რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის 10 გადამწყვეტი წამი - კვირის პალიტრა

რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის 10 გადამწყვეტი წამი

სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე ტერორისტული აფეთქება არ მომხდარა. მაშ, რა გახდა ტექნიკური პრობლემის მიზეზი - დეფექტი თუ მოწყობილობის წინასწარი განზრახვით მწყობრიდან გამოყვანა?

სოჭთან მომხდარი ავიაკატასტროფიდან ერთი კვირის შემდეგ ბევრი რამ გახდა ცხადი, თუმცა მივყვეთ თანამიმდევრობით.

24 დეკემბერს, საღამოს, მოსკოვიდან სირიისკენ, ჰმეიმის აეროდრომისკენ, გეზი აიღო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა Ту-154Б-2 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე ეკიპაჟის რვა წევრი და 84 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - რუსული არმიის სამხედრო ანსამბლი და რუსული ტელევიზიების კორესპონდენტები. ანსამბლს ჰმეიმის აეროდრომზე დისლოცირებული რუსი სამხედროებისთვის საახალწლო კონცერტი უნდა გაემართა.

რუსული თვითმფრინავები - სამხედრო-სატრანსპორტოც და საბრძოლოც, სირიის ცაში კასპიის ზღვის, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეების გავლით ხვდებიან, რადგან თურქეთი (და იმედია, საქართველოც) მათ უფრო მოკლე გზით სირიაში გაფრენის უფლებას არ აძლევს.

მოსკოვიდან აფრენილ Ту-154Б-2-ს მოზდოკის სამხედრო აეროდრომზე უნდა შეევსო საწვავის მარაგი, მაგრამ უამინდობის გამო ამისთვის სოჭთან ახლოს, ადლერის სამოქალაქო აეროპორტი შეირჩა.

25 დეკემბრის დილით, საწვავის ჩასხმის შემდეგ, თვითმფრინავი ადლერის აეროპორტიდან აფრინდა და ორი წუთის შემდეგ შავ ზღვაში ჩავარდა, ნაპირიდან 1,5 კმ-ის მოშორებით. ყველა, ვინც ბორტზე იყო, დაიღუპა.

ფართომასშტაბიანი წყალქვეშა სამძებრო სამუშაოების შედეგად 17-25 მ-ის სიღრმიდან ამოიღეს 20-მდე ცხედარი, თვითმფრინავის ფრაგმენტები და "შავი ყუთები".

"შავი ყუთების" გაშიფვრის შემდეგ ბევრ რამეს ნათელი მოეფინა - ყველაფერი ფრენის ბოლო ათმა წამმა გადაწყვიტა!

ადლერის აეროდრომიდან ზღვის მიმართულებით გაფრენის შემდეგ ეკიპაჟმა ორჯერ 90 გრადუსით მარჯვნივ მოხვევა მოასწრო (რათა მოზდოკისკენ აეღო გეზი) და აღმოაჩინა, რომ ფრთაუკანები (ფრთაუკანები განთავსებულია ფრთების უკან და სპეციალური მექანიზმით ხდება მათი სინქრონული გამოშვება-შეწევა თვითმფრინავის აფრენა-დაფრენის პროცესში, რათა გაიზარდოს ფრთების ფართობი და შესაბამისად, მისი ამწევი ძალა. ვინც სამგზავრო ლაინერით მგზავრობისას ფრთის სიახლოვეს მჯდარა, ილუმინატორიდან ადვილად შეამჩნევდა ფრთაუკანების გამოშვება-შეწევის პროცესს, რომელსაც სპეციფიკური ხმა აქვს) ფრთებში არაერთდროულად შეიწია, რამაც თვითმფრინავის მარცხენა კრენი (დაფერდება) გამოიწვია. დაბალი სიმაღლის გამო პილოტებმა ინსტინქტურად შტურვალი თავისკენ მოსწიეს სიმაღლის სწრაფად ასაღებად, მაგრამ ამან სიჩქარის ვარდნა გამოიწვია, ფრთების ამწევი ძალა არაეფექტური გახდა და 100 ტ-იანი

"ტუ" ზღვის ზედაპირს კუდით შეეჯახა, დაახლოებით 480 კმ/სთ სიჩქარით, მერე ფრაგმენტებად დაიშალა და ზღვაში ჩაიძირა. ბორტზე მყოფთა უმეტესობა, სავარაუდოდ, ძლიერი მექანიკური დაზიანებების შედეგად დაიღუპა, მძიმედ დაშავებულები კი ზღვაში დაიხრჩვნენ.

ეს არის ავიაკატასტროფის შესაძლო ვერსია, თუმცა გამოძიებამ თავდაპირველად ის უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია ფრთაუკანების ფრთაში შეწევა-გამოწევის სინქრონიზაციის მექანიზმის დაზიანება - იყო ეს ტექნიკური პრობლემა თუ ვინმემ ამ მექანიზმის წინასწარ განზრახვით მწყობრიდან გამოყვანით ბომბის გარეშე განახორციელა ტერორისტული აქტი?

ჩვენი დოსიე

1968 წლიდან 2013 წლამდე წარმოებულია სხვადასხვა მოდიფიკაციის 1 026 ერთეული Ту-154, მათგან 72-მა ავარია და კატასტროფა განიცადა. ამ ტიპის სამგზავრო ლაინერების კატასტროფების დროს 3 263 ადამიანი დაიღუპა (ამ სტატისტიკაში ადლერის კატასტროფაც შედის). სამმა Ту-154-მა ქართულ მიწაზე განიცადა კატასტროფა. 1992 წლის 20 ივლისს თბილისის აეროპორტიდან აფრენის მცდელობისას გადატვირთული თვითმფრინავი ახალი ალექსეევკის დასახლებაში შევარდა და აფეთქდა. 1993 წლის 22 სექტემბერს სოხუმის აეროპორტში დაშვებისას აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა დაქირავებულებმა "იგლას" საზენიტო რაკეტით ქართული სამგზავრო "ტუ" ჩამოაგდეს - ჩაიდინეს საერთაშორისო საჰაერო ტერორისტული აქტი, მეორე დღეს კი ასეთივე "ტუ" საარტილერიო დაბომბვის შედეგად სოხუმის აეროპორტში ააფეთქეს.

ირაკლი ალადაშვილი