აქვს კი NATO-ს ფული შავი ზღვისთვის? - კვირის პალიტრა

აქვს კი NATO-ს ფული შავი ზღვისთვის?

შავ ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ბევრი პრობლემა დაუდგება წინ

გასულ კვირას ბრიუსელში NATO-ს სამიტზე მიიღეს ორი გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება შავი ზღვის რეგიონს და გარკვეულწილად - საქართველოს მომავალსაც.

პირველი გადაწყეტილება ითვალისწინებს ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების ვიზიტების რიცხვის გაზრდას შავ ზღვაში, მეორე კი შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებსა და ალიანსის საზღვაო დაჯგუფებას შორის კოორდინაციის სისტემის შექმნას.

ბრიუსელში არ მალავენ, რომ შავ ზღვაში ალიანსის საზღვაო შესაძლებლობების გაზრდის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი შავი ზღვის ფლოტი, თუმცა ალიანსის ხელმძღვანელობას არ სურს, აღიაროს, რომ მისი რეაგირება დაგვიანებულია.

ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძირითადი დასაყრდენი შავ ზღვაში არის თურქეთი, რომლის საზღვაო ძლიერება ალიანსის კიდევ ორი წევრის - რუმინეთისა და ბულგარეთის საზღვაო ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა იმის გამო, რომ ანკარას მოსკოვთან კარგი ურთიერთობა აქვს, საეჭვოა, ჩრდილოატლანტიკურ ალიასს შავ ზღვაში გასაძლიერებლად თურქეთის სამხედრო ფლოტი გამოადგეს.

რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ისე გასაძლიერებლად, რომ ისინი როგორმე რუსეთის შავი ზღვის ფლოტს გაუტოლდნენ, NATOს ფული არა აქვს.

ბრიუსელში, NATO-ს სამიტზე, ამერიკულმა მხარემ ტყუილად როდი მოსთხოვა ალიანსის ევროპელ პარტნიორებს თავდაცვის ბიუჯეტების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზრდა მაინც, რათა ალიანსის დაფინანსება, ძირითადად, ისევ აშშ-ის ხარჯზე არ გაგრძელდეს.

შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურება, რა თქმა უნდა, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ძალიან კარგია, მაგრამ რჩება ეჭვი, რომ უახლოეს მომავალში ალიანსის ამ ინიციატივას განხორციელება არ უწერია, უპირველესად ფინანსების სიმწირის გამო.