ქართულ არმიას ტყვიამფრქვევიც ამერიკული ექნება...
05-06-2017
ქართულ არმიას ტყვიამფრქვევიც ამერიკული ექნება...
ამერიკული M240 საბჭოთა ПКМ-ზე უკეთესი არ არის, მაგრამ მოხდება ვაზნების კალიბრის ოპტიმიზაცია

თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო არმიის ეტაპობრივად გადაიარაღება ამერიკული M240 ტიპის ტყვიამფრქვევებით, შესაბამისად, შეიარაღებიდან მოიხსნება საბჭოთა წარმოების ПКМ-ები.

ამერიკული M240, ისევე, როგორც საბჭოთა ПКМ-ი ერთიანი ტყვიამფრქვევების კლასს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სროლა შეიძლება როგორც დასაკეცი ფეხების, ისე დაზგის გამოყენებით. შეიძლება მათი ჯავშანმანქანებზე, კატარღებსა თუ შვეულმფრენებზე დამონტაჟებაც.

ორივე ეს ტყვიამფრქვევი "ცივი ომის" პერიოდშია "დაბადებული" და იმის მტკიცება, რომ ქართული არმია
თანამედროვე ამერიკული ტყვიამფრქვევებით ანაცვლებს მოძველებულ საბჭოთა ПКМ-ებს, არ იქნება მართებული. თუმცა ქართულ დანაყოფებს გადმოეცა ამერიკული ტყვიამფრქვევის შედარებით ახალი მოდიფიკაცია M240L, რომელიც სტანდარტული M240B-ისგან განსხვავებით, 2,5 კგ-ით არის შემსუბუქებული ტიტანის დეტალების გამოყენების ხარჯზე; ამასთან, მას ტელესკოპურად რეგულირებადი კონდახი აქვს, რაც უფრო მოხერხებულს ხდის სროლის პროცესს.

ამ
სტატიის ავტორს ორივე ტყვიამფრქვევი გამოუცდია (ПКМ-დან ასობით ტყვიაც გაუსვრია) და შეუძლია თავისი შთაბეჭდილება გაუზიაროს მკითხველს. ამ ჩანაცვლებით ქართული ოცეულების საცეცხლე შესაძლებლობები მაინცდამაინც არ შეიცვლება, თუმცა ერთი, კონკრეტული კატეგორიის ვაზნა ამოვარდება ქართული არმიის შეიარაღებიდან, რაც შეამცირებს ვაზნების ნომენკლატურას.

საქმე ის არის, რომ ნატო-ს სტანდარტის ვაზნებზე გადასვლის შემდეგ გაიზარდა ქართული არმიის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის საჭირო ვაზნების ტიპების რაოდენობა, რამაც ძალზე გაართულა მათი შესყიდვა და საბრძოლო მოქმედების ზონამდე მიტანის პროცესი.

ერთ პერიოდში ქართული არმია ცხრა სხვადასხვა კალიბრისა და ტიპის ვაზნას იყენებდა. მათ შორის იყო "მაკაროვისა" და "პარაბელუმის" 9 მმ-იანი პისტოლეტის ვაზნები, "კალაშნიკოვის" 5,45 მმ-იანი და 7,62 მმ-იანი და მ4-ის 5,56 მმ კალიბრის ავტომატის ვაზნები, სნაიპერული СВД-სა და ПКМ ტყვიამფრქვევის 7,62 მმ კალიბრის შაშხანის ვაზნები, 12,7 მმ მსხვილკალიბრიანი ვაზნები ДШКМ საზენიტო ტყვიამფრქვევებისთვის და 14,5 მმ-იანი ვაზნები ჯავშანტრანსპორტიორებზე დამონტაჟებული КПВТ ტყვიამფრქვევებისთვის. გარდა ამისა, სპეციალური ოპერაციების ძალების საიარაღო ოთახებში ინახება სხვა კალიბრის ძვირად ღირებული ვაზნებიც, რომლებიც სნაიპერული იარაღისთვის არის განკუთვნილი.

ქართული სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში, მგონი, ერთადერთი იყო, რომელსაც შეიარაღებაში ПКМ-ის ტყვიამფრქვევები ჰქონდა, რასაც შეეძლო, ერთობლივი ოპერაციის დროს პრობლემა შეექმნა - თუ ჩვენს მეტყვიამფრქვევეებს ვაზნები გაუთავდებოდათ, მათ ვერც ამერიკელები და ვერც ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების მებრძოლები ვერ დაეხმარებოდნენ, რადგან მათ სხვა ვაზნები აქვთ.

ქართული საბრძოლო დანაყოფების არსენალში მხოლოდ ნატო-ს სტანდარტის 5,56მმ-იანი, 7,62მმ-იანი და 12,7 მმ-იანი ვაზნების დატოვება გააადვილებს მათ ლოჯისტიკურ მომსახურებას, ამასთან, უფრო ეფექტიანი გახდება ალიანსის წევრი ქვეყნების დანაყოფებთან ერთობლივი საბრძოლო ოპერაციების ჩატარება.

მსროლელისთვის საბჭოთა დროინდელი ПКМ-ი მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ერთიანი ტყვიამფრქვევია, განსაკუთრებით - მისი მოდიფიცირებული ვარიანტი Печенег-ი. სხვათა შორის, ეს მოდელი რუსეთის ერთ-ერთ სამეცნიერო ინსტიტუტში მაშინ შეიქმნა, როდესაც ამ ცენტრს 1992-დან 2000 წლის ჩათვლით ჩვენი თანამემამულე, ქობულეთელი ალექსანდრე ხინიკაძე ხელმძღვანელობდა. ის ცდილობდა, საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობა დაეინტერესებინა ჩვენთან ცეცხლსასროლი იარაღის სერიული წარმოებით, მაგრამ ამ წამოწყებიდან არაფერი გამოვიდა.

ერთი შეხედვით, ПКМ-ის საბრძოლო შესაძლებლობები ოდნავ აღემატება ამერიკული M240-ისას, თუმცა გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ახალი ПКМ-ებისა და განსაკუთრებით - მისთვის საჭირო ვაზნების შესაძენად ქართული არმია კვლავ პოსტსაბჭოთა იარაღის ბაზარზე დამოკიდებული დარჩებოდა.
ლაშა
09 ივლისი 2017 22:04
თავშეკავებულობა სისულელეში გადადის....ჯერ ერთი ოდნავ კი არა,საგრძნობლად აღემატება ცეცხლის სიძლიერეში,მეორეც რას ნიშნავს "თუმცა გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ახალი ПКМ-ებისა და განსაკუთრებით - მისთვის საჭირო ვაზნების შესაძენად ქართული არმია კვლავ პოსტსაბჭოთა იარაღის ბაზარზე დამოკიდებული დარჩებოდა"???დეფიციტია? რუმინეთში,უკრაინაში,ბულგარეთში???არ ყიდიან??? და რომ უფრო იაფია და ყველგან ყრია ეგ არაა უპირატესობა?

რედაქტორის რჩევით