5 წელი 50 დღეში გააბათილეს... - კვირის პალიტრა

5 წელი 50 დღეში გააბათილეს...

ახალმა პრეზიდენტმა 7 კვირაში უკრაინა რუსეთისკენ მთლიანად მიატრიალა და სევასტოპოლის სამხედრო პორტი, ნავთობკომპანია, თვითმფრინავთმშენებლობა კრემლის გავლენის ქვეშ მოაქცია...

უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციიდან სულ რაღაც 50 დღეში სიტუაცია აღმოსავლეთ ევროპაში კარდინალურად შეიცვალა.

ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში ცდილობდა, უკრაინა როგორმე დასავლეთთან დაეახლოებინა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაეწევრებინა...

თუმცა მის შემცვლელს შვიდიოდე კვირა დასჭირდა, რომ უკრაინა 180 გრადუსით მარჯვნივ, აღმოსავლეთისაკენ შემოეტრიალებინა და ისევ კრემლის ბრჭყალებში მოექცია.

ამ მცირე დროში უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა გააუქმა ის ინსტიტუტები, რომლებიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების დასაჩქარებლად იყო შექმნილი.

დღეს უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა NATO-ს წევრი აღარ გახდება უახლოესი 5 წლის განმავლობაში და ალბათ არც შემდგომში...

NATO-სკენ საქართველოსთან ერთად უკრაინის მხარდამხარ სვლის მარათონი დასრულდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ საქართველოს მარტო მოუწევს სიარული, რაც ბევრად რთული პროცესი იქნება და ეს პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია.

სევასტოპოლის სამხედრო ბაზის კიდევ 25 წლით (2042 წლამდე) რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის იჯარის გაგრძელებით უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა სტრატეგიული მნიშვნელობის კოზირი მისცა კრემლს.

მართალია, ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ სევასტოპოლში რუსული სამხედრო ფლოტის დარჩენის შემდეგ, მოსკოვი ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გაფართოებას, მაგრამ ასე არ არის.

სევასტოპოლის ბაზის ფაქტობრივად დასაკუთრების მიუხედავად, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების სანაპირო დაცვის სამმართველო ოჩამჩირეში მაინც განათავსებს სასაზღვრო დანიშნულების კატარღების დივიზიონს და ანაკლიის ჩათვლით გააკონტროლებს ოკუპირებულ ქართულ სანაპირო ზოლს.

სხვათა შორის, მოსკოვმა საქვეყნოდ გააფრთხილა უკრაინელები, თუკი სევასტოპოლის ბაზასთან დაკავშირებული ხელშეკრულების შეჩერებას მოინდომებთ, ვალის სახით დაგეკისრებათ ის მილიონობით დოლარი, რომელსაც მოწოდებული გაზის საფასურიდან დაგიქვითავთო.

ამავე დროს, რუსულმა "გაზპრომმა", რომელიც პუტინის "შვილობილია", ფაქტობრივად ჩაყლაპა უკრაინული სახელმწიფო "ნაფტოგაზი", რაც კომენტარს აღარ საჭიროებს.

მოსკოვმა თვალი ანტონოვის სახელობის ცნობილ საავიაციო ფირმასაც დაადგა. ისევ გაზის ტარიფის შემცირების სანაცვლოდ ანტონოვის ფირმის აქციების 50%-ს პლუს ერთი აქცია შეიძლება რუსეთის გაერთიანებულმა ავიამშენებელმა კორპორაციამ მიიღოს, რის შემდეგაც ის უკრაინის თვითმფრინავთმშენებლობის დარგზე სრულ ფინანსურ გავლენას მოიპოვებს.

სულ რაღაც სამიოდ თვეში კრემლმა საოცრად სწრაფი ტემპით მოახდინა უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო "ოკუპირება".

ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ დასავლეთი ევროპა გულგრილი დარჩა უკრაინის ბედით, ხოლო აშშ-ის დემოკრატი ხელისუფლება მეტისმეტად უფრთხის კრემლთან "გადატვირთვის" პროგრამის ჩაშლას...

საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისთვის სერიოზული დარტყმაა უკრაინის პოლიტიკის ევროპულიდან პრორუსულად ასე თვალის დახამხამებაში შემობრუნება, უკრაინიდან სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მოწოდება უკვე არარეალურად მოჩანს...