ჭიჭიკო ბენდელიანის რუსულ პოლკს საქართველო ყირიმიდან დაუბომბავს...
12-06-2017
ჭიჭიკო ბენდელიანის რუსულ პოლკს საქართველო ყირიმიდან დაუბომბავს...
რას წარმოიდგენდა უშიშარი ქართველი მფრინავ-გამანადგურებელი, რომ მისი პოლკის "შთამომავლები" 67 წლის შემდეგ მის სამშობლოს დაბომბავდნენ...

აგვისტოს ომის უცნობი დეტალები ანუ როგორ გამოიყენა რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოზე თავდასხმისთვის უკრაინის ტერიტორია და როგორ იყო თავმოყრილი მისი ჯავშანტექნიკა სომხეთ-საქართველოს საზღვართან...

ნებისმიერი ომი წლობით ინახავს საიდუმლოებებს და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომია.
აგვისტოს ომის დროს კრემლმა საქართველოზე თავდასხმისთვის რუსეთის ტერიტორიის გარდა, ყირიმიც რომ გამოიყენა, მაშინ გავიგეთ, როდესაც სევასტოპოლიდან გამოსულმა რუსეთის შავი ზღვის
ფლოტის საზღვაო ესკადრამ ოჩამჩირის სანაპიროზე დესანტი გადმოსხა. კრემლმა ეს შეტევითი ხასიათის საბრძოლო ოპერაცია უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, იუშჩენკოს დაუკითხავად ჩაატარა და ჯერ კიდევ მაშინ დაანახა როგორც უკრაინას, ისე - მთელ მსოფლიოს, რეალურად ვინ აკონტროლებდა ყირიმის ნახევარკუნძულს.

რუსული სპეციალიზებული საინფორმაციო საშუალებების ანალიზის შემდეგ "კვირის პალიტრამ" აღმოაჩინა, რომ
აგვისტოს ომის დროს ყირიმიდან რუსეთმა არა მარტო საზღვაო დესანტი გადმოსხა ჩვენს სანაპიროზე, არამედ საჰაერო დაბომბვებიც განახორციელა.

აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს ყირიმში, გვარდეისკოეს აეროდრომზე ბაზირებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 43-ე ცალკეული საზღვაო მოიერიშე საავიაციო პოლკის ოთხმა ეკიპაჟმა Су-24 ტიპის საფრონტო ბომბდამშენებით საბრძოლო გაფრენები განახორციელა ცხინვალის რეგიონში ქართული დასახლებული პუნქტების დასაბომბად. გარდა ამისა, ამავე პოლკის ორი ეკიპაჟი Су-24МР ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავებით საქართველოს ცაში სადაზვერვო ფრენებს ახორციელებდა.

სხვა ქვეყნების ტერიტორიების გამოყენება საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რუსეთის ხელისუფლებისთვის არახალია. აგვისტოს ომის დროს საქართველო-სომხეთის საზღვარს მომდგარი იყო რუსეთის 102-ე გიუმრის სამხედრო ბაზის საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი, არანაკლებ 50 ერთეული ჯავშანტექნიკით და ისინი მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაჭრელად.
სხვათა შორის, რუსულ საავიაციო პოლკში, რომელმაც ყირიმიდან საქართველო დაბომბა, დღესაც უდიდეს პა­ტივს სცემენ ჩვენს ცნობილ თანამემამულეს, საბჭოთა კავშირის გმირს, ჩოხატაურელ ჭიჭიკო ბენდელიანს, რომლის დიდი სურათი თვალსაჩინო ადგილზე უკიდიათ.

საქმე ის არის, რომ ამ პოლკის საავიაციო რგოლის მეთაური ჭიჭიკო ბენდელიანი ერთ-ერთი პირველი მფრინავი იყო, რომელიც 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას, საჰაერო ბრძოლაში ჩაერთო გერმანული თვითმფრინავების წინააღმდეგ. იგი 1944 წელს საჰაერო ბრძოლაში დაიღუპა, თუმცა მანამდე მოასწრო 400-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა, მარტომ ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 12 თვითმფრინავი (მათ შორის ერთი - საჰაერო ტარანით), ხოლო 20 - ჯგუფთან ერთად. საგულისხმოა, რომ ჭიჭიკო ბენდელიანის ცხედარი მისმა ქალიშვილმა უკრაინიდან სამშობლოში 2008 წელსვე გადმოასვენა. რას წარმოიდგენდა უშიშარი ქართველი მფრინავ-გამანადგურებელი, რომ მისი პოლკის "შთამომავლები" 67 წლის შემდეგ მის სამშობლოს დაბომბავდნენ...

P.S. ყირიმში, გვარდეისკოეს აეროდრომზე ბაზირებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 43-ე ცალკეულმა საზღვაო მოიერიშე საავიაციო პოლკმა საქართველოს დასაბომბად ყველაზე მოძველებული Су-24 (და არა - Су-24М) ტიპის საფრონტო ბომბდამშენები გამოიყენა, რომლებიც 2016 წელს ჩამოწერეს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს Су-24-ები 1993 წლამდე, ანუ რუსეთში გადაფრენამდე, კახეთში, დიდი შირაქის აეროდრომზე ბაზირებდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით