ახალი ტერორისტული საფრთხე მგზავრებისთვის - კვირის პალიტრა

ახალი ტერორისტული საფრთხე მგზავრებისთვის

"ისლამური სახელმწიფო" აეროპორტის სკანერების მოტყუებაში ვარჯიშობს

საერთაშორისო ტერორისტებმა დანაღმული ლეპტოპების სამგზავრო ლაინერებში მალულად შეტანა ისწავლეს...

ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება საქართველოს მოქალაქეებს თითქმის მთელ ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ამავე დროს, იზრდება აეროპორტებსა და თვითმფრინავებში ტერორისტულ აქტებში მოხვედრის საფრთხეც.

საქმე ის არის, რომ ახლახან გამოჩნდა ახალი ტერორისტული საშიშროება, რომელმაც შეიძლება თვითმფრინავით მგზავრობა ძალზე სახიფათო გახადოს.

მარტის შუა რიცხვებში აშშ-ის ხელისუფლებამ მოულოდნელად აკრძალა ელექტრონული ხელსაწყოების, მათ შორის - ლეპტოპების შეტანა იმ სამგზავრო თვითმფრინავებში, რომლებიც აშშ-ში მსოფლიოს რვა ქვეყნიდან - იორდანიიდან, ეგვიპტიდან, კატარიდან, მაროკოდან, ქუვეითიდან, საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და თურქეთიდან მიფრინავენ. მალე აშშ-ის ამ უცნაურ აკრძალვას დიდი ბრიტანეთიც შეუერთდა.

სამგზავრო ლაინერის ბორტზე ლეპტოპისა თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობის შეტანის აკრძალვა მგზავრს, რა თქმა უნდა, დისკომფორტს შეუქმნის, მაგრამ ამის მიზეზი აღმოჩნდა ის სენსაციური ინფორმაცია, რომელიც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ბოლო დროს მოიპოვეს - "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებისთვის მომუშავე მეცნიერებმა მოახერხეს, ასაფეთქებელი ნივთიერებები ელექტრონული ხელსაწყოების აკუმულატორებში ისე შეენიღბათ, რომ მათი აღმოჩენა მსოფლიოს ბევრი აეროპორტის საკონტროლო სკანერებს აღარ შეუძლია.

ტერორისტების "პროფესორებმა", სავარაუდოდ, ხელში ჩაიგდეს აეროპორტში მდგარი საკონტროლო სკანერის რამდენიმე ეგზემპლარი, რომლებზეც ლეპტოპების აკუმულატორებში შენიღბული ასაფეთქებელი მოწყობილობების შეუმჩნევლად გატარებას ცდიან.

ეს კი ნიშნავს, რომ რომელიმე კამიკაძე-ტერორისტმა სამგზავრო თვითმფრინავში შეიძლება შეუმჩნევლად აიტანოს რომელიმე ელექტრონული მოწყობილობის აკუმულატორში ჩამონტაჟებული ბომბი. ლეპტოპების აკუმულატორის გაბარიტები ბევრად აღემატება მობილური ტელეფონის ანალოგიური მოწყობილობის ზომებს და მასში მეტი ტროტილი თუ ჰექსოგენი შეიძლება მოთავსდეს, ამიტომ ის ყველაზე საშიშად ითვლება.

ასეთი შენიღბული ბომბის ამოქმედება ილუმინატორთან ან საავარიო კართან თვითმფრინავის ფიუზელაჟის ჰერმეტულობის დარღვევას გამოიწვევს, რაც 9-10 კმ სიმაღლეზე 850-900 კმ/სთ სიჩქარით ფრენისას გარდაუვალ ტრაგედიას გამოიწვევს.

ამასთან, ეს აკრძალვა ნებას რთავს გამორთული ლეპტოპების თვითმფრინავის საბარგო ნაკვეთურით ტრანსპორტირებას. ამერიკელმა ექსპერტებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ ბარგში ჩადებული დანაღმული ლეპტოპის აფეთქება თვითმფრინავს ბევრს ვერაფერს დააკლებს, რადგან ის ფიუზელაჟის გარსაცმისგან შორს იქნება.

საკონტროლო სკანერების მოტყუების შესაძლებლობა მგზავრებისთვის ბევრ ახალ საფრთხეს წარმოშობს, ამიტომაც სპეცსამსახურებს მოუწევთ უფრო მძლავრი რენტგენული და მიკროტალღური სკანერების დამონტაჟება, რომელთა გამოსხივება ადამიანის ორგანიზმისთვის მაინცდამაინც უსაფრთხო არ არის.