სომხეთი და ირანი ებრაული უპილოტოების ჩამოგდებაში ერთად ივარჯიშებენ?! - კვირის პალიტრა

სომხეთი და ირანი ებრაული უპილოტოების ჩამოგდებაში ერთად ივარჯიშებენ?!

დღეს ებრაული წარმოების Spike-ები სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო იარაღია

სომხეთსა და ირანს საერთო მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ისრაელის წარმოების უპილოტო სადაზვერვო და დამრტყმელი საფრენი აპარატების სახით. ისრაელის წარმოების უპილოტო თვითმფრინავებს არაერთი სადაზვერვო ფრენა განუხორციელებიათ ირანის საჰაერო სივრცეში ატომური და სარაკეტო ბაზების აღმოსაჩენად, რაც დღესაც ოფიციალური თეირანის თავის ტკივილია.

მართალია, ირანელი სამხედროების ხელში ისრაელის და ამერიკული წარმოების რამდენიმე ჩამოვარდნილი სადაზვერვო უპილოტო აპარატის ფრაგმენტები აღმოჩნდა, მაგრამ ირანის საჰაერო თავდაცვას მეტი ინფორმაციის მიღება სურს, თუ როგორ ებრძოლოს ეფექტურად ებრაული წარმოების თანამედროვე უპილოტოებს, მით უმეტეს, რომ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელს ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ბევრისთვის მოულოდნელად ამ საქმეში ირანელების მოკავშირედ მეზობელი სომხეთი იქცა, რომელმაც თანამედროვე ებრაული წარმოების უპილოტოებისა და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მთელი მრისხანება თავის თავზე იწვნია ერთი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯანის არმიამ ისრაელისგან ნაყიდი ეს შეიარაღება ძალიან შედეგიანად გამოიყენა მთიან ყარაბაღში.

უცხოურ მასმედიაში გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სომხეთმა გასული წლის აპრილში მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამოყენებული ებრაული წარმოების უპილოტოების ფრაგმენტები ირანელ სამხედროებს გადასცა დეტალურად შესასწავლად და მათ წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის ხერხების დასახვეწად.

რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ თებერვლის დასაწყისში თეირანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი თავის ირანელ კოლეგას, ჰოსეინ დეჰგანს შეხვდა.

ძალიან საინტერესო იყო ოფიციალური ვიზიტის დროს სომხეთის თავდაცვის მინისტრის მინიშნება, როდესაც მან განაცხადა, რომ სომხეთის არმია თანამედროვე შეიარაღებას, რუსეთის გარდა, პარტნიორი ქვეყნებისგანაც შეიძენს. ამით მან, სავარაუდოდ, დაინტერესება გამოხატა ირანული წარმოების თანამედროვე შეიარაღებით, რომლის ეფექტიანად გამოყენება შეიძლება მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანის არმიის ებრაული წარმოების უპილოტო სადაზვერვო და დამრტყმელი საფრენი აპარატების წინააღმდეგ.

გასული წლის აპრილის ოთხდღიან ომში მთიან ყარაბაღში ყველაზე მეტად თავი ისახელეს აზერბაიჯანის მიერ ისრაელში ნაყიდმა უპილოტო-კამიკაძემ, Harop-მა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადმა რაკეტებმა Spike-ებმა.

უპილოტო Harop-ს 6 საათის განმავლობაში შეუძლია საჰაერო დაზვერვის განხორციელება. როგორც კი სამიზნეს აღმოაჩენს, ოპერატორი დისტანციური მართვით მას სამიზნისკენ მიმართავს და აფეთქებს. ამ უპილოტო კამიკაძეებით აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში ოთხდღიანი ომის დროს სომხებს ორი შტაბი და ერთი ავტობუსი აუფეთქეს.

იმავე ბრძოლების დროს ტანკსაწინააღმდეგო მართვადმა რაკეტებმა, Spike-ებმა, კაპონირებში დაყენებული ათზე მეტი სომხური T-72 ტიპის ტანკი ზემოდან მოხვედრით გაანადგურა.

უდავოა, რომ დღეს ებრაული წარმოების Spike-ები სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო იარაღია. სხვათა შორის, ამ სტატიის ავტორი ჯერ კიდევ 1999 წელს რუმინეთში, ბუქარესტის საერთაშორისო საიარაღო გამოფენაზე, სადაც პირველად გავიტანეთ საქართველოში კონსტრუირებული შეიარაღების ნიმუშები, გაეცნო ებრაული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექს Spike-ს და საჭირო ინფორმაცია თბილისშიც ჩამოვიტანეთ, მაგრამ არც მაშინ და არც მოგვიანებით, არავინ დაინტერესებულა ამ მართლაც მაღალი საბრძოლო შესაძლებლობის სისტემით, რომელსაც მოწინააღმდეგის თითქმის ნებისმიერი ჯავშანტექნიკის განადგურება ზემოდან ზუსტად მოხვედრით შეუძლია.

სომხეთ-ირანის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებით უპირველესად, რა თქმა უნდა, ბაქოში შეშფოთდებიან, თუმცა მთლად აღფრთოვანებული, ალბათ, არც ვაშინგტონში დარჩებიან, რადგან ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ირანი კვლავ აშშ-ის მთავარ ოპონენტად გამოაცხადა...