"იგლა" სომხურ-ქართულ ურთიერთობებში
27-03-2017
"იგლა" სომხურ-ქართულ ურთიერთობებში
რა ვერსიებია სომხეთში ვითომ საქართველოდან გადატანილი საზენიტო "იგლას" სკანდალთან დაკავშირებით

"იგლას" სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტას საფრენი აპარატის დაზიანება 5 კმ-ის მანძილზე და 3,5 კმ-ის სიმაღლეზე შეუძლია


სომხეთის სპეცსამსახურებმა 22 მარტს თავიანთი ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდის სახით სომხეთში გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Игла-ს თვითდამიზნებადი საზენიტო მართვადი რაკეტა - 9М39-ის (გასაშვებ ერთჯერად კონტეინერთან ერთად) შეტანა. ამ საქმეზე თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სამველ ბაბაიანის დაკავებამ (გამოძიება
მას ბრალს "იგლას" სომხეთში შეტანის დაკვეთაში სდებს) სიტუაცია უფრო სკანდალური გახადა, რადგან ბაბაიანი ცნობილი ოპოზიციონერი ლიდერი გახლავთ და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

საქართველოს სპეცსამსახურებისთვის, სავარაუდოდ, სრულიად მოულოდნელი იყო სომეხი კოლეგების "ნადავლი", თუმცა საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ არის. გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების საერთაშორისო კონტრაბანდა დიდ საშიშროებას შეიცავს,
რადგან კომპაქტური "იგლადან", "სტრელადან" თუ "სტინგერიდან" ტერორისტებს სამგზავრო ლაინერებისა და შვეულმფრენების ჩამოყრაც შეუძლიათ, განსაკუთრებით - მათი აფრენა-დაფრენის პროცესში.

"იგლას" სკანდალთან დაკავშირებით შეიძლება განვიხილოთ შემდეგი ვერსიები:
სომეხმა კონტრმზვერავებმა "იგლას" რაკეტა თუ მართლაც საქართველოდან შეტანის დროს აღმოაჩინეს, მაშინ ის შეიძლება ან ქართული არმიის საწყობიდან იყოს მოპარული, ან საბრძოლო მოქმედებების ზონიდან (აფხაზეთის ან აგვისტოს ომები) შემორჩა, ან კიდევ სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებმა ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანამდე (2007 წელი) ჩუმად იყიდეს რუსი ოფიცრებისგან და მას შემდეგ ინახავდნენ.

ამ სამი ვერსიიდან პირველი ყველაზე ნაკლებად შესაძლებელია, რადგან ქართულ არმიას, სამწუხაროდ, თავადაც ნაკლებად მოეპოვება "იგლას" ტექნიკურად გამართული რაკეტები და მათი ჩუმად გაყიდვა საეჭვოა, მით უფრო, რომ უცხოელი სამხედრო ექსპერტები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, განსაკუთრებულად აკონტროლებენ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს.

მეორე ვერსია - ომიდან შემორჩენილი "იგლა" - აუცილებლად გასათვალისწინებელია, მაგრამ მესამე (ახალქალაქის ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაში ნაყიდი რაკეტა) შეიძლება უფრო ახლოს იყოს რეალობასთან.
თუკი ამ სამი ვერსიიდან ერთ-ერთი მაინც გამართლდა, ეს ქართული სპეცსამსახურების სერიოზული შეცდომის მაჩვენებელი იქნება, რადგან მათ დაუშვეს ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი საშიში იარაღით ვაჭრობა და კონტრაბანდა.
ზემოთ ნახსენები სამი ვერსიის შემდეგ ჩნდება მეოთხეც, რომელსაც არსებობის სრული უფლება აქვს - საქართველოდან სომხეთში რაკეტა არ შეუტანიათ და ამ ქვეყნის სპეცსამსახურმა ოპოზიციის ცნობილ ლიდერს, რომელიც არჩევნებისთვის ემზადება, 1,7 მ-იანი "იგლა" "ჩაუდო", რადგან თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის პისტოლეტის "ჩადებას" (რომლის შენახვა-ტარების ოფიციალური ნებართვა მას უნდა ჰქონოდა) არავინ დაიჯერებდა...

თუკი მეოთხე ვერსია გამართლდა, გაცხადდება, რომ სომეხი სპეციალისტებიც ასე კარგად ნაცნობი ძველებური "ჩადების" სქემით მუშაობენ, მაგრამ რა შუაშია საქართველო? თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღში ხომ უფრო ადვილად შეიძლება "იგლას" შოვნა, ვიდრე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამასთან, "იგლას" რაკეტას თავისი საქარხნო ნომერი აქვს, რომლის საშუალებით ადვილად შეიძლება დადგინდეს, როდის გამოუშვეს და სად გადაგზავნეს იგი.

პ.ს. სომხეთის გარდა, გასულ კვირას რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტმა დაგვაბრალა უკრაინისთვის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის - რომ-ის საზენიტო რაკეტის მიყიდვა, რომელიც თურმე უკრაინელმა სამხედროებმა 2014 წლის 18 მაისს დონეცკთან ტაქსის საბარგულში ჩაუდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანია "ზვეზდას" ჟურნალისტებს და ამის საფუძველზე ისინი დააკავეს. ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების 45-ე სპეციალური დანიშნულების პოლკის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფებმა ცხინვალის რეგიონიდან და ფოთის სამხედრო პორტიდან ალაფის სახით ქართული არმიის ხუთი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი წაიღეს. მათგან ერთ-ერთი "გრომის" რაკეტის ნომერი ზუსტად ემთხვევა უკრაინაში აღმოჩენილს, რაც მიუთითებს, რომ საქართველოდან წაღებულ "გრომებს" უკრაინის აღმოსავლეთში სწორედ რუსი მზვერავ-დივერსანტები იყენებდნენ.
truker
27 აპრილი 2017 19:09
რუსთავი ორიდან ინფორმაციას მხოლოდ ნაცები იჯერებენ.ისევე როგორც დაიჯერეს რომ აგვისტოს ომში ქართულმა არმიამ დაიკავა ცხინვალი და ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო.რა თქმა უნდა დიდი აბსურდი იყო და ახლა იგივე გრძელდება.ხოლო უშიშროება ამასაც ადევნებს თვალ ყურს.მაინც რომ იცოდეთ
111
08 აპრილი 2017 10:56
იმიტომაც გებუიობს უშიშროება რუსთავი2დან მსგავს ინფორმაციებს ტრუკერ
truker
05 აპრილი 2017 09:14
ეჭვიც არ გეპარებიდეთ რომ გვყავს უშიშროების სამსახური და თანაც კარგად მომზადებული.

რედაქტორის რჩევით