"დიდგორები" მოდიან?! - კვირის პალიტრა

"დიდგორები" მოდიან?!

ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანმანქანებით, ნაღმსატყორცნებითა და, რაც მთავარია, ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით ხომ მაინც შეგვიძლია ჩვენი არმიის აღჭურვა?

ამ სტატიას რომ ვწერდი, გამახსენდა "პალიტრამედიის" მიერ წამოწყებული კომპანია: "იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა". ეს სამხედრო სფეროსაც ეხება. ხელისუფლებამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა საქართველოში წარმოებული პროდუქციით იმპორტი ჩავანაცვლოთ, ხოლო თუკი ეროვნული წარმოების პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტსაც შევძლებთ, ამას რა აჯობებს.

ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" შეუძლია როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შექმნა და სერიული წარმოება, რომლებიც ქართული არმიის აღჭურვისა და შეიარაღებისთვის გამოდგება და ასევე, სამოქალაქო ბაზარსაც დააკმაყოფილებს.

მიუხედავად იმისა, რომ "დელტა" თავდაცვის სამინისტროს სსიპ-ია, მისი პოტენციალის გამოყენება ძალზე მცირე მასშტაბით ხდებოდა. ამას წინა წლებში ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა, მათ შორის - პირადული დაპირისპირებაც, რაც საერთო საქმეს აფუჭებდა.

ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია "დელტას" ესტუმრნენ და მის პოტენციალს გაეცნენ. ასეთი სტუმრობები "დელტას" არც წინა თავდაცვის მინისტრების დროს დაჰკლებია, მაგრამ ახლა გაჩნდა იმედი, რომ თავდაცვის სამინისტრო უფრო ეფექტურად გამოიყენებს "დელტას" შესაძლებლობებს, ხოლო გენშტაბი ზუსტად და დროულად ჩამოაყალიბებს თავის ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს "დელტას" მომავალი პროდუქციისთვის.

გენშტაბის უფროსმა გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განგვიცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ "დიდგორებს" გენშტაბი ერთ კონკრეტულ საბრძოლო დანაყოფში მოუყრის თავს და მის საცდელ ექსპლუატაციას დაიწყებს. წლების განმავლობაში სწორედ ამის შესახებ ვწერდით, ვამბობდით, რომ "დელტას" საამქროში მტვრის დადებას, ჯობდა, "დიდგორები" დანაყოფებში გაგვეგზავნა, სადაც გამოჩნდებოდა მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, ეს კი მათი მოდერნიზაციისთვის საჭირო რეკომენდაციების საფუძველი გახდებოდა.

გენშტაბი ასევე აპირებს, "დელტას" დროთა განმავლობაში შეუკვეთოს ჯავშანმანქანები სადაზვერვო, კავშირგაბმულობა-მართვისა და სამედიცინო-საევაკუაციო ამოცანების შესასრულებლად, ანუ სწორედ ის სამხედრო პროდუქცია, რომელიც "დელტამ" რამდენიმე ეგზემპლარის სახით უკვე დაამზადა, ხოლო რამდენიმე ათეული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა საუდის არაბეთშიც გაყიდა.

ქართულ არმიაში საბრძოლო ავიაციისა და სამხედრო კატარღების მზე ჩაესვენა, რასაც ხელისუფლება უსახსრობით ხსნის, მაგრამ ადგილობრივი წარმოების, სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანმანქანებით, ნაღმსატყორცნებითა და, რაც მთავარია, ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით ხომ მაინც შეგვიძლია ჩვენი არმიის აღჭურვა?

გასულ წელს, მიუხედავად დაპირისპირებისა, თავდაცვის სამინისტრომ "დელტას" რამდენიმე ათასი (რაოდენობას არ დავაზუსტებთ) ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი შეუკვეთა, რომლებიც ჩვენს სამხედროებს ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმატებით იცავდა. ეს პროგრამა გასაგრძელებელია, რადგან ჯავშანჟილეტისა და ჩაფხუტის კომპოზიციური მასალის საგარანტიო ვადა 5-7 წელია და ქართული არმიის სხვა საბრძოლო დანაყოფების პირადი შემადგენლობის ქართული წარმოების ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით აღჭურვა საშური საქმეა.

მეორე მხრივ, როდესაც უცხოელი გენერლები თუნდაც ავღანეთში ხედავენ, რომ ქართული სამხედრო კონტინგენტი ეროვნული წარმოების ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით არის შემოსილი, რომელთა დაცვის ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება ამერიკულსა თუ ევროპულს, მის შეძენაზეც შეიძლება დაფიქრდნენ.

თუკი ქართული არმია, ასევე სხვა ძალოვანი სტრუქტურები, ეროვნული წარმოების პროდუქციას გამოიყენებენ, ეს, ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას წაადგება და, ამასთან, გაზრდის ამ პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობებს, რადგან ყველა უპირველესად იმას უყურებს, თვითონ თუ იყენებ იმ პროდუქტს, რომლის გაყიდვასაც საზღვარგარეთ ცდილობ.

თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს - არ შეიძლება, რაღაც მხოლოდ იმიტომ იყიდო, რომ სამამულო წარმოებისაა, მან კი სათანადოდ ვერ დაიცვას ჯარისკაცის უსაფრთხოება.

საჭიროა, თავდაცვის სამინისტრომ და გენშტაბმა, ასევე, სხვა ძალოვანმა სტრუქტურებმა, კარგი ანალიზის შემდეგ განსაზღვრონ, რისი შეკვეთა შეიძლება "დელტასთვის" იმ პროდუქციიდან, რომელთა შესყიდვა საზღვარგარეთ ხდება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში "დელტამ" ორმაგი დანიშნულების პროდუქტით ქვეყნის ბიუჯეტს ეკონომიკური ზარალი 60-70 მლნ ლარით შეუმცირა. ლაპარაკია სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე, რომლის არქონისას, 2014 წელს, სეტყვამ კახეთში 78 ათასზე მეტ ჰექტარზე გაანადგურა მოსავალი და ეკონომიკურმა ზარალმა 87 მლნ ლარს გადააჭარბა.

2015 წელს, როდესაც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ამოქმედდა, 50 სეტყვასაშიში პროცესიდან 47-ის განეიტრალება მოხერხდა, დაისეტყვა მხოლოდ 7,5 ათასი ჰექტარი, ზარალი კი 24 მლნ ლარამდე შემცირდა. 2016 წელს სეტყვით მიყენებული ზარალი კიდევ უფრო - 11 მლნ ლარამდე შემცირდა, რაც "დელტას" მიერ გაშვებული 1 300-მდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტის დამსახურებაა.

საჭიროების შემთხვევაში "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყენებაც შეიძლება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ჯავშანჟილეტები - სამხედროებისთვის.