NATO-ს სანაპირო დაცვის ბაზა ფოთთან?! - კვირის პალიტრა

NATO-ს სანაპირო დაცვის ბაზა ფოთთან?!

რამდენად რეალურია, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავი ზღვის რეგიონში გაძლიერების მიზნით საქართველოს სანაპიროზე სამხედრო ბაზა გახსნას?

გასულ კვირას საქართველოს ორი დღით ოფიციალურად ესტუმრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტი, რაც უდავოდ უნდა გახდეს წინ გადადგმული ნაბიჯი NATO-სთან დაახლოების პროცესში.

ალიანსის სამხედრო კომიტეტის გენერლები დაინტერესდნენ ქართული არმიის განვითარების პროცესით, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მუშაობით, ავღანეთში "მჭიდრო მხარდაჭერის" მისიისთვის ქართველი სამხედროების მომზადების დონითა და სხვა საკითხებით.

თუმცა ყველაზე აქტუალური ამ ეტაპზე ის არის, თუ როგორ აპირებს NATO შავი ზღვის რეგიონში გაძლიერებას და ამისთვის რა შეიძლება მას შესთავაზოს საქართველომ.

ალიანსის სამხედრო კომიტეტის სტუმრობამდე ცოტა ხნით ადრე მასმედიაში გავრცელდა საქართველოს გენშტაბის უფროსის, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ შავ ზღვაში NATO-ს ოპერატიული გაძლიერების ერთ-ერთი გზა ალიანსის სამხედრო ხომალდების უფრო ხშირი სტუმრობა შეიძლება გახდეს, მაგრამ მონტროს კონვენცია შემაფერხებელ როლს თამაშობს. მეორე გამოსავალია, ალიანსმა საქართველოსა და უკრაინის ფლოტები გააძლიეროს, რასაც დიდი თანხა სჭირდება, ან, მაგალითად, დააარსოს სანაპირო დაცვის ბაზა საქართველოს სანაპირო ზოლზე, ფოთის პორტთან, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

გენშტაბის უფროსის ამ კომენტარმა გაგვახსენა ჩვენი სტატია სათაურით "NATO -რუსეთის დაპირისპირება შავ ზღვაში გადმოდის", რომელიც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" მარტის ნომერში დაიბეჭდა და რომელშიც ვამბობდით: "კიდევ ერთი გამოსავალია, თუ NATO დაეხმარება საქართველოსა და უკრაინას სამხედრო-საზღვაო ფლოტების შექმნა-გაძლიერებაში (რაც ასევე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული), ან სულაც, მაგალითად, საქართველოს სანაპირო ზოლზე (იმავე ფოთის სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო პორტის სიახლოვეს), თავის სანაპირო დაცვის ბაზას დააფუძნებს..."

ერთი მხრივ, სასიამოვნოა, თუკი ჩვენი მოსაზრება ემთხვევა გენშტაბის ხელმძღვანელობის აზრს, თუმცა, საინტერესოა, შევთავაზეთ თუ არა იგივე თბილისში მყოფ ალიანსის სამხედრო კომიტეტის გენერლებს და რამდენად რეალურია, ალიანსის 28-ვე წევრი ქვეყანა დათანხმდეს ქართულ სანაპიროზე ალიანსის დროშის აფრიალებას?

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძლიერება ის არის, რომ მსოფლიოს 28 ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს, თუმცა ეს მისი სისუსტეც არის, რადგან, მაგალითად, პუტინის რუსეთისგან განსხვავებით, ერთპიროვნული და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება უჭირს.

ალიანსის წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის - გერმანიამ, იტალიამ თუ საფრანგეთმა, არაერთხელ შეაფერხა საქართველოს ალიანსთან დაახლოების პროცესი რუსეთისთვის ანგარიშის გაწევის გამო, საპასუხოდ კი მიიღეს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია, უკრაინის ყირიმის ანექსია, დონბასში სისხლისმღვრელი ომები (რაც შეიძლება ბებერ ევროპაში ნაკლებად აღელვებდეთ) და რაც მთავარია, საშიში პერსპექტივა, რომ პუტინის რუსეთის "მადა" მათ საზღვრებსაც მიადგება...

აგვისტოს ომის დროს ფოთის პორტში რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს 45-ე სპეციალური დანიშნულების პოლკის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების შეჭრა შემთხვევითი არ ყოფილა. მათ, გარდა იმისა, რომ ფოთის სამხედრო პორტში ააფეთქეს და ჩაძირეს რამდენიმე ქართული სამხედრო და სასაზღვრო კატარღა, "გაინავარდეს" საზღვაო პორტშიც (იქიდან ალაფის სახით წაღებული ამერიკული არმიის კუთვნილი "ჰამერები" არაერთი თხოვნა-მოთხოვნის მიუხედავად, მოსკოვს ვაშინგტონისთვის დღემდე არ დაუბრუნებია) და ძალები მოსინჯეს, როგორ ჩაეკეტათ საქართველოს ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი.

თუკი რუსეთი კვლავ მოისურვებს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამოვლენას, მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება თბილისი-გორის მონაკვეთზე საავტომობილო და სარკინიგზო გზების ბლოკირება და ფოთის პორტზე კონტროლის დაწესება.

ფოთის პორტზე რუსული სამხედრო აგრესია შეიძლება განხორციელდეს როგორც ხმელეთიდან (ოკუპირებული გალის რაიონიდან), ისე - საშვეულმფრენო და საზღვაო დესანტის გამოყენებით.

საზღვაო დესანტის გადასასხმელად რუსეთის შავი ზღვის ფლოტს დღეს მეტი საბრძოლო შესაძლებლობა აქვს, რაც ყირიმის ნახევარკუნძულის რამდენიმე დღეში ოკუპაციითაც დაამტკიცა.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტთან გაშლილ ზღვაში შებრძოლება უტოპიაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს სამხედრო ფლოტი არ ჰყავს, ხოლო სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კატარღების ტყვიამფრქვევების (ისიც ყველას არ აქვს) სროლას რუსული ფრეგატებიდან ვერც კი შეამჩნევენ.

იმ შემთხვევაში, როდესაც ზღვაზე ძალები არათანაბარია, ლოგიკური იქნებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის ფოთის საზღვაო პორტის დაცვაზე ხმელეთიდან გვეფიქრა, ანუ სანაპირო დაცვის საარტილერიო და სარაკეტო სისტემების საშუალებით.

სხვათა შორის, 21-ე საუკუნის მიჯნაზე მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ფოთის პორტის სიახლოვეს ჩეხეთში ახალნაყიდი "დანას" ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები დააყენა, რომლებსაც, ზალპური ცეცხლის "გრადებთან" ერთად, მეტ-ნაკლები წარმატებით შეეძლოთ რუსული საზღვაო დესანტის შესაძლო გადმოსხმის ოპერაციის ჩაშლა.

ქართულ არტილერიას დღესაც შეუძლია სანაპირო დაცვის ფუნქციის ნაწილობრივ შესრულება, მაგრამ ვაზიანიდან და ხონიდან ფოთამდე მათ გადასროლას დრო სჭირდება (თბილისი-გორის საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთების ჩაკეტვის შემთხვევაში ვაზიანის არტილერიის სწრაფად გადასროლა ვერც მოხერხდება), კრიტიკულ სიტუაციაში კი დრო არ გვექნება.

ოპტიმალური გამოსავალია, წინასწარ მოეწყოს სანაპირო დაცვის ობიექტები, რომლებიც საზღვაო დესანტირების საშიშროებას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ამ საქმეში NATO-ს დახმარება მისწრება იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის, რომელიც შავი ზღვის რეგიონში გაძლიერებისთვის მზადყოფნას აცხადებს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს სანაპიროზე სანაპირო დაცვის ბაზის შექმნით ალიანსს აღარ დაემუქრება მონტროს კონვენციის (რომელიც არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს 21 დღე-ღამეზე მეტხანს შავ ზღვაში ცურვას უკრძალავს) დარღვევის საფრთხე.

ჩვენი დოსიე: რაკეტები სანაპიროს დასაცავად

სანაპირო დაცვის ნორვეგიული ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა NSM-ი 344 კგ-ს იწონის და 120 კგ მასის საბრძოლო ქობინით ნაპირიდან მაქსიმალურ 185 კმ სიშორეზე შეუძლია დააზიანოს მოწინააღმდეგის ხომალდი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი Pპოლონეთი სწორედ ამ რაკეტებით აპირებს თავისი სანაპიროს დაცვას ბალტიის ზღვაში რუსეთის შესაძლო საზღვაო აგრესიისგან.