ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს... - კვირის პალიტრა

ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს...

დასავლეთის გავლენიანი პოლიტიკოსებისა თუ ჩინოსნების დაპირებები, ისევე როგორც აღშფოთება-შეშფოთებები საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ჩანს, უკვე ნერვებს უშლის, მით უმეტეს, იმის გახსენება, თუ როგორ შეატოვეს მარტოდმარტო 2008 წლის აგვისტოში რუსულ ტანკებს მთელი საქართველო.

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაოფიციალურ მინისტერიალზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკვე მერამდენედ, დაზეპირებულივით გაიმეორა, - საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან NATO-ს წევრები, როგორც ეს ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე ითქვა, მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები საამისოდ მზად იქნებიანო...

დღეს, როდესაც საქართველოს თავისი 925 მებრძოლი შორეულ ავღანეთში NATO-ს დასახმარებლად ჰყავს გაგზავნილი, როდესაც კვლავ დღის წესრიგში დგას რუსული სამხედრო აგრესიის გაგრძელების საშიშროება, ალიანსის გენერალური მდივნის დაზეპირებული სიტყვები გაოცებას (სხვა სიტყვა რომ არ ვიხმაროთ) იწვევს.

როგორია, ათასამდე ქართველი სამხედრო მზადაა ავღანეთში სისხლის დასაღვრელად, ხოლო მათმა სამშობლომ იმდენი ვერ დაიმსახურა, რომ რუსეთის სამხედრო ოკუპაციისა და აგრესიის წინაშე მარტო დარჩენილს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რეალურად დაუჭიროს მხარი?! გენერალური მდივნის მიერ გამეორებული ფრაზა იმითაც იწვევს გაოცებას, რომ უკრაინას კვლავ ჰპირდება ალიანსში მიღებას.

ნუთუ NATO-ს ხელმძღვანელობა ვერ ხვდება, რომ რეალობა უკრაინაში კარდინალურად შეიცვალა და უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, იანუკოვიჩმა ქვეყანა რუსეთისკენ 180 გრადუსით მიატრიალა? უახლოეს წლებში, სანამ უკრაინის სათავეში პრორუსული ძალები იქნებიან, უკრაინა აღარ გახდება NATO-ს წევრი, თუნდ ახლა თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყელის გამოწევით ეხვეწოს კიევს.

რჩება მარტო საქართველო, რომლის NATO-ში გაწევრება ძალიან ბუნდოვანი და უახლოეს წლებში არარეალურიც ხდება, რადგან რუსეთის დასავლეთზე გავლენის ფაქტორი კი არ მცირდება, არამედ პირიქით, იზრდება.

ამაზე მეტყველებს თავად ალიანსის გენერალური მდივნის შეთავაზება, რომელიც მოსკოვს სთხოვს, ჩაერთოს ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის შექმნის პროცესში. როგორ გგონიათ, როდესაც NATO-ს ხელმძღვანელობა კრემლს სთავაზობს ერთობლივ სერიოზულ პროექტში ჩართვას, არ გაითვალისწინებს მოსკოვის კატეგორიულ მოთხოვნას, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ NATO-ში?!