ამერიკელი პრეზიდენტები და საქართველოს უსაფრთხოება... - კვირის პალიტრა

ამერიკელი პრეზიდენტები და საქართველოს უსაფრთხოება...

თუკი ტრამპმა და პუტინმა ერთმანეთს ვერ "გაუგეს", მაშინ შეიძლება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი რონალდ რეიგანზე აქტიური მოწინააღმდეგე გახდეს კრემლის მზარდი პოლიტიკური ამბიციებისა და "შეშფოთება-აღშფოთების" ნაცვლად, საქართველოსთვის რეალური უსაფრთხოების "ქოლგის" გადმოფარების ინიციატორად იქცეს...

ქართველი საზოგადოება დიდი ხანია, აკვირდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს და ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში იმედს არ კარგავს. ასეა 1992 წლიდან, როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ თბილისში დაბრუნებულ ედუარდ შევარდნაძეს მოსახლეობის ნაწილი დიდი იმედით დახვდა - შევარდნაძე ხომ პირადად იცნობდა მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის - აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უფროსს, რასაც უნდა გაეადვილებინა დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და რუსეთის გავლენისგან გათავისუფლება.

შევარდნაძის საერთაშორისო კავშირებმა წარმატება მართლაც მოიტანა, მაგრამ სასწაული არ მოხდა - აფხაზეთის ომში ჩათრეული საქართველოსთვის არც ბებერ ევროპას ეცალა და არც ერთადერთ ზესახელმწიფოდ დარჩენილ აშშ-ს. ისინი გამარჯვებას ზეიმობდნენ - მათ მოიგეს ცივი ომი და დაშალეს "ბოროტების იმპერია", საბჭოთა კავშირი!

შეიძლებოდა შევარდნაძე - ბუში-უფროსის მეგობრობის იმედი კიდევ გვქონოდა, მაგრამ 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "რესპუბლიკელები" დამარცხდნენ და აშშ-ის სათავეში დემოკრატი ბილ კლინტონი მოვიდა, თანაც ორი საპრეზიდენტო ვადით - 2000 წლის ბოლომდე.

კლინტონის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტად იქცა იუგოსლავიის დაშლა და არა - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება, რადგან ეიფორიაში მყოფ დასავლეთს ეგონა, რომ ჩეჩნეთის ომის ჭაობში ჩაფლული ბახუსის მოყვარული ელცინის რუსეთი ფეხზე ვეღარასდროს წამოდგებოდა.

სწორედ გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში გაუშვა ხელიდან აშშ-მაც და ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმაც საუკეთესო შანსი, გაძლიერებულიყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, შავი ზღვის აუზსა და სამხრეთ კავკასიაშიც კი. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თეთრ სახლში "რესპუბლიკელები" დაბრუნდნენ. პრეზიდენტად ჯორჯ ბუში-უმცროსის არჩევამ საქართველოში აშშ-ის დახმარების იმედი კვლავ გააცოცხლა, რადგან რეიგანის პრეზიდენტობიდან მოყოლებული, "რესპუბლიკელები", დემოკრატებისგან განსხვავებით, მეზობელი ქვეყნებისადმი კრემლის დამპყრობლურ პოლიტიკას უფრო კრიტიკულად უდგებოდნენ.

2003 წლის ბოლოს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსვლამ (ასევე ძალისმიერი მეთოდებით) და 2004 წლის შემოდგომაზე ჯორჯ ბუში-უმცროსის აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამ, ერთი შეხედვით, საქართველოს მისცა ისტორიული შანსი, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს მხარდაჭერით თავისი ტერიტორიული მთლიანობაც აღედგინა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლაც ეცადა.

სწორედ ამას ელოდა საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი, მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სამწუხაროდ, მივიღეთ საშვილიშვილო პრობლემა ოკუპირებული ტერიტორიების სახით და რუსული სამხედრო აგრესიის გაგრძელების მუდმივი საფრთხე.

იმედია, ისტორია ადრე თუ გვიან გასცემს პასუხს კითხვას, რატომ მოხდა ასე - რუსეთის ხელისუფლებამ მოატყუა პრეზიდენტი სააკაშვილი (სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედების აღდგენის პროცესში ჩაურევლობის პირობით), თუ აშშ-ის ხელისუფლების ზოგიერთმა შტომ წააქეზა სააკაშვილის ხელისუფლება, რათა დაჰკვირვებოდნენ და გაეანალიზებინათ რუსეთის ხელისუფლებისა და არმიის მოქმედების ტაქტიკა? ომის მძიმე დღეებგამოვლილ საქართველოს მოქალაქეებს კი აშშ-ის ხელისუფლებაც და ევროპაც თავიანთი ფუჭი "შეშფოთება-აღშფოთებით" დაამახსოვრდათ.

თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ შეიძლება სწორედ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის მკაცრმა პოზიციამ შეაჩერა რუსული ტანკები თბილისის მისადგომებთან.

2008 წელს აშშ-ის პრეზიდენტი გახდა დემოკრატი ბარაქ ობამა, რომელმაც საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დისტანციური ურთიერთობა არჩია. ობამა პუტინთან საერთაშორისო ურთიერთობების "გადატვირთვის" პოლიტიკის დაწყებას აპირებდა და არ უნდოდა, ამაში პატარა საქართველოს თავისი პატარა პრობლემებით (თეთრი სახლის გადმოსახედიდან) ხელი შეეშალა.

მართალია, 2012 წლის დასაწყისში პრეზიდენტებმა ობამამ და სააკაშვილმა ხელი მოაწერეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც დიდ იმედს გვიჩენდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ორი ქვეყნის თანამშრომლობაში (თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში) კარდინალურ დადებით ცვლილებაზე ხუთი წლის შემდეგაც ვერაფერს ვიტყვით.

და აი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, რომელიც მთელ პლანეტას აქამდე არსებული წესების რადიკალურად შეცვლით ემუქრება.

გასაგებია პრეზიდენტ ტრამპის სურვილი, სწრაფად შეცვალოს ბიუროკრატიით დაავადებული აშშ-ის სახელისუფლებო სტრუქტურები, მაგრამ როგორ საგარეო პოლიტიკას აირჩევს ის, განსაკუთრებით - საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებთან ურთიერთობისას?

ერთი რამ ცხადია - პრეზიდენტ ტრამპისთვის უმთავრესი იქნება ურთიერთობის მოგვარება რუს კოლეგასთან და ამ დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების საკითხი არათუ მეათე ან მეასე ხარისხის იქნება, შეიძლება არც კი განიხილებოდეს.

თუმცა აქ მიმალულია ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსი - თუკი ტრამპმა და პუტინმა ერთმანეთს ვერ "გაუგეს" (რაც საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთსაწინააღმდეგო სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით მოსალოდნელიც კია), მაშინ შეიძლება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი რონალდ რეიგანზე აქტიური მოწინააღმდეგე გახდეს კრემლის მზარდი პოლიტიკური ამბიციებისა და "შეშფოთება-აღშფოთების" ნაცვლად საქართველოსთვის რეალური უსაფრთხოების "ქოლგის" გადმოფარების (რაც არც მოისურვეს და ვერც გაბედეს კლინტონმა და ობამამ, რომ აღარაფერი ვთქვათ მამა-შვილ ბუშზე) ინიციატორად იქცეს...