სომხეთი ისევ გააწბილეს... - კვირის პალიტრა

სომხეთი ისევ გააწბილეს...

ყარაბაღში შეტაკებების წლისთავზე აზერბაიჯანმა საბრძოლო ტექნიკის ახალი პარტია მიიღო... რუსეთიდან

გასულ კვირას სომხეთის ხელისუფლება და განსაკუთრებით - ამ ქვეყნის გენერალიტეტი დიდად უნდა გაწბილებულიყო, რადგან აზერბაიჯანმა რუსეთიდან შეიარაღების ახალი პარტია მიიღო.

სომხების უკმაყოფილებას ის გარემოებაც უნდა უწყობდეს ხელს, რომ ახალი რუსული ჯავშანტრანსპორტიორები ბაქოს პორტში ჩამოიტვირთა იმ შეტაკებების წლისთავზე, რომლებიც მთიან ყარაბაღში 2016 წლის აპრილში მიმდინარეობდა.

სომხეთის მოსახლეობაც და ხელისუფლებაც იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ისინი კრემლის ერთპიროვნულ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელოდნენ, ოფიციალურმა ბაქომ კი მოსკოვთან კარგი პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა და, რაც მთავარია, რუსული იარაღის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი გახდა.

გასული წლის აპრილის მოვლენების შემდეგ რუსეთმა სომხეთში "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსები გადაისროლა, რომლებიც სომხეთის არმიის კამუფლირებული ფერებით გადაღებეს და მოსახლეობა დაამშვიდეს - ნახეთ, ჩვენმა ერთგულმა რუსეთმა სამაგიეროდ ისეთი რაკეტები მოგვცა, ბაქოსაც კი მისწვდებაო. თუმცა, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ეს "ისკანდერები" ისევ რუს სამხედროებს ემორჩილება და სავარაუდოდ, გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე ინახება.