"დედა, არ ინერვიულო... კაი ბალღები დამიზარდეთ..." - ტყვედჩავარდნილი მფრინავის გამოხსნის პროცესის უცნაურობანი - კვირის პალიტრა

"დედა, არ ინერვიულო... კაი ბალღები დამიზარდეთ..." - ტყვედჩავარდნილი მფრინავის გამოხსნის პროცესის უცნაურობანი

ოთხი თვის წინ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტყვედჩავარდნილი მფრინავის, სოსო ოსორაულის სულისშემძვრელი ვიდეომიმართვა ოჯახისადმი, ტელეკომპანია "იბერიამ“ გაავრცელა. ვიდეოჩანაწერში მფრინავი ოჯახს მიმართავს და ეუბნება, რომ ადამიანების ჩახოცვას ტყუილად აბრალებენ.

"დედა, არ ინერვიულო... ყველაფერი კარგად იქნება... კაი ბალღები დამიზარდეთ... ყველანი მენატრებით", - ამბობს მფრინავი ვიდეომიმართვისას.

(ვიდეო)

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ სოსო ოსორაულის გამოხსნის პროცესში უცნაურობები რომ ხდება და ის დიდი ალბათობით ცოცხალი იყო გაზეთი "კვირის პალიტრა“ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ წერდა.

არადა, მაისის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რატომღაც გაავრცელა ოსორაულის ახლობლებისთვის (და არა მარტო მათთვის) ძალზე შემაშფოთებელი ცნობა: "მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში."

"კვირის პალიტრამ" ერთი კვირის წინ სცადა, კონგოში მყოფი ინფორმაციის წყაროს დახმარებით გაერკვია, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს შემაშფოთებელი განცხადება.

გთავაზობთ ნაწყვეტს გაზეთში გამოქვეყნებული სტატიიდან, რომლის ავტორიც გამოცემის სამხედრო-ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილია:

"ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, სოსო ოსორაული ცოცხალია, მხოლოდ ერთი ბანაკიდან მეორეში გადაიყვანეს. მას ბანაკში თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ოსორაული დიდი ხანია, აღარ არის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ის ჯერ - რუანდაში, შემდეგ კი, სავარაუდოდ, უგანდაში გადაიყვანეს.

საქართველოს ხელისუფლებას არ მიუტოვებია თადარიგის ქართველი ოფიცერი, რომელიც საკუთარი ინიციატივით გაემგზავრა აფრიკაში. განვლილი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. თავდაპირველად მოთხოვნილი მილიონი დოლარი ტუტსის "23 მარტის მოძრაობის" ამბოხებულთა ლიდერებმა 150-200 ათასამდე შეამცირეს და სოსო უკვე სამშობლოში იქნებოდა, რომ არა ამბოხებულთა ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. ზოგი მათგანი გამოსასყიდ თანხასთან ერთად, პოლიტიკურ მოთხოვნებსაც უყენებს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ოსორაულის გათავისუფლების სანაცვლოდ, რისი შესრულება უფრო ძნელია, ვიდრე თანხის მოგროვება და გადახდა.

დაწვრილებით, თუ რა მოხდა ამა წლის 27 იანვარს კონგოში, როდესაც საქართველოს მოქალაქე ერთი მფრინავი ტყვედ აიყვანეს, მეორე კი დაშავდა, თუმცა ტყვეობას გადაურჩა, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია წაიკითხოს "კვირის პალიტრის" 6 თებერვლისა ("კონგოს ქართველი ტყვე") და 27 თებერვლის ("ტუტსის ტომი ქართველ ტყვეში მილიონ დოლარს ითხოვს!") სტატიებში.

ჩვენ კი დავძენთ: მიუხედავად იმისა, რომ სოსო ოსორაული პირადი ინიციატივით წავიდა აფრიკაში, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის იმდენი აქვს გაღებული (თუნდაც აგვისტოს ომის დროს, როდესაც მისმა საშვეულმფრენო ესკადრილიამ საჰაერო დარტყმები მიაყენა შემოჭრილი მტრის საბრძოლო კოლონებს, რაც დიდი გმირობის ტოლფასი იყო, რადგან საჰაერო სივრცეს რუსული გამანადგურებლები და საზენიტო საშუალებები მთლიანად აკონტროლებდნენ), რომ უდავოდ იმსახურებს სამშობლოს დახმარებას ტყვეობიდან რაც შეიძლება მალე გამოსახსნელად".