რისთვის ემზადება 18 წლის ქართული არმია? - კვირის პალიტრა

რისთვის ემზადება 18 წლის ქართული არმია?

საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი საზრუნავი ავღანეთის მისიაში მონაწილეობა ხდება მაშინ, როდესაც მტერი საზღვრებს შიგნითაა...

30 აპრილს ქართული არმია შექმნიდან 18 წლისთავს აღნიშნავს. ეს არც ისე მცირე დროა, რომ გაგვერკვია, რა სახის და ტიპის შეიარაღებულ ძალებს ვქმნიდით და რა უნდა ყოფილიყო მისი მთავარი მიზანი.

მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 18 წლისთავზეც გაურკვეველი გვრჩება ჩვენი შეიარაღებული ძალების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები.

ამ სტატიის ავტორი 1992 წლის 1-ლი სექტემბრიდან თითქმის ათი წელი მსახურობდა საქართველოს სამხედრო ძალებში (როგორც შეიარაღებულ, ისე შინაგან ჯარებში) და მისთვის, ისევე როგორც ათასობით პატრიოტისთვის, სულერთი ნამდვილად არ არის დღეს ქართული არმიის მდგომარეობა.

აფხაზეთის ომის დროს, შექმნის პროცესში მყოფი ქართული არმია, თავიდანვე პოზიციურ ბრძოლებში აღმოჩნდა ჩათრეული როგორც მდ. გუმისთის მარცხენა სანაპიროზე, ისე ოჩამჩირის ფრონტზე. ამ პოზიციურმა ბრძოლებმა თითქმის წელიწადს გასტანა, რასაც ტკივილიანი უკან დახევა მოჰყვა.

ვარდიკო ნადიბაიძემ, თავისი 4-წლიანი მინისტრობის დროს, მოახერხა - არმიას წვერი გააპარსვინა და ყაზარმებში შეიყვანა.

დავით თევზაძის მინისტრობის დროს ქართულ ჯარში პატრიოტული განწყობა დაბრუნდა, თუმცა საგრძნობლად მცირე ბიუჯეტმა და კორუფციამ მშიერი და ფორმაგაცვეთილი ქართველი ჯარისკაცის იმიჯი შექმნა საზოგადოებაში.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსულმა თავდაცვის მინისტრებმა 2004 წელს ელვისებურად ჩაანაცვლეს ერთმანეთი - თევზაძის ადგილზე ბეჟუაშვილი მოვიდა, ორიოდ თვეში მისი ადგილი ბარამიძემ დაიკავა. წლის ბოლოს კი შეიარაღებული ძალების სადავეები ოქრუაშვილმა ჩაიგდო ხელში.

ბუჟუაშვილისა და ბარამიძის მინისტრობისას ცხადად თუ აშკარად მიმდინარეობდა მაღალჩინოსანი სამხედროების ჯარიდან გაყრის პროცესი, რაც ოქრუაშვილმა დაასრულა. ვერ გეტყვით, რომ ყველა სამხედრო იმსახურებდა ჯარში დარჩენას (მით უმეტეს, იმ კორუფციის გათვალისწინებით, რაც მაშინ სუფევდა არმიაში), მაგრამ არმიიდან დაუმსახურებლად დაითხოვეს საბრძოლო გამოცდილების მქონე ის ოფიცრები, რომლებიც ასე გვაკლდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთთან ომში...

ოქრუაშვილის ორწლიანი მინისტრობის დროს შეიარაღებული ძალების დაფინანსება თითქმის 20-ჯერ გაიზარდა, რაც მართლაც ფანტასტიკურად ჩანდა და, წესით, აღფრთოვანების საფუძველს უნდა იძლეოდეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თევზაძის დროს არმიაში არსებული კორუფციის შემთხვევები ოქრუაშვილის გუნდმა 20-ჯერ კი არა, 100-ჯერ გადაფარა. მისი მომაკვდინებელი შედეგები აგვისტოს ომშიც გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილი წელიწად-ნახევარში აღარ იყო მინისტრი.

კეზერაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, ანუ კეზერაშვილი და მერაბიშვილი მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ და ერთმანეთს ისე არ შეჭამდნენ, როგორც თავის დროზე თევზაძე და თარგამაძე, ოქრუაშვილი და მერაბიშვილი.

მაგრამ აგვისტოს ომის დროს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის კოორდინირებული მოქმედებები (თუნდაც თავდაცვის კავშირგაბმულობის გამოსაძახებელი შიფრების გადაუცემლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირეებისთვის) თითქმის არ არსებობდა, რამაც თავისი როლი ითამაშა დამარცხებაში.

სიხარულიძე თავდაცვის სამინისტროში ერთგვარი თანამედროვე დასავლური ყაიდის მინისტრის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რაც მისასალმებელი იყო თუნდაც ჟურნალისტებთან ურთიერთობაში, მაგრამ თავიდანვე ჩანდა, რომ დედის გინებით მართვად არმიაში ასეთ მინისტრს ძალიან გაუჭირდებოდა.

ასეც მოხდა, რაშიც დამაჩქარებლის ფუნქცია მუხროვანში 2009 წლის 5 მაისს მომხდარმა დაუმორჩილებლობამაც ითამაშა.

ახალაიამ, რომელიც სიხარულიძის მოადგილე გახლდათ და თავიდანვე დაუპირისპირდა გაერთიანებული შტაბის უფროს ჩაჩიბაიას, თავდაცვის სამინისტროში მისვლისთანავე მკაცრი პოლიტიკის გატარება დაიწყო, რომელიც დამყარებული იყო ერთგული სამხედროების (ალბათ ნაციონალური მოძრაობის ერთგული) დატოვებაზე, ხოლო დანარჩენების (ვისაც ოდესმე აუგი, მით უმეტეს, აგვისტოს ომის შემდეგ, წამოსცდენია ხელისუფლებაზე) სხვადასხვა მიზეზით შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნაზე.

ამ სახით გამოხშირვამ არმია, არცთუ ცოტა პროფესიონალი სამხედროს გარეშე დატოვა, რომლებსაც საქართველოსთვის რთულ პერიოდში ჯერ კიდევ შეეძლოთ რამდენიმე წელი ემსახურათ და საბრძოლო გამოცდილება ახალგაზრდა ოფიცრებისთვის გაეზიარებინათ...

დღეს ქართული არმია კვლავ ჩაკეტილია როგორც ჟურნალისტებისთვის (არ ვგულისხმობთ ხელისუფლების ერთგულ და მართვად რამდენიმე ტელევიზიას), ისე საზოგადოებისთვის, რაც ათასნაირ ჭორს აჩენს მოსახლეობაში.

მათ შორის იმასაც, რომ დღეს არმიის დანაყოფები თითქოს ძირითადად ემზადებიან, დაეხმარონ შსს-ს სპეცდანიშნულების დანაყოფებს მასობრივი არეულობების ჩასახშობად.

იმედს ვიტოვებთ, რომ საარმიო დანაყოფებს არასოდეს გამოიყენებენ მომიტინგეთა დასარბევად, თორემ ეს ქართული არმიის იმიჯს საზოგადოებაში საბოლოოდ დაასამარებს, მით უმეტეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამ მხრივ ქართულ ჯარზე შეხედულება მოსახლეობაში მნიშვნელოვნად შეილახა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი საზრუნავი ავღანეთში IშAF-ის ოპერაციაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მუდმივი უზრუნველყოფა და მისი რიცხოვნების ზრდაა.

ეს მით უმეტეს გასაკვირი და გასაოცარია, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები თბილისიდან 50 კმ-ში დგანან და საქართველოს პრეზიდენტის არაერთი განცხადებით, ჯერ კიდევ რჩება რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის განახლების საშიშროება.

ასეთ დროს ათასამდე ქართველი სამხედროს 2000 კმ-ის დაშორებით, ავღანეთში გაგზავნა ან სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური შეცდომაა (ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დასაწყისში 2000 ქართველი სამხედროს ათასი კმ-ის დაშორებით ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთში ყოფნა), ან რუსი ოკუპანტები სულაც არ აპირებენ თბილისისთვის შემოტევის დაწყებას და საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ზაფრავს მოსახლეობას, რათა წმინდა პოლიტიკურ-სოციალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს.

"კვირის პალიტრა" ულოცავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 18 წლის იუბილეს და უსურვებს იმ გამარჯვებას, რომელიც სულსა და გულს ასე მოსწყურდა...