციო მანქანების რამდენიმე ათეულმილიონიანი ლარის დიდი პარტიის გაყიდვა დაიწყო, ცოტა უცნაურად გამოჩნდა, როგორც ის, თუ რატომ არ დართო ნება თავდაცვის სამინისტრომ "დელტას", კონგოში ის "დიდგორები" გაეყიდა, რომელთა შეიარაღებაში მიღებას ქართული არმიის სარდლობა არც აპირებდა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევის შეჩერების გადაწყვეტილება თინა ხიდაშელს საზოგადოების ნაწილმა წინასაარჩევნო სვლად ჩაუთვალა წვევამდელების მშობლებისა და ახლობლების ხმების მოსაპოვებლად. როგორც მოსალოდნელი იყო, მისმა შემცვლელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლევან იზორიამ მინისტრის პოსტის დაკავებიდან ცოტა ხანში გააუქმა წინამორბედის გადაწყვეტილება და 2017 წლის გაზაფხულიდან განახლდება არმიაში წვევამდელების გაწვევა. ამის მიზეზი მარტო ყოფილ და ახალ მინისტრებს შორის არსებული დაპირისპირება (რაც რამდენჯერმე მედიაშიც გაშუქდა) არ ყოფილა, უბრალოდ ჯარისკაცების მწვავე დეფიციტი შეიქმნა და მათი მოვალეობის შესრულება კონტრაქტით მომსახურე იმ სამხედროებს მოუწევდათ, ვინც საბრძოლო სწავლებით უნდა იყვნენ დაკავებული.

წელსვე გენშტაბის უფროსის სავარძელი გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას დაუთმო.

ახალმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ასევე ახალმა გენშტაბის უფროსმა ლადო ჩაჩიბაიამ წლის ბოლოს არმიაში ოპტიმიზაცია დაიწყეს, რომელიც უფროსი ოფიცრების შემცირებასა და მათი სურვილით (მნიშვნელოვანი ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ) თადარიგში გასვლას გულისხმობს, რათა საზღვარგარეთ განათლებამიღებულ ახალგაზრდა ოფიცრებს კარიერული წინსვლისთვის გზა გაეხსნათ.

სამხედროებთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევები

გასულ წელს არმიაში რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ჯერ იყო და, აჭარაში, გონიოს სანაპიროსთან უგზო-უკვლოდ დაიკარგა სპეციალური ოპერაციების ძალების ორი მყვინთავი, შემდეგ კახეთში ავტოავარიას ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, კრწანისის სასწავლო ცენტრის დაცულ ტერიტორიაზე კი გუშაგმა პერიმეტრის დამრღვევებს გაფრთხილების შემდეგ ესროლა და ერთი დამრღვევი მოკლა. საზოგადოების ნაწილმა ეს ტრაგიკული შემთხვევები სხვადასხვანაირად აღიქვა, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ მოქალაქეების ნაწილი ვერ ერკვევა სამხედრო წესდებებისა და კანონების არსში, ამასთან, ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლებმა ამ ტრაგედიების გამოყენება თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის სცადეს.

ამ საქმეებზე ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ უდავოა, რომ გონიოსა და კახეთის ტრაგედიები უსაფრთხოების წესების დარღვევას მოჰყვა, რისთვისაც პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა, თუკი მათ სასამართლო დამნაშავედ ცნობს, პასუხი უნდა აგონ. რაც შეეხება კრწანისში მომხდარს, იქ გუშაგმა წესდების მიხედვით იმოქმედა და დაიცვა ობიექტი, რისთვისაც ის წახალისებასაც კი იმსახურებდა, მაგრამ იმის გამო, რომ უნებურად (ღობის შიგნით შესული ლანდების მიმართულებით მან სიბნელეში გაისროლა) თანატოლის მკვლელი გახდა, მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები

გასული წელი მდიდარი იყო ქართულ პოლიგონებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებისა და ქართული არმიის ერთობლივად გამართული წვრთნებით.

მაისში ვაზიანის პოლიგონზე საერთაშორისო სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი-2016" (Noble Partner-2016) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე. პოლიგონზე ჩატარდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან ტაქტიკური საჰაერო დესანტის გადმოსხმა და პირველად ქართულ მიწაზე გამოჩნდნენ ამერიკული "აბრამსის" ტიპის ტანკები.

მრავალეროვნულ სწავლებაში Agile Spirit-2016, რომელიც აგვისტოში ჩატარდა, საქართველოს გარდა, მონაწილეობდა აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის დაახლოებით 1200 სამხედრო მოსამსახურე. ორფოლოს პოლიგონზე ერთობლივად პირველად გაიარეს საარტილერიო მომზადება ქართველმა და ამერიკელმა არტილერისტებმა.

ნოემბერში კრწანისში, NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, გაიმართა სამეთაურო-საშტაბო "NATO-საქართველოს სწავლება-2016". ქართველმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროებმა სხვადასხვა სახის სამხედრო ოპერაციის ერთად დაგეგმვისა და ჩატარების დეტალები დახვეწეს.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთად გამართული წვრთნები, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს ვერ შეცვლის ალიანსის სრულფასოვან წევრობასა და უსაფრთხოების შესაბამის გარანტიებს საქართველოსთვის.

ქართული სამხედრო მისიის გაგრძელება ავღანეთში

2016 წლის ნოემბერში შვიდი წელი შესრულდა, რაც ქართული სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში მსახურობს. ავღანური მისია ქართული არმიის რამდენიმე ათასმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა, ბევრმა ორჯერ და სამჯერაც კი. ამჟამად ჩვენი 900-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთის სხვადასხვა ქალაქში: ქაბულში, მაზარი-შარიფსა და ბაგრამში ამერიკელ და გერმანელ სამხედროებთან ერთად მსახურობს. ნოემბერში მაზარი-შარიფში "თალიბანი" თავს დაესხა გერმანიის გენერალურ საკონსულოს და გერმანელი დიპლომატები დიდ ტრაგედიას ვერ გადაურჩებოდნენ, რომ არ ემარჯვა ქართული არმიის მეორე ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულის სწრაფი რეაგირების ჯგუფს, რომელმაც უკუაგდო თავდამსხმელები და გერმანელი დიპლომატები გადაარჩინა.

ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეთაურობით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაში ქართული სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობა კვლავ ყველაზე მეტია მისიაში მონაწილე ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის.

აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწევს კარდინალური გადაწყვეტილების მიღება 15 წელზე მეტხანს გაჭიანურებული ავღანური ეპოპეის დასასრულებლად, რაზეც დამოკიდებული იქნება ქართული სამხედრო კონტინგენტის ყოფნაც ავღანეთში.

რუსეთის სამხედრო გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში

რუსეთმა 2016 წელს მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო-პოლიტიკური გავლენა სამხრეთ კავკასიაში, როგორც თავის სტრატეგიულ პარტნიორ სომხეთში, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სეპარატისტულ სოხუმსა და ცხინვალთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფებების შექმნით მოსკოვმა ბოლომდე დაიქვემდებარა სეპარატისტთა შეიარაღებული რაზმები, რათა გამორიცხოს მათგან მოსალოდნელი რაიმე არასასურველი სიურპრიზი.

Oოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სომხეთში გიუმრის სამხედრო ბაზის შეიარაღების განახლებით, მათ შორის პირველად სამხრეთ კავკასიაში "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების გადმოსროლით (რომლებიც 500 კმ-იან რადიუსში მოქმედებენ) მოსკოვმა თითქმის სრულ კონტროლზე აიყვანა სამხრეთი კავკასია (ისიც გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანი რუსული იარაღის მსხვილი იმპორტიორია, ხოლო ბაქოსა და მოსკოვს შორის საუკეთესო პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა), რაც მას აუცილებლად სჭირდება ახლო აღმოსავლეთში პოზიციის გასაძლიერებლად.

მომავალი 2017 წელი, სავარაუდოდ, რთული იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე ქართული არმიისთვისაც. ეს პირველ რიგში ეკონომიკური პრობლემების გაზრდაში გამოიხატება, რაც აიძულებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, მწირი ფინანსები მხოლოდ ერთი-ორ პრიორიტეტულ მიმართულებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის განვითარებას მოახმაროს. ოპტიმიზაციის მიზნით შემცირდება პირადი შემადგენლობა, რათა სამხედრო ბიუჯეტის ლომის წილი ხელფასებზე აღარ მიდიოდეს. ყველა შემთხვევაში ქართულ არმიას, ისევე როგორც ქვეყანას, წელზე ქამრის შემოჭერა მოუწევს.