ტუტსის ტომი ქართველ ტყვეში მილიონ დოლარს ითხოვს! - კვირის პალიტრა

ტუტსის ტომი ქართველ ტყვეში მილიონ დოლარს ითხოვს!

27 იანვარს კონგოში ჩამოვარდნილი Ми-24-ის პილოტის დაზიანებული კაბინა, რომელშიც სავარაუდოდ, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი იჯდა

ერთი თვე გავიდა, რაც კონგოში საქართველოს მოქალაქეების მიერ მართული ორი "მფრინავი ნიანგი" ჩამოვარდა.ერთი დაშავებული პილოტი სამშვიდობოზეა, მეორე ისევ ამბოხებულების ტყვეა...

27 თებერვალს ზუსტად ერთი თვე გახდა, რაც აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ავარია განიცადა კონგოს საჰაერო ძალების კუთვნილმა ორმა, Ми-24 ტიპის, დამრტყმელმა შვეულმფრენმა, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები მართავდნენ.

6-12 თებერვლის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში "კონგოს ქართველი ტყვე", ჩვენ შეგნებულად არ დავასახელეთ ამ პილოტების გვარები, გავითვალისწინეთ რა, მათი ახლობლების სურვილი. მაგრამ მას შემდეგ, რაც მასმედიაში მაინც გამჟღავნდა მათი ვინაობა, დასამალი აღარაფერია - კონგოურ "მფრინავ ნიანგებს" საქართველოს მოქალაქეები სოსო ოსორაული და ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მართავდნენ.

საავიაციო შემთხვევის შედეგად პლუჟნიკოვი დაშავდა, თუმცა ის კონგოს სამთავრობო ჯარების სამაშველო ჯგუფმა სამშვიდობოს გაიყვანა, ოსორაული კი, სამწუხაროდ, ტუტსის ტომის შეიარაღებულ ამბოხებულებს ჩაუვარდა ტყვედ, თუმცა მას მაინც გაუმართლა, რადგან ჩამოვარდნილ შვეულმფრენში მასთან ერთად მყოფი სამი ადამიანი მაშინვე დახვრიტეს.

სოსო ოსორაულსა და ვიაჩესლავ პლუჟნიკოვს საქართველოში მანამდეც იცნობდნენ.

სწორედ ვიცე-პოლკოვნიკი სოსო ოსორაული მეთაურობდა სენაკის იმ საშვეულმფრენო ესკადრილიას, რომლის Ми-24-ებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ოთხი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს ქართულ მიწაზე შემოჭრილი რუსული ჯავშანკოლონების წინააღმდეგ. ამ სტატიის ავტორს საკუთარი თვალით უნახავს სოფელ შერთულთან დამწვარი და აფეთქებული ორი სატვირთო "ურალი", რომლებიც რუსი მედესანტეების ნაღმსატყორცნების გათვლებს ეკუთვნოდა და რომლებიც საჰაერო შეტევის შედეგად სწორედ ოსორაულის ესკადრილიის "მფრინავმა ნიანგებმა" გაანადგურეს.

ვიაჩესლავ პლუჟნიკოვმა, რომელიც სოსო ოსორაულის ესკადრილიის მფრინავი იყო, სახელი არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც "გაითქვა", როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებამ საზეიმოდ განაცხადა "ენვერის" სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელების შესახებ.

2010 წლის შემოდგომაზე საქართველოს სპეცსამსახურებმა 15 ადამიანი დააკავეს, რომელთაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. მათ შორის ექვსი სამხედრო მფრინავიც იყო, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვის ჩათვლით. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათ ჯაშუშობის ბრალდება მოეხსნათ.

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი სამხედრო მფრინავები შორეულ კონგოში - საქართველოში მოიერიშე Су-25-ებისა და დამრტყმელი Ми-24-ების მფრინავების კარიერა უპერსპექტივო აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლებამ უარი თქვა ამ ტიპის საბრძოლო ტექნიკის შემდგომ ექსპლუატაციაზე შეიარაღებულ ძალებში და ეს პილოტებიც იძულებულნი გახდნენ, ოჯახების სარჩენად შორეულ ქვეყნებში, როგორც კერძო პირებს, ეძებათ მაღალანაზღაურებადი, მაგრამ ძალზე სახიფათო სამუშაო.

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, კონგოელი ამბოხებულები ტყვედ აყვანილი ქართველი პილოტის გათავისუფლების სანაცვლოდ ერთ მილიონ დოლარსა და კონგოს მთავრობის მიერ დაპატიმრებულ ამბოხებულთა გენერლის ციხიდან გამოშვებას ითხოვენ.

მოლაპარაკებებს კონგოს ხელისუფლების წარმომადგენლები აწარმოებენ. მათ მუდმივად უკავშირდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა დიპლომატიური გზებით შედეგი ძნელად მიიღწევა.

ტუტსის ტომის ამბოხებულები, რომლებიც "23 მარტის მოძრაობის" შეიარაღებულ დაჯგუფებას წარმოადგენენ, 2012 წლიდან ებრძვიან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას და გამოირჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით. ქართველ მფრინავს ისინი, სავარაუდოდ, სამხედრო ტყვედ მიიჩნევენ, რადგან ის საბრძოლო, შეიარაღებულ შვეულმფრენს მართავდა (შვეულმფრენი სატვირთო ან სამგზავრო რომ ყოფილიყო, მოლაპარაკებისას შეიძლებოდა სხვა ვარიანტების განხილვაც), ამიტომაც მას ადვილად არ შეელევიან.

ნებისმიერი ქვეყნის ვალია საზღვარგარეთ გასაჭირში ჩავარდნილი საკუთარი მოქალაქეების გადარჩენა, თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში საქმე უფრო რთულადაა, რადგან ტყვე ქართველ პილოტს ამბოხებულები კონგოს ხელისუფლების მხარეზე მებრძოლად აღიქვამენ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას იქ ოფიციალურად არ მიუვლენია.

ასეთ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ ორია - ან აკმაყოფილებენ ამბოხებულების მოთხოვნებს, ან ტარდება სპეცოპერაცია ტყვის გამოსახსნელად. მეორე ვარიანტის განხორციელება ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობით კონგოს ჯუნგლებში - ზღაპარია, თუმცა არ არის გამორიცხული, კონგოს სამთავრობო ძალებს ჰქონდეთ ასეთი ჩანაფიქრი.

შედარებით უმტკივნეულო და რეალური ვარიანტია გამოსასყიდის გადახდა, მაგრამ ვინ გადაიხდის მილიონ დოლარს? კონგოს ხელისუფლება? საეჭვოა, ოფიციალურმა კინშასამ მილიონი დოლარით გააძლიეროს მის წინააღმდეგ მებრძოლი ტუტსის რაზმები. საქართველოს ხელისუფლება? საზოგადობის ნაწილი მაშინვე გააპროტესტებს, მართალია, საქართველოს მოქალაქის, მაგრამ უცხო ქვეყანაში საკუთარი სურვილით წასული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის გამოსახსნელად ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონი დოლარის გადახდას, მიუხედავად იმისა, რომ ეს პილოტი აგვისტოს ომში სამშობლოს თავს სწირავდა...

ჩვენი დოსიე: "მფრინავი ნიანგების" ქართული ეპოპეა

Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენები ქართული არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა 1992 წლის გაზაფხულზე, როდესაც იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა მეგობარი რუსი გენერლებისგან ცხინვალის შვეულმფრენების პოლკის ექვსი "მფრინავი ნიანგი" იყიდა. ეროვნული გვარდიის მფრინავების გადამზადება ამ საბრძოლო შვეულმფრენებზე მიმდინარეობდა თელავის აეროდრომზე, რუსი ინტრუქტორების დახმარებით.

უკვე ქართული "მფრინავი ნიანგების" ჯგუფი პოლკოვნიკ ჯიმი მაისურაძის მეთაურობით ბრძოლებში აფხაზეთის ომის დაწყების პირველივე დღეს, 1992 წლის 14 აგვისტოს, ჩაერთო.

აფხაზეთის ომში ქართულმა დამრტყმელმა შვეულმფრენებმა რამდენიმე ათეული საბრძოლო გაფრენა განახორციელეს და მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზიანიც მიაყენეს. სამწუხაროდ, ამ ომის დროს სამი Ми-24 დავკარგეთ. გმირულად დაიღუპნენ გოგი კვესაძის, ჯიმი მაისურაძისა და აბაქარ მაგომედოვის ეკიპაჟები.

2005-2007 წლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დამატებით შევიძინეთ Ми-24-ების რამდენიმე ერთეული. ინტენსიური გახდა ამ დამრტყმელ შვეულმფრენებზე მფრენი ეკიპაჟების მომზადების პროცესი არა მარტო დღისით, არამედ ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენისთვისაც. თუმცა, 2007 წლის 12 მარტს, გამთენიისას დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა ქართულმა  Ми-24-მა, რომელიც კოდორის ხეობის დაბომბვის გამო სენაკისკენ ღამით გაუშვეს. ეკიპაჟის სამივე წევრი (გიორგი ლონდარიძე, გაგა ტყემალაძე და სერგო ღვალაძე) სამწუხაროდ, დაიღუპნენ.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული "მფრინავი ნიანგების" ესკადრილიამ ოთხი საბრძოლო გაფრენა უდანაკარგოდ შეასრულა. თუმცა სენაკის სამხედრო ბაზაზე შესულმა რუსმა მედესანტეებმა ორი ასეთი, არასაფრენ მდგომარეობაში მყოფი შვეულმფრენი, აეროდრომზე დაწვეს.

2013 წლიდან მოყოლებული, Ми-24-ების საბრძოლო მდგომარეობაში შენარჩუნება გაჭირდა, რაც რუსეთის წარმოებული სათადარიგო ნაწილების მოპოვების პრობლემასთანაც იყო დაკავშირებული, თუმცა არც შეიარაღებული ძალების სარდლობა იჩენდა მათ მიმართ დიდ ყურადღებას. დღეს ექვსივე ქართული Ми-24 დაკონსერვებულია და მათ, ალბათ, აღარც მოუწევთ ქართულ ცაში განავარდება, თუმცა, არ არის გამორიცხული, სხვა ქვეყნის შეიარაღებაში აღმოჩნდნენ.