ჩრდილოეთ კორეა თბილისური მოიერიშეების იმედზეც არის...
24-04-2017
ჩრდილოეთ კორეა თბილისური მოიერიშეების იმედზეც არის...
ვაშინგტონი ფხენიანზე თავდასხმამდე პეკინისა და მოსკოვის პოზიციებს გაითვალისწინებს...

სადამდე მისწვდებიან ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტები?


ჩრდილო კორეასთან დაკავშირებით სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება. მსოფლიოს ეშინია, რომ აშშ ჩრდილო კორეას სარაკეტო დარტყმებს მიაყენებს იმ სცენარით, რომელიც პენტაგონს აქამდეც არაერთხელ გამოუყენებია ერაყში, იუგოსლავიაში, ავღანეთსა თუ სირიაში. თუმცა ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩრდილო კორეა, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღის მფლობელია და შეუძლია, საპასუხო დარტყმისთვის მასობრივი განადგურების საშუალება გამოიყენოს, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვება.

ჩრდილო კორეის არმიის შეიარაღება, რა თქმა უნდა, ახლოსაც
ვერ მივა ამერიკულთან, მაგრამ მისი რაოდენობა უდავოდ გასათვალისწინებელია.

გარდა ამისა, ჩრდილო კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ერთი ძალზე მნიშვნელოვანი კოზირი აქვს - სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული ორი კორეის გამყოფ 38-ე პარალელზე გამავალი დემილიტარიზებული ზონიდან მხოლოდ 25-30 კმ-ით არის დაშორებული, რაც მასირებული საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების
საშუალებას იძლევა.

ჩრდილო კორეის შორსმსროლელი არტილერია ბეტონირებულ ბუნკერებშია განთავსებული და ამერიკელების დიდი მონდომების შემთხვევაშიც კი მათი ფრთოსანი "ტომაჰავკები" ყველა ჩრდილოკორეულ ჰაუბიცას ვერ გაანადგურებს.
კიმ ჩენ ინის განკარგულებაშია სამ ათეულზე მეტი ჩე-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავიც. თითოეულ მათგანს სამხრეთ კორეაში ამერიკული ბაზების დაბომბვისას ოთხ ტონამდე საერთო მასის ბომბებისა და რაკეტების გამოყენება შეუძლია.
ზუსტად 30 წლის წინ, 1987 წელს, საბჭოთა კავშირმა ჩრდილო კორეისთვის თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი ჩე-25-ების მიწოდება დაიწყო. თბილისიდან ფხენიანში ორი წლის განმავლობაში 32 ერთეული საექსპორტო ჩე-25ღ გაიგზავნა.

სიმართლე რომ ითქვას, თბილისურ მოიერიშეებს, ისევე როგორც ჩრდილო კორეის სხვა უფრო მოძველებულ საბრძოლო თვითმფრინავებს, მცირე შანსი აქვთ, წარმატებით დაბომბონ სამხრეთ კორეის სტრატეგიული ობიექტები, რადგან იქ ძლიერი ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა ფუნქციონირებს და საჰაერო სივრცეშიც ამერიკული და სამხრეთკორეული გამანადგურებლები ბატონობენ.
სამაგიეროდ, ნამდვილი თავსატეხია ჩრდილო კორეის ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც არა მარტო სამხრეთ კორეის მთელ ტერიტორიას ფარავენ, არამედ იაპონიის კუნძულებსაც სწვდებიან, ერთდროულად სტარტაღებული რამდენიმე ათეული ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება კი ამერიკულ ანტისარაკეტო სისტემასაც კი არ შეუძლია.

რამ განაპირობა ამერიკულ-ჩრდილოკორეული დაპირისპირების ასეთ საშიშ ზღვრამდე მისვლა? უპირველესად - ფხენიანის წარმატებამ ორი მიმართულებით: ბირთვული იარაღისა და მისი გადამტანი რაკეტების ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესებამ. ფხენიანმა უკვე გამოცადა წყალქვეშა ნავიდან რაკეტის გაშვება, გაიყვანა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი და ახლოს არის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შექმნასთან, რომლებიც ჩრდილო ამერიკის თითქმის ყველა ქალაქს მისწვდებიან. ამავე დროს, ჩრდილო კორეის მეცნიერები სწრაფად ხვეწენ ბირთვული იარაღის გაბარიტებს, რათა ისინი ბალისტიკური რაკეტების ქობინებში იოლად განთავსდეს.
როდესაც ფხენიანის განკარგულებაში აღმოჩნდება საბრძოლოდ მზად მყოფი საკონტინენტთაშორისო და წყალქვეშა ნავების ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები, მაშინ თეთრ სახლს სხვანაირად მოუწევს ჩრდილო კორეის ლიდერთან საუბარი და იძულებული გახდება, მას ისევე გაუწიოს ანგარიში, როგორც სხვა ბირთვულ სახელმწიფოებს - რუსეთსა და ჩინეთს.
აღსანიშნავია, რომ ფხენიანის წარმატებული ბირთვული და სარაკეტო პროგრამით აღფრთოვანებული არც მოსკოვსა და პეკინში არიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძირითად მოწინააღმდეგედ ვაშინგტონს მიიჩნევენ.

მეტწილად სწორედ ჩინეთის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, დაარტყამს თუ არა პენტაგონი ჩრდილო კორეის სტრატეგიულ ობიექტებს. მართალია, 1950-იანი წლების დასაწყისში, კორეის ომში, პეკინიც და მოსკოვიც ღიად თუ ფარულად კომუნისტ კორეელებს ეხმარებოდნენ ამერიკული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ დღეს ფხენიანი პეკინიდან ასეთ მხარდაჭერას აღარ უნდა ელოდოს.
შემთხვევითი სულაც არ არის, რომ სირიის აეროდრომს ამერიკული "ტომაჰავკები" სწორედ მაშინ მოხვდა, როდესაც ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, სი ძინპინს ხვდებოდა. ტრამპმა მას დაანახა, რომ მზად არის ჩრდილო კორეისთვის პრევენციული საჰაერო დარტყმების მისაყენებლად, რომელმაც ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო ამბიციები უნდა მოთოკოს, მაგრამ ამისთვის სასურველი იქნებოდა ჩინეთის უხმო დასტური, თუნდაც უმოქმედობით...

იაპონიის ზღვასა და აღმოსავლეთ კორეის ყურეში ნელ-ნელა თავს იყრიან ამერიკული საავიამზიდო დაჯგუფებები, რომლებსაც პენტაგონი სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებისთვის იყენებს. მობილიზებულია სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები და იქ განთავსებული ამერიკული ბაზები. იაპონია აძლიერებს საჰაერო თავდაცვას. ჩინეთმა ჩრდილო კორეის საზღვრისკენ 150-ათასიანი საარმიო დაჯგუფება გადაისროლა. რუსეთს ვლადივოსტოკთან, ჩრდილო კორეის სიახლოვეს, სარკინიგზო ეშელონებით სწრაფი ტემპით გადაჰყავს საზენიტო-სარაკეტო სისტემები...

სიტუაცია უკიდურესად გართულდა, თუმცა შეიძლება უფრო გართულდეს, თუკი ჩრდილო კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ყველასთვის ნიშნის მოსაგებად ამ დღეებში ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების მორიგი გამოცდა მოინდომა...

რა შეუძლია ჩრდილოკორეულ არმიას


ჩვენი დოსიე: 25 მლნ-იან ჩრდილო კორეას 1,2 მლნ-იანი სახალხო არმია ჰყავს, თუმცა ომის დროს 8-10 მლნ შეიარაღებული ადამიანის გამოყვანა შეუძლია. შეიარაღებაში აქვს 4 ათასამდე ტანკი, 2,5 ათასი ჯავშანტრანსპორტიორი, 10 ათასზე მეტი საარტილერიო დანადგარი, 11 ათასამდე საზენიტო დანადგარი და 10 ათასი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

ჩრდილო კორეას მსოფლიოში თითქმის ყველაზე მეტი - 1100-მდე საბრძოლო თვითმფრინავი აქვს, თუმცა მოძველებული.
სამხედრო-საზღვაო ძალები ორ ფლოტს აერთიანებს - იაპონიისა და ყვითელ ზღვებში. მათ შეიარაღებაშია 600-მდე მცურავი საშუალება, მათ შორის - ასამდე წყალქვეშა ნავი, ძირითადად, მინისუბმარინები.

ჩრდილო კორეის მთავარ დამრტყმელ ძალას რამდენიმე ასეული ტაქტიკური, ოპერატიულ-ტაქტიკური და საშუალო სიშორის მოქმედების ბალისტიკური რაკეტა წარმოადგენს (მათი ფრენის სიშორე 100-დან 7 ათას კმ-მდეა), რომელთა ნაწილი შეიძლება ბირთვული ქობინით იყოს აღჭურვილი.
ზვიადი
05 ივნისი 2017 09:58
რა თქმა უნდა ომი არასდროს კარგი არ არის მაგრამ როდესაც ქვეყანა გამალებით ცდილობს ატომური იარაღის დახვეწას იმ მიზნით რომ მსოფლიო ატეროროს ჯობია დროული რეაგირება წამყვანი ქვეყნების მხრიდან თორემ თუ ყველაფერი მოასწრო ფხენიანმა მერე მსხვერპლიც და პლანეტის დაბინძურებაც უარესი იქნება...
snaiperi
23 მაისი 2017 17:24
საკიტხავია ეგ
888
01 მაისი 2017 09:58
murmani-ს
მერე შენ გონია მოსკოვში ან თბილისში ბედნიერი იჯდები და იმ ომის კვალი და რადიაცია შენამდე არ მოაღწევს?

რედაქტორის რჩევით