სოჭის ოლიმპიადისთვის მოსკოვს სოხუმის აეროპორტის გახსნა სურს - კვირის პალიტრა

სოჭის ოლიმპიადისთვის მოსკოვს სოხუმის აეროპორტის გახსნა სურს

მოსკოვი საერთაშორისო ფრენებისთვის სოხუმის აეროპორტის გახსნას ცდილობს, თბილისი და ISAO წინააღმდეგი არიან...

აფხაზეთის სრული ოკუპაციის შემდეგ მოსკოვი ცდილობს, აქტიურად გამოიყენოს საქართველოს ამ ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურა.

ერთ-ერთი მათგანია სოხუმიდან სამხრეთით, 18 კმ-ში მდებარე ბაბუშერის აეროპორტი.

ეს აეროპორტი გასული საუკუნის 60-იან წლებში გაიხსნა, 80-იანი წლების ბოლოს კი სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მისი ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3600 მ-ზე მეტია, რაც მსოფლიოში არსებული ნებისმიერი სამგზავრო ლაინერისა და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მიღებას უზრუნველყოფს.

სწორედ ეს გახლავთ მთავარი გარემოება, რის გამოც მოსკოვი ასე დაჟინებით ცდილობს ოკუპირებული სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის მინიჭებას, რათა მსოფლიოს ნებისმიერი აეროპორტიდან შესაძლებელი იყოს საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო რეისების განხორციელება სოხუმის აეროპორტში.

საქმე ისაა, რომ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სტუმრების მისაღებად მოსკოვს ოლიმპიური სოფლის ახლოს საჭირო დონის აეროპორტი არ გააჩნია.

ადლერის აეროპორტი, მართალია, ყველაზე ახლოა სოჭთან, მაგრამ მის ბილიკზე დაჯდომა და აფრენა, მხოლოდ ერთი, დასავლეთის (შავი ზღვის) მიმართულებიდან შეიძლება. ეს კი რთული მეტეოროლოგიური პირობების დროს ბევრ სირთულეს ქმნის, რადგან სამგზავრო ლაინერის ეკიპაჟს უჭირს მეორე წრეზე წასვლა. სწორედ ამ მიზეზით, ადლერის აეროპორტთან რამდენიმე საჰაერო ავარია და კატასტროფა მოხდა. ბოლო საჰაერო კატასტროფა სომხური ავიაკომპანიის "აერობუსმა" რამდენიმე წლის წინ განიცადა.

ადლერისგან განსხვავებით, სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავების დაშვება-აფრენა ორივე მხრიდან - ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეიძლება და სოჭის ოლიმპიადის სტუმრებს პრობლემები არ შეექმნებათ.

კრემლში აღარც მალავენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მათ აფხაზეთის ოკუპაცია (სადაც არ მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები) იმიტომაც განახორციელეს, რომ უკეთ უზრუნველეყოთ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მომზადებისა და ჩატარების ეტაპები.

მოსკოვმა სოხუმის აეროპორტს უკვე მიანიჭა შიდა, რუსეთის ფედერაციის, საავიაციო კოდი და რუსული ავიაკომპანიის სამგზავრო ლაინერებმა დაიწყეს სოხუმის აეროპორტში რეისების შესრულება.

ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი იშველიებს ტაივანის მაგალითს და აცხადებს, რომ ტაივანი მსოფლიოს ბევრ ქვეყანას არ უღიარებია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი ავიაკომპანიების თვითმფრინავები თითქმის ყველგან დაფრინავენ. ტაიბეის აეროპორტშიც ეშვებიან მსოფლიოს ცნობილი ავიაკომპანიების ლაინერებიო.

ოფიციალური თბილისი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სოხუმის ბაბუშერის აეროპორტიდან საერთაშორისო რეისების განხორციელებას და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან (ISAO) შესაბამის მკაცრ რეაგირებას მოითხოვს. საერთოდ, ISAO პირველად არ აგვიანებს რეაგირებას.

1992-1993 წლებში, როდესაც აფხაზეთში ომი მიმდინარეობდა, აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა რუსმა სამხედროებმა არაერთხელ დაბომბეს სოხუმის ბაბუშერის აეროპორტი, რომელსაც მაშინ ქართული მხარე აკონტროლებდა.

1992 წლის შემოდგომაზე აფხაზმა დელტაპლანერისტმა სოხუმის აეროპორტში ხელყუმბარები მაშინ ჩამოყარა, როდესაც მგზავრები თვითმფრინავში სხდებოდნენ.

მოგვიანებით, ბაბუშერასთან, ნაპირზე მალულად გადასხმულმა სეპარატისტების სადაზვერვო-სადივერსიო ჯგუფმა ხელის ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარით ჩამოაგდეს ქართული სამოქალაქო შვეულმფრენი, რომელიც აეროპორტში ეშვებოდა. რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიღუპა.

1993 წლის ივლისში ბაბუშერის სიახლოვეს ზღვაში მოდრეიფე აფხაზური კატარღიდან ნასროლი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა Игла-თი ნასროლი რაკეტით დააზიანეს ქართული სამოქალაქო თვითმფრინავი Ту-154 , მაგრამ ეკიპაჟმა მოახერხა ცეცხლწაკიდებული ლაინერის მშვიდობიანად დასმა.

1993 წლის 16 სექტემბრის შემდეგ, რაც აფხაზმა სეპარატისტებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის 27 ივლისის ხელშეკრულება და სოხუმს შეუტიეს, მათ სამი ტერორისტული აქტი განახორციელეს სამოქალაქო თვითმფრინავების წინააღმდეგ.

კატარღიდან ნასროლი საზენიტო რაკეტით აფხაზმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს სოჭიდან სოხუმში მიმავალი Ту-134 ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელშიც სამოქალაქო პირები და ჟურნალისტები ისხდნენ. ზღვაში ჩავარდნილ თვითმფრინავში რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.

მალევე ისევ კატარღიდან ნასროლი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს ბაბუშერის აეროპორტში დასაჯდომად დაშვებული სამოქალაქო Ту-154 ტიპის თვითმფრინავი, რასაც ასევე ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

მოგვიანებით კი ზღვიდან საარტილერიო დაბომბვის დროს აფხაზმა სეპარატისტებმა ააფეთქეს სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში მდგარი Ту-134 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა.

ყველა ეს თავდასხმა შეიძლება შეფასებულიყო როგორც სამოქალაქო ავიაციისა და სამოქალაქო აეროპორტის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტები, რაც IsAO-სგან მკაცრ შეფასებას მოითხოვდა, თუმც მაშინ ეს არ გაკეთებულა.

დღეს რუსეთს სურს აიძულოს ISAO, რომ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტს მიენიჭოს ოთხასოიანი უნიკალური ინდივიდუალური იდენტიფიკატორი, როგორიც გააჩნიათ მსოფლიოს აეროპორტებს.

თუმცა, იმედია, ეს არ მოხდება. ამ დღეებში ISAO-ს მონრეალის ოფისმა ოფიციალურად მოსთხოვა განმარტება მოსკოვს, თუ რა ფრენებს ახორციელებენ რუსეთის საჰაერო სივრციდან სოხუმის აეროპორტში.

თბილისი მოითხოვს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის რეგულარული დარღვევისთვის, ISAO-მ ჩამოართვას ხმის უფლება რუსეთს და დააჯარიმოს ის რუსული ავიაკომპანიები, რომლებიც საერთაშორისო წესების დარღვევით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში სამგზავრო რეისებს ასრულებენ.

ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე, 2008 წლის ივნისში, ISAO-ში განაცხადეს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო რეისების განხორციელება საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე. იმედია, IsAO-ში აზრი არ შეუცვლიათ...