მეზობლების დიდი ომის მოლოდინში?
22-05-2017
მეზობლების დიდი ომის მოლოდინში?
რამდენად იმოქმედებს საქართველოს უსაფრთხოებაზე მთიან ყარაბაღში აზერბაიჯან-სომხეთის ომის შესაძლო განახლება...

ბევრი ფაქტორი მეტყველებს, რომ წელს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალ ომს უნდა ველოდოთ და შეიძლება უფრო ხანგრძლივსა და სისხლისმღვრელს, ვიდრე იყო გასული წლის აპრილის ოთხდღიანი ომი, რომელიც ბრძოლებით დაზვერვასა და მოწინააღმდეგის შესაძლებლობების გამოვლენას უფრო ემსახურებოდა.

მთიან ყარაბაღში ბრძოლები ერთი დღეც კი არ წყდება. გასულ კვირას დაპირისპირებულმა მხარეებმა ინტერნეტსივრცეში საინფორმაციო ბრძოლაც კი გააჩაღეს - ჯერ აზერბაიჯანმა გაავრცელა ვიდეო, თუ
როგორ აფეთქებს ისრაელისგან ნაყიდი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა "სპაიკის" წერტილოვანი დარტყმით სომხურ საზენიტო-სარაკეტო დანადგარ "ოსას", საპასუხოდ კი სომხურმა მხარემ ნაღმსატყორცნებით აზერბაიჯანული პოზიციის დაბომბვის კადრები გამოაქვეყნა.


ეს პატარა საბრძოლო ეპიზოდებიც ადასტურებს, რომ მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედების განახლების შემთხვევაში აზერბაიჯანელები ულტრათანამედროვე ებრაული წარმოების სარაკეტო შეიარაღებით უზუსტესი წერტილოვანი
დარტყმების მიყენებას შეეცდებიან, სომეხი სამხედროები კი, ძირითადად, საბჭოთა წარმოების შეიარაღებას გამოიყენებენ.

საეჭვოა, სომხეთმა გამოიყენოს "შურისძიების" მრისხანე იარაღი - ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების "ისკანდერები". არა იმიტომ, რომ ბაქოს დაბომბვას მოერიდებიან, არამედ სხვა მიზეზით - სომხეთში ჩატანილ "ისკანდერებს" რუსი სამხედროები აკონტროლებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სომხეთის არმიის კომუფლირებული ფერებით არიან შეღებილი.

მართალია, გასულ წელს, აპრილის ოთხდღიან ომში, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მხოლოდ ორი მცირე მონაკვეთი დაიბრუნა, მაგრამ სამაგიეროდ, ამ ოპერაციით არმიას - საბრძოლო, მოსახლეობას კი პატრიოტული სულისკვეთება აუმაღლა. გარდა ამისა, ოფიციალურმა ბაქომ მსოფლიოს დაანახა, რომ მას ათწლეულებით გაწელილი სამშვიდობო მოლაპარაკებების იმედი არა აქვს და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთ გზად ძალის გამოყენება მიაჩნია.

სიმართლე რომ ითქვას, ბაქო ძალით დაკარგულის ძალით დაბრუნებას 8-9 წლის წინ დაიწყებდა, მაგრამ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აგვისტოს ომის ანალიზმა შეაჩერა. მთავარი იყო, ბაქოს პოლიტიკური ურთიერთობა მოეგვარებინა მოსკოვთან. ოთხი მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული იარაღის შეძენით ბაქომ ორი კურდღელი დაიჭირა - გადააიარაღა თავისი არმია და კრემლისთვის დიდი ფულის გადამხდელ პარტნიორადაც იქცა.

პრეზიდენტ ალიევის ამ ნაბიჯმა შედეგი გასული წლის აპრილის ოთხდღიან ომში გამოიღო - მიუხედავად იმისა, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედების დაწყების ინიციატორი სწორედ აზერბაიჯანული მხარე იყო, მოსკოვს განსაკუთრებულად არ დაუგმია ბაქოს მოქმედებები და ორივე დაპირისპირებულ მხარეს ერთნაირად მოსთხოვა საბრძოლო მოქმედებების შეჩერება.

ამან ბუნებრივია, სომხეთის გაოგნება გამოიწვია, რადგან სტრატეგიული პარტნიორისგან ჩვეულ ერთპიროვნულ მხარდაჭერას ელოდა, მაგრამ პოლიტიკური რეალობა შეიცვალა - სომხურ-რუსულ მეგობრობას ბევრმა ფულმა ბზარი გაუჩინა.

ამ და სხვა ფაქტებიდან (მათ შორის - კულუარული) გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წელს მთიან ყარაბაღში ახალი ომის დაწყების საფრთხე რეალურია, მაგრამ როგორ აისახება ეს საქართველოს უსაფრთხოებაზე?
მთიან ყარაბაღში შარშანდელი ოთხდღიანი ომი საქართველომ ვერც იგრძნო, მაგრამ მასშტაბური და, რაც მთავარია, ხანგრძლივი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი უდავოდ დაემუქრება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ბევრი მიზეზით:

პირველი - საქართველოში, ბოლო აღწერის თანახმად, 233 ათასი ეთნიკური აზერბაიჯანელი და 168 ათასი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს. არსებობს შანსი, რომ მათი ნაწილი მოინდომებს მთიან ყარაბაღში თავისი ისტორიული სამშობლოს ინტერესების დაცვას, ანუ საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდებიან.

მეორე
- საქართველოს რეგიონებში კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები (ქვემო ქართლი) და ეთნიკური სომხები (სამცხე-ჯავახეთი). არსებობს საფრთხე, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ფონზე, გარე ძალების ინსპირირებით (თუნდაც რუსეთისა და თურქეთის), გაიზარდოს ამ რეგიონებში სეპარატისტული განწყობა.

მესამე - არ არის გამორიცხული დივერსიული აქტების განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სტრატეგიულ ობიექტებზე, რათა მაგალითად, სომხეთმა რკინიგზით ვერ მიიღოს საწვავი, აზერბაიჯანმა კი ბაქო-სუფსისა და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობ და გაზსადენებით ვერ გაიტანოს და გაყიდოს ნავთობპროდუქტები.

მეოთხე
- საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს საერთო საზღვარი აქვთ, რაც აჩენს საფრთხეს, რომ მთიან ყარაბაღში დაწყებული შეტაკებებიდან სომხეთ-აზერბაიჯანის დიდ ომში გადაზრდილი დაპირისპირება ჩვენს საზღვრებსაც მოსწვდეს - დანაღმვის, საარტილერიო თუ საავიაციო დაბომბვის სახით.

1992-1994 წლებში, სომხეთ-აზერბაიჯანის პირველი ომის მიმდინარეობისას ზემოთ ჩამოთვლილი ოთხივე პრობლემა მეტ-ნაკლებად შეეხო საქართველოს. მთიან ყარაბაღში ახალქალაქელი სომხებისა და მარნეულელი აზერბაიჯანელების დანაყოფები იბრძოდნენ, გამოვლინდა სეპარატისტული განწყობა, აფეთქებდნენ სომხეთისკენ მიმავალ საწვავიან სარკინიგზო შემადგენლობებს­ და თბილისი-ბაქოს სამგზავრო ავტობუსებს, ნაღმავდნენ ქართულ ტერიტორიას წითელ ხიდთან.

ეს საფრთხეები არ გამქრალა და ამიტომაც საქართველოსთვის სულერთი არ უნდა იყოს, რა შეიძლება მოხდეს ჩვენს უახლოეს სამეზობლოში.
mmm-s
06 ივლისი 2017 15:37
ჩვენი თქვენ გითხარით გული მოგიკალით
:)
23 ივნისი 2017 18:04
ძველი ანეკდოტი გამახსენდა ერთი. ოქროსთევზს რიგრიგობით სურვილებს ეუბნებიან სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი. სომეხმა - აზერბაიჯანელები გაქრნენო, აზერბაიჯანელმა - სომხებიო და ქართველმა - მაშინ მე თუ შეილება ერთი ფინჯანი ყავაო.
გიორგი
05 ივნისი 2017 21:18
მართალია სოხუმელი ვეტერანი!

რედაქტორის რჩევით