პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის უთანხმოებას ქვეყნის უსაფრთხოება ხომ არ უნდა შეეწიროს?!
18-06-2017
პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის უთანხმოებას ქვეყნის უსაფრთხოება ხომ არ უნდა შეეწიროს?!
საკონსტიტუციო ცვლილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სისტემაში საშიში შესწორებები შემოაქვს...

საქართველოს საზოგადოების ნაწილი აქტიურად განიხილავს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლის ინიციატორიც ხელისუფლებაა. აშკარაა, რომ ხელისუფლებას სურს, შემცირდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებები და გაიზარდოს ქვეყნის მართვაში, უპირველესად, პრემიერ-მინისტრის გავლენა, მაგრამ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებმა, განსაკუთრებით - სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ბევრი კითხვა წარმოშვა და თუ მათ ამომწურავ პასუხს არ გავცემთ, საქართველო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, განსაკუთრებით - საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.

სტატიის ავტორმა ექსპერტის რანგში
მონაწილეობა მიიღო 2 ივნისს გამართულ "თბილისის სტრატეგიულ დისკუსიებში" და შენიშვნები გაუჩნდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის იმ ბლოკის მიმართ, რომელიც თავდაცვის სფეროს ეხება.

საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორები გვთავაზობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მერვე თავის (სახელმწიფოს დაცვა და უსაფრთხოება) 70-ე მუხლში (სამხედრო ძალები) შევიდეს განმარტება: "საქართველოს ჰყავს სამხედრო და სხვა
შეიარაღებული ძალები." ცნება სამხედრო ძალები ოცი წლის წინ გაჩნდა და მასში შედიოდა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები, შსს-ს შინაგანი და სასაზ­ღვ­რო ჯარები. შემდგომ შინაგანი ჯარები დაი­შალა, ხოლო სასაზღვრო ჯარები შსს-ს­­ სასაზღვრო პოლიციად გარდაიქმნა. რეალურად სამხედრო ძალებში დღეს, ძირითადად, მხოლოდ შეიარაღებული ძალებია გაერთიანებული, საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორები კი გვთავაზობენ, შემოვიღოთ ტერმინი "სხვა შეიარაღებული ძალები", ისე, რომ არ აზუსტებენ, რომელ ძალოვან სტრუქტურებს გულისხმობენ. თუკი მათ სურთ, სხვა შეიარაღებულ ძალებში გააერთიანონ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია და სუს-ის სპეცდანაყოფები, ეს მცდარი ნაბიჯი იქნება, რადგან ისინი არ ასოცირდება შეიარაღებულ ძალებთან. კონსტიტუციაში ასეთი გაურკვეველი ფრაზის ჩაწერა სახიფათოა, რადგან ეს გაურკვევლობა რომელიმე ხელისუფლებამ ოდესმე შეიძლება დემოკრატიის წინააღმდეგ გამოიყენოს.

ცვლილებების ავტორები გვთავაზობენ, 72-ე მუხლში - სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ - ჩაიწეროს: "საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენება დაუშვებელია პარლამენტის თანხმობის გარეშე", თუმცა იქვე აგრძელებენ: "გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ".

რა გამოდის? თუკი მსოფლიოს რომელიმე კუთხეში ვგზავნით ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს, ეს აუცილებლად პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ხოლო თუკი ქვეყანაში ომი იწყება და სამხედრო ძალები უნდა ჩავრთოთ, ამას პარლამენტარების ნებართვა არ სჭირდება? მაშ, პარლამენტარები რაში გვჭირდება, თუ ქვეყნისთვის ასეთ რთულ მომენტში მათ არავინ არაფერს დაეკითხება?

საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორების ხელში ასევე გაურკვევლობას იწვევს გენშტაბის უფროსის შემდგომი ბედი.
მოქმედი კონსტიტუციის თანახმად: "პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მხედართმთავრებს". ცვლილების პროექტის თანახმად კი: "პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს სამხედრო ძალების მეთაურს". ვინ არის საქართველოს სამხედრო ძალების მეთაური? ასეთი თანამდებობა არ არსებობს და ცვლილებების ავტორებს გენშტაბის უფროსის თანამდებობის გაუქმება სურთ?

პრეზიდენტთან არსებული მუდმივმოქმედი ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებისა და საომარი მოქმედების დროს დროებითი ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნის ინიციატივაც სახიფათოა. თავად წარმოიდგინეთ, მოულოდნელი საომარი მოქმედების დაწყებისას სასწრაფოდ შექმნილი თავდაცვის საბჭოს აპარატი, რომელსაც ინფორმაციის ოპერატიულად მოპოვება და მისი ღრმა ანალიზი მოეთხოვება, ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებას მოუნდება და თავის უშუალო მოვალეობას როდისღა შეასრულებს?

ეს და სხვა შენიშვნები გვაფიქრებინებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ავტორებმა ბევრი რამ არ გაითვალისწინეს, განსაკუთრებით - თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და მათი წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილის კონსტიტუციაში შეტანა საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ შავმა კატამ გაირბინა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის, მაგრამ მათ დაპირისპირებას (ზოგჯერ პირადულსაც) საქართველოს უსაფრთხოება ხომ არ უნდა შეეწიროს?
Zyky
18 ოქტომბერი 2017 01:48
Vai chvens patrons ra gveshveleba!
Lashe
28 ივნისი 2017 05:53
premieri sashinao omis dros swrapad da moqnilad miigebs gadacyvetilebas tu mteri ro mova parlamentis shekrebis kamatis da kenchisyris dro ikneba, rac sheexeba sagareod gasagzavn kontigents is mgonia ro parlamentis tanxmobit unda moxdes , mgonia rom mtavari mizezi esaa
ზაზა
20 ივნისი 2017 09:15
26 წელი მოჯადოებულ წრეში ტრიალი, არაკომპეტენტური მმართველობა, უსასრულო იდიოტური ექსპერიმენტები და გადაწყვეტილებების მიმღებების ხუშტურები, ახლა ამ დაძაბულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ დაემატა "იდეა" კონსტიტუციური მონარქიის შესახებ, უაზრო დაპირისპირებები საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ვწუხვარ, რომ ჯერჯერობით არ ჩანს შემდგარი საზელმწიფოს ჩამოყალიბების ნიშნები და ვერ ხედავენ ან არ ხედავენ, რომ კრიტიკული ზღვარის პირას ვდგავართ

რედაქტორის რჩევით