"ნაციონალური მოძრაობის" ატეხილი მორიგი "ქარიშხალი ჭიქაში"
"ნაციონალური მოძრაობის" ატეხილი მორიგი "ქარიშხალი ჭიქაში"
სამხედრო ტექნიკის უცოდინარობამ პოლიტიკოსები სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა

22 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა საქვეყნოდ განგაში ატეხა - ბოლნისის რაიონში, სომხეთის საზღვრისკენ, რუსულნომრიან სატვირთო ავტომობილებს მძიმე, მუხლუხებიანი, სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების ტექნიკა გადააქვთ და რას აკეთებს ხელისუფლებაო...

2007 წელს, როდესაც ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზები გავიდნენ, ქართულმა მხარემ მართლაც მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომ თბილისი ნებას დართავდა მოსკოვს, სომხეთში, გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის მოსამარაგებლად რუსეთიდან სომხეთში და პირიქით, საქართველოს
ტერიტორიაზე ტრანზიტით სამხედრო დანიშნულების ტვირთები გადაეტანა. ამისთვის წინასწარი შეტყობინება იყო საჭირო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ასეთი ნებართვები არ გაცემულა და საქართველოზე გამავალი სახმელეთო გზით რუსეთს არ უსარგებლია, თუმცა რუსულ და სომხურ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავებს რუსეთიდან სომხეთში საბრძოლო ტექნიკისა და საბრძოლო საჭურვლის გადასროლა წუთითაც არ
შეუწყვეტიათ.

როგორც მალე გაირკვა, ბოლნისის გზაზე მიმავალ სატვირთოებს მართლაც მუხლუხებიანი, მაგრამ არა საბრძოლო, არამედ ყველგანმავალი მანქანები გადაჰქონდათ, რომელთა შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია (ახალი ყველგანმავალი 4 მლნ რუსული რუბლი ანუ დაახლოებით 70 ათასი აშშ დოლარი ღირს) და მათ ტრანზიტს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა არ სჭირდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ატეხილი მორიგი "ქარიშხალი ჭიქაში" ძალიან წააგავს 2015 წლის 25 თებერვალს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ატეხილ სკანდალს, თბილისში რუსულნომრიანმა სატვირთო ავტომობილებმა ჩაიარეს და ჩანს, ხელისუფლებამ რუსულ არმიას სომხეთისკენ საგზაო დერეფანი ჩუმად გაუხსნაო.

არადა, რამდენიმე საათში გაირკვა, რომ ვინმე შმაგის ბიზნესი წამოუწყია, რუსეთის არმიის ჩამოწერილი სატვირთო "ზილები" შეუძენია და საქართველოში სატრანზიტო ნომრებით შემოუყვანია - იქნებ ჩვენთან ან სომხეთში სოფლებში გავყიდოო...
რუსეთიდან ისედაც იმდენი სხვადასხვაგვარი საფრთხე გვემუქრება, რომ უმიზეზოდ ყვირილით: "მგელი, მგელიო", ყურადღებას მოვადუნებთ...

ჩვენი დოსიე: ყველგანმავალი 4 მილიონად

რაც "ნაციონალებს" ბოლნისთან ტანკებად მოეჩვენათ, სინამდვილეში მუხლუხებიანი "გაზ-34039" ტიპის თოვლჭაობმავლებია. ეს ყველგანმავალი 4,8 ტ-ს იწონის (ანუ ტანკზე თითქმის ათჯერ ნაკლებს და არც შეჯავშნულია) და 10 კაცის გაყვანა შეუძლია. იგი დაცურავს კიდეც, ამიტომაც სჭირდებათ მაშველებს, მეტყევეებსა და მონადირეებს.