"რუსული ტანკები აღმოვაჩინეთ და..." - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართ­ველ მფრინავთან, რომელიც აგვისტოს ომში რუსებს ბომბავდა
"რუსული ტანკები აღმოვაჩინეთ და..." -  ექსკლუზიური ინტერვიუ ქართ­ველ მფრინავთან, რომელიც აგვისტოს ომში რუსებს ბომბავდა
აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინდელ ხელისუფლებას არ სურდა, მისი შეცდომები საზოგადოებას გაეგო, გასაკვირი კი ის არის, რომ რატომღაც არც დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, აგვისტოს ომის დეტალები გამოააშკარაოს.

"კვირის პალიტრა" მკითხველს მოუთხრობს აგვისტოს ომის ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდზე, რომელსაც თავისებური გაგრძელება ომის სხვა დღეებშიც მოჰყვა.
ჩვენი რესპონდენტი ქართველი სამხედრო მფრინავია, რომელმაც აგვისტოს ომის დასაწყისში, რამდენიმე სხვა პილოტთან ერთად, Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით საჰაერო დარტყმები მიაყენა საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილ
You must have Flash Player installed in order to see this player.
რუსულ ჯავშანსატანკო კოლონას.

საგულისხმოა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოფიციალური რუსული სამხედრო კოლონა ჰაერიდან დაიბომბა. მართალია, ვიეტნამში
- ამერიკელი, ხოლო ეგვიპტეში ებრაელი პილოტები ბომბავდნენ საბჭოთა სამხედრო დანაყოფებს, მაგრამ მოსკოვი თავისი ჯარების იქ ყოფნას ოფიციალურად არ აღიარებდა, ისევე, როგორც დღეს კატეგორიულად უარყოფს უკრაინის აღმოსავლეთში რუსი სამხედროების ბრძოლას.

- რა საბრძოლო დავალება მიიღეთ და როგორი იყო თქვენი საავიაციო მოიერიშე ჯგუფის შემადგენლობა?

- საბრძოლო ამოცანა კოპიტნარის აეროდრომზე დაგვისახეს. 8 აგვისტოს, დილას, სამ წყვილად, ექვსი მოიერიშე თვითმფრინავით უნდა გავფრენილიყავით ჯავა-ცხინვალის რაიონში, სადაც
მოწინააღმდეგის რამდენიმე სტაციონარული
სამიზნე უნდა დაგვებომბა, მათ შორის - იარაღის ერთ-ერთი დიდი საწყობიც, რომელიც ჩვენმა დაზვერვამ აღმოაჩინა.
დილის ექვსი საათისთვის საბრძოლო დავალებაზე გასაფრენად ექვსი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გამზადდა. მათგან ერთი - ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო, სამი კი "მიმინოს" მოდიფიკაციისა იყო.

თითოეული მოიერიშის შეიარაღება შედგებოდა ექვსი 500 კგ-იანი ОФАБ-500 ტიპის მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბისგან, ორი "ჰაერი-ჰაერი" კლასის Р-60 ტიპის რაკეტისა და 30 მმ-იანი შეწყვილებული საავიაციო ქვემეხის 250 ჭურვისგან. შიდა პილონებზე საწვავის ორი, 840-ლიტრიანი დამატებითი ავზი ჰქონდა ჩამოკიდებული.

აფრენის წინ რადიოეთერში სიჩუმეს ვიცავდით, რათა მოწინააღმდეგის რადიოელექტრონულ დაზვერვას ნაადრევად არ გაეგო, საბრძოლო დავალების შესრულებას რომ ვიწყებდით. ექვსიდან ერთ მოიერიშეს დააგვიანდა ძრავების გაშვება, რის გამოც მხოლოდ ხუთი თვითმფრინავი აფრინდა. სამი ორთვითმფრინავიანი წყვილით ფრენა აღარ გამოდიოდა, ამიტომაც ორადგილიანი მოიერიშე ჩვენს წყვილს "მოეკედლა" და გეზი ჯავისკენ ავიღეთ წინასწარ ცნობილი სტაციონარული სამიზნის დასაბომბად. მეორე წყვილის სამიზნე კი ცხინვალთან მდებარეობდა.

ამინდი ათბალიანი იყო, ღრუბლები 1 000-1 200 მ-ზე "დაცურავდნენ", რის გამოც მათ თავზე, 1,5-2 კმ სიმაღლეზე დაახლოებით 600 კმ/სთ სიჩქარით მივფრინავდით. დაახლოებით ქარელის თავზე სამეთაურო პუნქტიდან რაციით დაგვიკავშირდნენ და საბრძოლო ამოცანა შეგვიცვალეს.

- რატომ გახდა აუცილებელი ჰაერში საბრძოლო დავალების შეცვლა?

- მართვის პუნქტიდან ჩვენს წყვილს გადმოსცეს, რომ ჯავის სამხრეთით, გზაზე, აღმოჩნდა რუსული ჯავშანსატანკო კოლონა და იარაღის საწყობის ნაცვლად მისი დაბომბვა გვიბრძანეს.

- კი, მაგრამ ჯავშანკოლონის დასაბომბად მსხვრევად-ფუგასური ბომბების გამოყენება ხომ არცთუ ეფექტურია? ამისთვის ხომ ჯავშანგამტან უმართავ რაკეტებსა და კასეტურ კუმულაციურ ტანკსაწინააღმდეგო ბომბებს იყენებენ?

- რა თქმა უნდა, მსხვრევად-ფუგასური ბომბების ნამსხვრევები ნაკლებად დააზიანებდა მოწინააღმდეგის ტანკებისა და ჯავშანმანქანების ჯავშანს, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. თავიდანვე რომ გვცოდნოდა, ჯავშანსატანკო კოლონის დასაბომბად გავფრინდებოდით, მაშინ მოიერიშეების პილონებზეც, ალბათ, სხვა შეიარაღებას ჩამოვკიდებდით.

- მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო კოლონა ადვილად აღმოაჩინეთ?

- კოპიტნარიდან ჯავამდე მიფრენას ოციოდე წუთი დასჭირდა და გაგვიმართლა, რომ ღრუბლებში ხვრელი დაგვხვდა. ჩრდილოეთიდან "ჩავყვინთეთ" ღრუბლების ამ ხვრელში და დაახლოებით 300-400 მ სიმაღლეზე თავზე გადავუფრინეთ დიდ კოლონას, რომელშიც რამდენიმე ათეული ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი და სატვირთო ავტომობილი იყო. კოლონა ჯავიდან ცხინვალისკენ მოემართებოდა და უდავო იყო, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსული არმიის შენაერთი გახლდათ.

- ფუგასური ბომბები კოლონას მაშინვე დააყარეთ?

- არა, პირველი შესვლისას კოლონა აღმოვაჩინეთ, შემდეგ მარჯვნიდან მეორედD შემოვუფრინეთ, დავაზუსტეთ სამიზნე კოორდინატები და მხოლოდ მესამე საბრძოლო შესვლაზე სამმა მოიერიშემ 18 ცალი 500 კგ-იანი საავიაციო ბომბი დავაყარეთ რუსულ ჯავშანსატანკო კოლონას.

- ერთმანეთის მიყოლებით სამი საბრძოლო შესვლისას, რადგან მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგა, ხომ შეიძლებოდა, მოწინააღმდეგეს საზენიტო საშუალებები გამოეყენებინა?

- დიახ. თითოეული წრის შემოვლას 1,5-2 წუთს ვანდომებდით და ხუთიოდე წუთი საკმარისი იყო, რომ მათ საზენიტო "იგლები" მოემზადებინათ სასროლად, მაგრამ რაკი ჩვენ ჩრდილოეთიდან შევდიოდით, მათ, შეიძლება, თავდაპირველად თავისიანებიც კი ვეგონეთ.

- რა საბრძოლო დანაკარგი მიაყენა მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო კოლონას თქვენ მიერ ჩაყრილმა ბომბებმა?

- დაბომბვისთანავე ზენიტსაწინააღმდეგო მანევრები შევასრულეთ და არ გვქონდა იმის საშუალება, დაბომბვის შედეგების სანახავად მეოთხე წრე შემოგვევლო, თუმცა აეროდრომზე დაბრუნების შემდეგ შტაბიდან გვაცნობეს, რომ ჩვენი მუშაობით კმაყოფილი იყვნენ. სავარაუდოდ, დაბომბვის შედეგები იმ მიდამოებში ქართულმა სადაზვერვო ჯგუფმა დააფიქსირა.
სხვათა შორის, მოგვიანებით Yოუტობე-ზე აღმოვაჩინე მიწიდან მობილური ტელეფონებით გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც ჩემი მოიერიშე დაბალ სიმაღლეზე გადადის რუსული ჯავშანსატანკო კოლონის თავზე და მას ბომბავს...

- მეორე წყვილმა როგორ შეასრულა საბრძოლო დავალება?

- მათ თავიდანვე დასახული სამიზნე დაბომბეს, თუმცა ერთი მოიერიშის შეიარაღებამ ვერ იმუშავა, ბომბები არ ჩამოცვივდა და პილოტი აეროდრომზე ბომბებიანად დაბრუნდა, მეორე მოიერიშემ კი ცხინვალთან, სტაციონარული სამიზნისკენ, ექვსი 500 კგ-იანი ბომბი დაუშვა.

- ბაზირების აეროდრომზე უდანაკარგოდ დაბრუნდით?

- ხუთივე მოიერიშე დანაკარგის გარეშე, უპრობლემოდ დაბრუნდა კოპიტნარის აეროდრომზე და მაშინვე განმეორებითი გაფრენისთვის დაიწყო მზადება - საწვავის ჩასხმა და შეიარაღების ჩამოკიდება, მაგრამ ამ დროს შტაბიდან მოვიდა ბრძანება, თვითმფრინავები აეროდრომზე გადაგვემალა და შეგვენიღბა. ასეც მოვიქეცით. მოგვიანებით კოპიტნარის აეროდრომი რუსულმა შორი მოქმედების რაკეტმზიდმა ბომბდამშენებმა - Ту-22М3-ებმა "ხალიჩისებურად" დაბომბეს, თუმცა ჩვენი Су-25-ები არ დაზიანებულა.

- როდესაც თქვენ განმეორებითი საბრძოლო გაფრენისთვის გამზადებდნენ, 8 აგვისტოს, 11 საათისთვის, სოფელ მეღვრეკისიდან ცხინვალის თავზე, 2-3 კმ სიმაღლეზე, ორკილიანი თვითმფრინავები, სავარაუდოდ, რუსული Миг-29 ტიპის გამანადგურებლები შევამჩნიე. გექნებოდათ გადარჩენის შანსი, თუკი განმეორებითი საბრძოლო გაფრენის დროს ცაში თქვენს მოიერიშეებს რუსული გამანადგურებლები დაუპირისპირდებოდნენ?

- საჰაერო ბრძოლებისთვის ჩვენი Су-25-ებიც მზად იყო. მათ "ჰაერი-ჰაერი" კლასის Р-60 ტიპის ორი მართვადი რაკეტა ჰქონდა დამონტაჟებული, მაგრამ იმის გამო, რომ ეს მოიერიშე არ არის აღჭურვილი საჰაერო სამიზნეების აღმომჩენი საბორტე რადიოლოკატორით, რუსული Миг-29-ები, რა თქმა უნდა, უფრო მალე აღმოგვაჩენდნენ და ალბათ, ჩამოგვყრიდნენ კიდეც.

- აგვისტოს ომის ხუთივე დღის განმავლობაში რუსული მასმედია გახარებული წერდა ქართული Су-25-ების ჩამოყრის შესახებ, თუმცა ცხინვალის რეგიონში ჩამოგდებული სამი და დაზიანებული ოთხი Су-25 რუსული აღმოჩნდა, ისევე, როგორც ერთი Ту-22М3 და ორი საფრონტე ბომბდამშენი Су-24М, თუმცა ამ ორის დაკარგვას რუსეთის გენშტაბი დღემდე არ აღიარებს...
- ჩვენმა მოიერიშეებმა მხოლოდ ერთხელ, 8 აგვისტოს დილას, განახორციელეს საბრძოლო გაფრენა, ასე რომ, სხვა დღეებში ვერ ჩამოგვყრიდნენ, თუმცა იმ ერთმა ჩვენმა დაბომბვამაც რუს სამხედროებსა და ოს სეპარატისტებზე დიდი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. როგორც ამბობენ, შიშს დიდი თვალები აქვს. მას შემდეგ, სადაც რუსული Су-25 გამოჩნდებოდა, ქართული ეგონათ და მიწიდან ყველა იარაღს - პისტოლეტს, ავტომატს, ტყვიამფრქვევს, ყუმბარსატყორცნს თუ "იგლას" ესროდნენ. რამდენჯერმე რუსული Су-25-ების პილოტებს თავიანთი ჯავშანკოლონები ქართულად მოეჩვენათ და რუსი მედესანტეების ბე-ემ-დეები დაბომბეს.
სამი ჩამოგდებული რუსული Су-25-დან ორი მაინც თვითონ რუსებმა და ოსებმა ჩამოყარეს, ერთი კატაპულტირებული რუსი პილოტი კი პარაშუტით დაშვებისას ავტომატით დაცხრილეს...
ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ რუსული გამანადგურებლების ან საზენიტო რაკეტების გვეშინოდა. ჯარისკაცები ვიყავით და ბრძანების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ ჰაერში კვლავ ავფრინდებოდით, მაგრამ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მოიერიშეებს მეტი საბრძოლო გაფრენა აღარ განეხორციელებინათ.

ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი ერთ-ერთია იმ სამხედრო მფრინავთაგან, რომელთა შემდგომი საფრენოსნო კარიერა სათუოა, რადგან მიღებულია გადაწყვეტილება ქართული Су-25-ების თანდათანობით დაკონსერვების შესახებ, რასაც კაპიტალური რემონტისთვის საჭირო თანხების უქონლობით ხსნიან. გამოხდება ხანი და დაკონსერვებულ მოიერიშეებს რომელიმე კერძო კომპანია იაფად შეიძენს, გაარემონტებს და დიდი მოგებით გაყიდის, სულაც ჩვენს ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში, ქართული სამხედრო ავიაციის მზე კი საბოლოოდ ჩაესვენება...

ჩვენი დოსიე


მსხვრევად-ფუგასური ОФАБ-500 ტიპის საავიაციო ბომბის სიგრძე 2,3 მ-ია, დიამეტრი - 40 სმ. ბომბის სრული მასა 515 კგ-ია. ამ მასის ნაწილი - 159 კგ - ასაფეთქებელ ნივთიერებაზე მოდის.
lasha77
21 თებერვალი 2017 11:12
AGSDEG SAKARTVELO!!!
baia
06 თებერვალი 2017 11:09
მიზანმიმართულად ხდება ამ ქვეყნის გაპარტახება, რა ევროპაში ფრენა, ქვეყანაში ფეოდალურ მონათმფლობელური რეჟიმი ყვავის, ეგვიპტის მონები ვართ რა, უფასოდ რო გვამუშავებენ, გვძარცვავენ და გვთელავენ, რომ ამბობთ ხალხისთვის არავინააო, იცით რომ ეს ხალხია სწორედ ქვეყანა და სწორედ ადამიანია სახელმწიფოს შემადგენელი და უმთავრესი სუბიექტი? ქვეყანაა ხალხი, და ამ ქვეყანას ამიტომ უტირეს დედა რომ არ აწყობთ მასონებისგან მართულ სამყაროს და ჩვენ მარიონეტ ათეისტებს ქვეყნის არსებობა, ამიტომ რა პროცესებიც მოხდა და იგეგმება არის გამანადგურებელი სწორედ ჩვენი. გაიგეთ, ზვიადის მერე 3 ეშმაკი მოვიდა და სამივემ გაანადგურა და ანადგურებს საქართველოს.
დათო
27 იანვარი 2017 16:07
აღმოაჩინეთ? რას ამბობთ როგორ მოახერხეთ ამ უკიდეგანო ქვეყანაში.
ჯიჯი
25 იანვარი 2017 19:03
რეზო–ს

რა დაბოლებაზე ლაპარაკობ? ხომ მოფრინდნენ ერთხელ, 8–ში, დილით და ჯავისკენ ჩამყარეს ბომბები (მიზანს როგორ მოხვდა, ეგ სხვა თემაა), ეგ იყო და ეგ! თუ იქ იყავი მაგ დროს, თვითონაც ნახავდი (ყველამ ნახა)! სხვა თუ რამე იცი, ჩვენც გვითხარი რა, დალოცვილო (დასამალიც რაღაა)! თუ არა და კლავიატურით ხელში თუ ქილიკობ... ყოჩაღ! ნუ დაგავიწყდება, რომ რასაც შენ გულისხმობ (მავანთა უგერგილობას) მაგის გარდა, კიდევ ბევრ ადამიანს (მებრძოლს) ეხება ეს ყველაფერი, რომლებიც, მთელი შეგნებით იდგნენ სიკვდილის პირისპირ (ბევრი დაიღუპა კიდეც)! თუ მფრინავებზე შაყირობ, ისიც იცოდე, რომ ყველა მფრინავი (ზოგადად) დაბადებიდან გმირია!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?