რუსული C-300-ების ალყაში
20-03-2017
რუსული C-300-ების ალყაში
C-300-ების გალის რაიონში დისლოცირების შემთხვევაში რუსეთი შეძლებს, 175-200 კმ რადიუსში განახორციელოს დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილის, მათ შორის - ფოთის სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო პორტის საჰაერო სივრცის სრული რადიოლოკაციური კონტროლი

რუსეთის გენშტაბს ოკუპირებული აფხაზეთიდან C-300-ებით დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის აღმოსავლეთის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა შეუძლია.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მორიგი დივიზიონი შეიყვანა. ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოსაა და ამას ადასტურებს გავრცელებული ვიდეო და ფოტოკადრები, რომლებზეც C-300-ებით
დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობა რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისკენ მიემართება და გუდაუთის რკინიგზის სადგურში იცლება.

მოსკოვმა C-300-ები პირველად აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის შემოდგომაზე გადმოისროლა ოკუპირებულ აფხაზეთში. მას შემდეგ რუსული საზენიტო-სარაკეტო პოლკის ორი დივიზიონი გუდაუთასა და აგუძერაშია განთავსებული. თითოეული დივიზიონის შემადგენლობაში რვა ერთეული გამშვები საზენიტო-სარაკეტო დანადგარია.

რუსეთში მიმდინარე
არნახული მილიტარიზაციის პროცესის დროს ორდივიზიონიანი სტრუქტურის საზენიტო-სარაკეტო პოლკებს მესამე დივიზიონით აძლიერებენ და სავარაუდოდ, ესეც არის C-300-ების ოკუპირებულ აფხაზეთში გადმოსროლის ერთ-ერთი მიზეზი.
10 მარტს გუდაუთაში ჩამოტვირთული საზენიტო დანადგარები, სავარაუდოდ, შედარებით მოძველებული C-300ПС მოდიფიკაციისაა; ისინი მანამდე რუსეთის სამხრეთში იდგნენ მორიგეობაზე და თანამედროვე C-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემით ჩანაცვლების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში გადმოისროლეს.

მოსალოდნელია, რომ C-300-ების მესამე დივიზიონის რვა საზენიტო დანადგარი თავის რადიოლოკატორებთან, სამეთაურო პუნქტსა და სხვა დამხმარე მანქანებთან ერთად, ოჩამჩირის ან სულაც - გალის რაიონში განათავსოს რუსეთის გენშტაბმა.
მათი გალის რაიონში დისლოცირების შემთხვევაში რუსეთი შეძლებს, 175-200 კმ რადიუსში განახორციელოს დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილის, მათ შორის - ფოთის სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო პორტის საჰაერო სივრცის სრული რადიოლოკაციური კონტროლი.

უშუალოდ C-300ПС-დან გაშვებული საზენიტო რაკეტების მაქსიმალური სიშორე მართალია, მხოლოდ 75 კმ-ს აღწევს, მაგრამ მოდერნიზებული C-300GМУ-1-ის საზენიტო რაკეტების გამოყენების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ორჯერ - 150 კმ-მდე იზრდება.
რატომ აძლიერებს რუსეთი თავის საზენიტო შესაძლებლობებს მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქართული არმიის შეიარაღებიდან, ფაქტობრივად, მოიხსნა Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები და Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენები?

როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მოსკოვის მთავარი მიზანი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე საჰაერო სივრცის კონტროლის გაძლიერება უფროა, ვიდრე ქართული "მიმინოების" სავარაუდო საჰაერო თავდასხმის შიში.
რუსული C-300-ების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემოტანა, ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოს ომის შემდგომ ვივარაუდეთ და ვთქვით, რომ გალიდან რუსული C-300-ები ნატო-ს წევრი თურქეთის საჰაერო სივრცეშიც "შეიჭვრიტებოდნენ", თუმცა დღეს, როდესაც ანკარა და რუსეთი ერთმანეთს ისე "ჩაეხუტნენ", რომ რუსეთი თანამედროვე საზენიტო C-400-ების მიყიდვასაც კი აპირებს თურქეთისთვის, კრემლის მთავარი გათვლა შავ ზღვაში ნატო-ს გაძლიერებისთვის ხელის შეშლაა.

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან - C-400-ებით, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან C-300-ებით რუს მეზენიტეებს შავი ზღვის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილების თავზე საჰაერო სივრცის სრულად გაკონტროლება შეეძლებათ სანაპირო ზოლიდან ზღვის სიღრმეში 200-300 კმ-ით, რაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ბევრ ახალ პრობლემას შეუქმნის.

ირაკლი ალადაშვილი
Jemala
15 მაისი 2017 23:48
Arc ruseti da arc nato ar iklavs tavs hvenze poligonad ar gvakcion is aris sanerviulo
ზაზა
03 აპრილი 2017 23:02
ბატონო პანტელეიმონ რუსეთი თავის თავისთვის ზრუნავს,არც ამერიკა იხურებს თავს მაინცადამაინც ჩვენი დაცვისათვის,ამიტომ საკუთარ თავს თავად უნდა მივხედოთ,ვეძებოთ და ვიპოვნოთ სწორი გამოსავალი არსებული სიტაციიდან უმტკივნეულოდ გამოსასვლელად.
gocha
25 მარტი 2017 15:45
როდის უნდა დაიწყონ გამოძიება აფხაზეთის ომზე? ძალიან გვაინტერესებს, თუმცა ყველამ ვიცით ვინც ჩააბარა აფხაზეთი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება 1992-93 წლის აფხაზეთის ომზე

რედაქტორის რჩევით