თურქეთი რუსეთს სირიისკენ საჰაერო დერეფანს უხსნის? - კვირის პალიტრა

თურქეთი რუსეთს სირიისკენ საჰაერო დერეფანს უხსნის?

მოსალოდნელია, ანკარამ თურქეთის საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ჯერ მხოლოდ სამგზავრო და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს მისცეს, თუმცა მოგვიანებით თურქულ ცაში არც ტრანზიტით მფრენი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების, "ტუ"-ების, გამოჩენა გამოირიცხება

რუსულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ანკარა მოსკოვს რუსეთ-სირიის და საპირისპირო მიმართულებით ფრენის დროს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საფრენი აპარატების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დაუბრკოლებლად გადაადგილების უფლებას მისცემს.

ამ ერთი შეხედვით უინტერესო ინფორმაციის მიღმა სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება იმალება, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს შავი ზღვის აუზში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერების გეგმებზეც და საქართველოს ინტერესებზეც.

რას მოიგებს მოსკოვი იმით, რომ ანკარამ შავი ზღვიდან თურქეთის გავლით სირიაში გადაფრენის უფლება მისცეს რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს? უპირველესად - ოპერატიულობას, რადგან აქამდე რუსულ თვითმფრინავებს სირიაში ჰმეიმის აეროდრომამდე ჩასაფრენად უზარმაზარი წრის შემოვლა უწევდათ ჩრდილო კავკასია-კასპიის ზღვა-ირანი-ერაყი-სირიის საჰაერო მარშრუტის გავლით, რასაც 4-5 საათი მაინც სჭირდებოდა, თურქეთის საჰაერო გზის გავლით კი ეს დრო ნახევრდება.

მეორე - რუსული სამხედრო თვითმფრინავები 2-3-ჯერ ნაკლებ საწვავს დახარჯავენ და ძრავების მოტორესურსიც დაეზოგებათ.

და მესამე - უმთავრესი მიზეზი: მაშინ, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის ფედერაციასთან უკვე, ფაქტობრივად, ახალი ცივი ომის მდგომარეობაშია (შავი და ბალტიის ზღვების თავზე ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში რუსული "სუები" და ალიანსის "ევროფაიტერები" ერთმანეთს უკვე სახიფათო მანძილზე უახლოვდებიან), მისმა ერთ-ერთმა წევრმა - თურქეთმა შეიძლება საჰაერო სივრცე დაუთმოს რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიდა სიმტკიცეზე არ მეტყველებს.

12 იანვარს რუსეთისა და თურქეთის გენერალურმა შტაბებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს, რომელმაც უნდა გამორიცხოს საჰაერო ინციდენტები სირიის ცაში რუსული და თურქული საბრძოლო ავიაციის მოქმედებების დროს.

2015 წლის 24 ნოემბერს სირია-თურქეთის საზღვრის თავზე თურქულმა გამანადგურებელმა რუსული საფრონტო ბომბდამშენი ჩამოაგდო, რამაც მოსკოვსა და ანკარას შორის პოლიტიკური ურთიერთობა დაძაბა, მაგრამ 2016 წლის 27 ივნისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მოულოდნელად (მანამდე, თვეების განმავლობაში, ის გამუდმებით მიუთითებდა რუსული ბომბდამშენის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე) სინანული გამოთქვა რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო, რითაც ირიბად ბოდიშიც მოიხადა, რასაც თურქეთის ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვდა პრეზიდენტი პუტინი.

ახალი წლის შემდეგ რუსულმა "სუ"-ებმა და თურქულმა "ფანტომებმა" რამდენიმე ერთობლივი დაბომბვაც კი განახორციელეს სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ, რაც რუსული და თურქული გენერალიტეტის "ჩახუტებაზე" (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე) მიუთითებს.

მოსალოდნელია, რომ ანკარამ თურქეთის საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ჯერ მხოლოდ სამგზავრო და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს მისცეს, თუმცა, მოგვიანებით, თურქულ ცაში არც ტრანზიტით მფრენი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების, "ტუ"-ების გამოჩენა გამოირიცხება.

რუსეთ-თურქეთის სწრაფი სამხედრო-პოლიტიკური დაახლოება უკვე ძალზე საეჭვოს ხდის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესაძლებლობას, ოპერატიულად გადმოისროლოს მძიმე ჯავშანტექნიკა ქართულ პორტებში.

არადა, ბოლო ორი წელია, ალიანსი აღმოსავლეთ ევროპიდან ქართულ პოლიგონებზე ქვეითთა საბრძოლო მანქანების, "ბრედლებისა" და "აბრამსის" ტანკების გადმოსროლა-უკან დაბრუნებაში ვარჯიშობს და ამას წელსაც აპირებს.