კონგოს ქართველი ტყვე - კვირის პალიტრა

კონგოს ქართველი ტყვე

კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში, სხვა საფრენ აპარატებთან ერთად, ექვსი დამრტყმელი Ми-24 და ოთხი Су-25 მოიერიშე ირიცხებოდა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, მთაგორიან რაიონში, 27 იანვარს ამ ქვეყნის ორმა Ми-24 ტიპის დამრტყმელმა შვეულმფრენმა ავარია განიცადა.

ეს ინფორმაცია ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართველი მკითხველისთვის, რომ არა მთავარი გარემოება - ერთ-ერთ "მფრინავ ნიანგს" ჩვენი თანამემამულე მართავდა.

ბელგიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 იანვრის დილას კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში გაფრინდა მეამბოხეთა ჯგუფის აღმოსაჩენად.

ორივე შვეულმფრენი ტყით დაფარული მთაგორიანი რელიეფის გასწვრივ დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც მათ ხმელეთიდან ცეცხლი გაუხსნეს. ერთი შვეულმფრენი მკვეთრი ანტისაზენიტო მანევრის დროს კუდის ხრახნით ხეებს წამოედო და მიწაზე დაენარცხა. დაახლოებით ანალოგიურ ვითარებაში განიცადა ავარია მეორე შვეულმფრენმაც, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მათი ჩამოგდება მაინც საბრძოლო დაზიანებებმა გამოიწვია.

თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩამოგდებულ შვეულმფრენებს რუსები მართავდნენ, თუმცა მალევე დაზუსტდა, რომ შვეულმფრენების ეკიპაჟებში ბელორუსები და ქართველები იყვნენ.

სამხრეთაფრიკული წყაროს თანახმად, 27 იანვრის საღამოს ორმა საძიებო შვეულმფრენმა, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მანდატით მოქმედ სამხრეთაფრიკულ სამშვიდობო ძალებს (MONUSCO) ეკუთვნოდნენ, ავარიის ადგილიდან ის ხუთი დაზარალებული გაიყვანა, რომლებიც "ბელორუსულ" შვეულმფრენში ისხდნენ.

იმავე სამხრეთაფრიკული წყაროს მტკიცებით, მეორე ავარიაგანცდილ "ქართულ" შვეულმფრენში მსხდომი ოთხი კაცი მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს და თითქოს მეორე დღეს დახვრიტეს.

თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, ამ შვეულმფრენის ქართველი პილოტი 4 თებერვალს (როდესაც ეს სტატია იწერებოდა), საბედნიეროდ, ცოცხალი იყო და ამბოხებულებს ტყვედ ჰყავდათ.

დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად, მეორე, "ბელორუსულად" წოდებული შვეულმფრენის პილოტიც შეიძლება საქართველოდან ყოფილიყო, რომლის ევაკუირება დაუბრკოლებლად მოხერხდა.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: როგორ, როდის და რამდენი ქართველი პილოტი მოხვდა შორეულ აფრიკაში?

ყველაფერი 2000-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს, როდესაც "თბილავიამშენმა" რამდენიმე Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი მიჰყიდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალებს. გაყიდულ საბრძოლო თვითმფრინავებს თბილისის საავიაციო ქარხნიდან კონგოში ტექნიკური სპეციალისტები და მფრინავ-გამომცდელებიც გაჰყვნენ, რათა ადგილობრივი სამხედროებისთვის ამ მრისხანე მოიერიშის საბრძოლო გამოყენება ესწავლებინათ.

იმ პერიოდში "კვირის პალიტრაში" სისტემატურად ვაქვეყნებდით ექსკლუზიურ მასალებს იმის შესახებ, თუ როგორ ასწავლიდნენ ქართველი სპეციალისტები კონგოელებს და რა ექსტრემალურ პირობებში უწევდათ მათ ცხოვრება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში.

იმ პერიოდიდან ჩამოყალიბდა ერთგვარი საქმიან-მეგობრული ურთიერთობა ქართველ სპეციალისტებსა და კონგოელ გენერლებს შორის.

მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, როდესაც ზოგიერთი სამხედრო მფრინავი აიძულეს, დაეტოვებინა შეიარაღებული ძალები, რასაც დაემატა საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების, როგორც ჯარების ცალკეული სახეობის გაუქმება, მოიერიშე თვითმფრინავების მფრინავებმა, როგორც კერძო პირებმა, კონგოში ნაცნობ გენერლებს ჩააკითხეს.

ომგამოვლილი და გამოცდილი ქართველი მფრინავები კონგოში დიდი პატივით მიიღეს და მეტ-ნაკლებად ღირსეული ჯამაგირიც დაუნიშნეს (ბევრად მეტი, ვიდრე ქართულ არმიაში ჰქონდათ).

ქართველი პილოტები მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიდნენ კონგოელ მფრინავებს, ხოლო რამდენიმე ქართველი საავიაციო ინჟინერი კი თვითმფრინავების ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფდა.

მოგვიანებით, უკვე 2014-2015 წლებში, როდესაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ექვსიოდე ქართული Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენის კაპიტალურად გარემონტებას არავინ აპირებდა და მათ ეკიპაჟებს ჰაერში აფრენის პერსპექტივა აღარ ექნებოდათ, რამდენიმე ქართველი პილოტი იძულებული გახდა, დაეტოვებინა შეიარაღებული ძალები და მეგობარ მფრინავებთან შორეულ კონგოში ეძებნა სამსახური.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია იმ ქართველი მფრინავების რიცხოვნობაც და ვინაობაც (ბევრთან მრავალწლიანი, ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან მოყოლებული მეგობრობაც კი გვაკავშირებს), მაგრამ მიზეზთა გამო (მათ შორის იმიტომაც, რომ მათ არ სურთ ამის გასაჯაროება), ბევრ დეტალზე ვერ ვისაუბრებთ.

პილოტის მომზადება მილიონები ჯდება, სამხედრო მფრინავის კი - ბევრად მეტი. ქართველი მფრინავების მომზადება საქართველოს ბიუჯეტს თავის დროზე ძალზე დიდი თანხა დაუჯდა, მაგრამ დღეს მათი განსჯის უფლება კონგოში თუ ავღანეთში სამსახურის გამო არავის აქვს, რადგან მათ პირდაპირ უთხრეს, ქართულ არმიას არ სჭირდებით, ისევე როგორც არ სჭირდება საბრძოლო ავიაცია, რომლის შენახვის საშუალება ქვეყანას თურმე არ აქვსო(?!)...

P.S. იმედია, კონგოელი ამბოხებულების ტყვეობიდან ქართველი პილოტის გამოხსნა მოხერხდება და ის მშვიდობიანად დაუბრუნდება თავის ოჯახსა და სამშობლოს.

ვინ ვის ებრძვის კონგოში...

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1960 წლამდე ბელგიის კოლონია იყო. 1971 წელს მას ზაირის რესპუბლიკა ეწოდა, თუმცა 1997 წლიდან ძველი სახელი დაუბრუნდა. ამჟამად კონგოში დაახლოებით 78 მლნ კაცი ცხოვრობს. ამ ქვეყანაში ურანის მსოფლიო მარაგის ნახევარზე მეტია. კონგოს შეიარაღებული ძალები ანტიპარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებენ კონგოელ მეამბოხეთა დაჯგუფება "23 მარტის მოძრაობასთან", რომელიც ტუტსის მოსახლეობის ინტერესებს იცავს. პარტიზანული ბრძოლები, ძირითადად, ჩრდილოეთ კივუს პროვინციის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ქართველი პილოტები მსოფლიოში

საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი სამხედრო მფრინავების ნახვა ავღანეთშიც შეიძლება, სადაც მათ, ძირითადად, სატრანსპორტო Ми-8 ტიპის შვეულმფრენებით გადააქვთ ტვირთები გაეროსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაკვეთით. ერთხანს ავღანეთში ის ქართული Ми-171-ც დაფრინავდა, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს ემსახურებოდა. საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებიდან წასულ შვეულმფრენების პილოტებს არაერთხელ ჩაუქრიათ თურქეთში ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრებიც.

ავიაკატასტროფა კინშასაში

2011 წლის 4 აპრილს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასის აეროპორტში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დაშვებისას კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია Georgian Airways-ის CRJ-100 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით იყო დაკომპლექტებული. დაიღუპა ეკიპაჟის 4 წევრი და 28 მგზავრი (მათ შორის გაეროს თანამშრომლები), გადარჩა მხოლოდ ერთი მგზავრი.