ორი აღლუმი ერთ თვეში?! - კვირის პალიტრა

ორი აღლუმი ერთ თვეში?!

შსს-ს პოლიციის დღე გიორგობას, 6 მაისს გადმოაქვს და განსხვავებულ აღლუმს გეგმავს...

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩატარება-არჩატარების საკითხის გამო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ყოველდღიურად იძაბება სიტუაცია.

სანამ ისინი არკვევენ, უნდა ჩაიაროს თუ არა 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ჯავშანტექნიკამ და საარტილერიო დანადგარებმა, 20 დღით ადრე, 6 მაისს, გიორგობას, კახეთის გზატკეცილზე, მე-8 პოლკის ყოფილ დასახლებასთან, შსს-ს ახალ შუშის შენობასთან პოლიციის გრანდიოზული აღლუმი გაიმართება.

დაგეგმილია, რომ აღლუმში თითქმის 4 ათასამდე შსს-ს თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა თავად აღლუმის სცენარი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება მანამდელთაგან.

პოლიციის აღლუმი ორი ნაწილისგან იქნება შემდგარი. პოლიციელთა ნაწილი შენობის გარშემო უძრავად იდგება, მეორე ნაწილი კი შენობას მარცხნიდან და მარჯვნიდან მიუახლოვდება და მერაბიშვილის "შუშის ციტადელის" წინ ნახევარმთვარის ფორმით შეერთდება.

დაგეგმილია, რომ პოლიციის შენობის წინ ერთმანეთის მონაცვლეობით განლაგდებიან ჯავშან და სპეცტექნიკა, ასევე სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები, პატრული, განსაკუთრებულ დავალებათა, სპეციალური ოპერაციების, კონსტიტუციური უსაფრთხოების და შსს-ს სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები.

ჯერ შენობას მიუახლოვდებიან თურქული წარმოების "ეჯდერის" ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, შემდეგ ისრაელიდან ჩამოტანილი ჯავშანმანქანები - "მგლები" გამოჩნდებიან, მათ უკან პატრულის გერმანული "ფოლქსვაგენები" დადგებიან, პატრულს ზურგს გაუმაგრებენ "კობრას" ტიპის ჯავშანავტომობილები თავიანთი ეკიპაჟებით, სულ ბოლოს აღლუმს იაპონურ "ტოიოტა ჰაი ლუქსის" პიკაპებზე ამხედრებული პოლიციელები ჩაკეტავენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, ქართული პოლიციის დღე წლების განმავლობაში 10 ნოემბერს, საბჭოთა მილიციის დღეს აღინიშნებოდა.

რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, რომ ქართული პოლიცია პროფესიონალური დღესასწაულის აღსანიშნავად სხვა დღეს ირჩევს, თუმცა, ძნელი სათქმელია, რატომ მაინცდამაინც გიორგობას.

პოლიციელები სამხედროებთან ერთად ვაზიანის აეროდრომზე გადიან მომზადებას, ოღონდ სხვადასხვა აღლუმისათვის, რამაც საზოგადოების ნაწილში გაავრცელა ჭორი - ისინი აეროდრომზე სწავლობდნენ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მომიტინგეების დარბევასო.

რეალურად ვაზიანის აეროდრომზე ორი აღლუმისთვის მიმდინარეობს სწავლება, თუმცა საკითხავია, რა საჭიროა ერთ თვეში ორი აღლუმი? ან კიდევ, აქვს საქართველოს საქმე სააღლუმოდ?