აგვისტოს ომში "ჩამოწერილი" კიდევ სამი რუსული მოიერიშე - კვირის პალიტრა

აგვისტოს ომში "ჩამოწერილი" კიდევ სამი რუსული მოიერიშე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კრემლის დამალული საბრძოლო დანაკარგების ახალი ფაქტები

რუსეთს აგვისტოს ომში ექვსი კი არა, ცხრა საბრძოლო თვითმფრინავი დაუკარგავს

ომების შემდგომ ათასი ჭორ-მართალი ვრცელდება, მოწინააღმდეგე მხარეები ცდილობენ, დამალონ საკუთარი საბრძოლო დანაკარგი და გააზვიადონ მტრის დანაკლისი, რაც თანამედროვე შეფასებებით, საინფორმაციო ომის ტიპური მაგალითია.

გამონაკლისი არც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმედღიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჩვენ, სამწუხაროდ, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მარცხი განვიცადეთ და რუსეთის არმიამ საქართველოს ორი რეგიონის სრული ოკუპაცია განახორციელა, ამ ომის ზოგიერთ დეტალს კრემლის მესვეურები დღემდე მალავენ.

ლაპარაკია აგვისტოს ომის დროს რუსეთის ავიაციის საბრძოლო დანაკარგებზე. ომის დროს დანაკარგი შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი ძალის, ისე - ტექნიკის. დაღუპულ პირად შემადგენლობას მიაკუთვნებენ აუნაზღაურებელი დანაკარგის, ხოლო დაჭრილებს - სანიტარიული დანაკარგის კატეგორიას, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის აუნაზღაურებელი დანაკარგი კი ნიშნავს, რომ დაზიანების შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელია, ან ის მოწინააღმდეგემ ჩაიგდო ხელში. თუკი კონკრეტული დაზიანებული ტანკისა თუ თვითმფრინავის რემონტი და ისევ საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა შეიძლება, მაშინ ის ანაზღაურებადი დანაკარგის კატეგორიაში ჩაითვლება.

აგვისტოს ომის დროს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა და საარმიო ავიაციამ ერთი შორი მოქმედების ბომბდამშენ-რაკეტმზიდი Ту-22М3, ორი საფრონტო ბომბდამშენი Су-24М, სამი მოიერიშე Су-25, თითო-თითო დამრტყმელი Ми-24 და სატრანსპორტო Ми-8 დაკარგეს (შვეულმფრენები 16 აგვისტოს ჯავასთან ერთმანეთს შეეჯახნენ). დაიღუპა მათი ეკიპაჟების ხუთი წევრი, ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ორი ქართულმა მხარემ კატაპულტირების შემდეგ ტყვედ აიყვანა.

რუსეთის გენშტაბი ორი საფრონტო ბომბდამშენის დაკარგვას ოფიციალურად დღემდე არ აღიარებს, თუმცა ეს ფოტო-ვიდეო მასალითა და აღმოჩენილი ფრაგმენტებით არის დადგენილი.

აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში რუსულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულ ცაში სამმა რუსულმა Су-25-მა მოიერიშემ სერიოზული დაზიანებები მიიღო, თუმცა პილოტებმა შეძლეს მათი აეროდრომებზე დაბრუნება, შემდეგ კი დაიწყო მათი რემონტი და საბრძოლო მწყობრში მოყვანის პროცესი.

დაზიანებული მოიერიშეების გადარჩენისთვის კრემლმა ყველა პილოტს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა და ეს ფაქტები სახელმწიფოს პიარისთვის გამოიყენა.

თუმცა, როგორც ირკვევა, აეროდრომზე დაბრუნებული, მძიმედ დაზიანებული სამივე რუსული Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი სინამდვილეში ჩამოიწერა, რადგან მათი აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა, ანუ აუნაზღაურებელი დანაკარგის კატეგორიაში გადაინაცვლეს.

ასე რომ, აგვისტოს ომში რუსეთს საქართველოს ცაში ცხრა თვითმფრინავი დაუკარგავს - მათ შორის ექვსი მოიერიშე.

საბრძოლო მოქმედებების ოთხ დღეში (8 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით) მოწინააღმდეგის ცხრა თვითმფრინავის აუნაზღაურებელი დანაკარგის კატეგორიაში მოხვედრა (მიუხედავად იმისა, რომ მათ ნაწილს რაკეტები თვითონ რუსმა და ოსმა მეზენიტეებმა მოარტყეს შეცდომით) ცუდ შედეგად შეიძლება არც ჩაითვალოს, მაგრამ ის საბრძოლო შესაძლებლობები, რაც ქართულ საჰაერო თავდაცვას ჰქონდა (განსაკუთრებით ომის პირველ დღეებში), უფრო მეტი რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების საშუალებას იძლეოდა. ერთ-ერთი რუსი პილოტი იხსენებს, რომ მარნეულის აეროდრომის დაბომბვის შემდეგ რუსული მოიერიშეების წყვილმა თბილისს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა და ამით ამაყობს, თუმცა არ იცის, რომ ალექსეევკის აეროდრომიდან ქართველ მეზენიტეს ისინი სამიზნეში ჰყავდა. რატომ არ ესროლა, სხვა საქმეა...