ბაქოს - შვეულმფრენები, ერევანს - საზენიტოები... - კვირის პალიტრა

ბაქოს - შვეულმფრენები, ერევანს - საზენიტოები...

300 რუსული "იგლა" და "ვერბა" სომხეთს აზერბაიჯანული "მფრინავი ნიანგების" "მოსაგერიებლად"

მთაგორიანი რელიეფის პირობებში დაბალ სიმაღლეზე მფრენი, მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილი შვეულმფრენები სასიკვდილო საფრთხეს უქმნის მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკას. სწორედ ამიტომ მთიან ყარაბაღში დისლოცირებულმა სომხურმა ძალებმა დიდი შეშფოთებით აღიქვეს ინფორმაცია, რომ მათმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთის ფედერაციამ მათ მთავარ მოწინააღმდეგეს - აზერბაიჯანს სამი წლის წინ 24 დამრტყმელი შვეულმფრენი, მოდერნიზებული "მფრინავი ნიანგი" МИ-35М მიჰყიდა.

ძალთა ბალანსი მთიან ყარაბაღში ნაწილობრივ დაირღვა, რათა აზერბაიჯანულ მოდერნიზებულ "მფრინავ ნიანგებს" მაქსიმალური 6 კმ სიშორიდან გაშვებული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით - "ატაკებით", სომხების თითქმის ყველა ტიპის ჯავშანტექნიკა აეფეთქებინათ.

მთიან ყარაბაღში სომხურ ძალებს, მართალია, ჰყავთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მათ შორის "ოსას" ტიპის, მაგრამ ხეობაში ძალიან დაბალ სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენის აღმოჩენა რადიოლოკატორით ძალზე ძნელია. უფრო მოსახერხებელია მისი დანახვა და გადასატანი საზენიტო "იგლის" გამოყენება, რომელიც საჰაერო სამიზნეს არა რადიოლოკაციური, არამედ სითბური დამიზნების მოწყობილობით "ჩაიჭერს" და უკან დაგეშილი ძაღლივით "აედევნება".

ამ ტაქტიკურ-ტექნიკური მოსაზრების გამო ცოტა ხნის წინ სომხებმა მთიან ყარაბაღში სტატუს კვო მეტ-ნაკლებად აღადგინეს, რაც რუსეთიდან დაახლოებით 300 ერთეულამდე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიიღეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული კომპლექსის ერთ გასაშვებ მოწყობილობას ორი საზენიტო რაკეტა მოჰყვება, სომეხი სამხედროები არანაკლებ 600 საზენიტო რაკეტით "გამდიდრდნენ".

ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ რუსეთმა სომხეთს გადასცა თანამედროვე Игла-С-სა და ულტრათანამედროვე ВЕРБА-ს ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. "ვერბა" იმით გამოირჩევა, რომ სამდიაპაზონიანი ინფრაწითელი დამიზნების მოწყობილობა აქვს და მისი მოტყუება "სითბური ხაფანგებით" ძნელია, ამასთან, საჰაერო სამიზნის დაზიანება 4,5 კმ სიმაღლეზეც შეუძლია, "იგლები" თუ "სტინგერები" კი 3,5 კმ-მდე თუ სწვდება. "ვერბა" აქამდე მხოლოდ რუსეთის არმიას ჰქონდა.

შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებისთვის ერთმანეთის გამანეიტრალებელი იარაღის მიყიდვა კრემლის კარგად ცნობილი ხრიკია; მაგალითად, აფხაზეთის ომის დაწყების წინ, 1992 წლის ზაფხულში, ქართულ არმიას ტანკები გადასცა, აფხაზებს კი - ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რათა სისხლისმღვრელი დაპირისპირება უფრო მასშტაბური ყოფილიყო...

მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში კი კრემლის მესვეურები, პოლიტიკასთან ერთად, დიდ ფულსაც აკეთებენ. აზერბაიჯანს რუსეთისგან 24 მოდერნიზებული "მფრინავი ნიანგის" ყიდვა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი დაუჯდებოდა, უფრო ღარიბმა სომხეთმა კი რუსულივე 200 მილიონდოლარიანი სესხით ნაყიდი უფრო იაფი "იგლებითა" და "ვერბებით" თითქმის გააქარწყლა აზერბაიჯანული დამრტყმელი შვეულმფრენებისგან მომდინარე საფრთხე. მთიან ყარაბაღში, ფრონტის ხაზთან ჩასაფრებული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვილი სომეხი მეზენიტეები დიდ თავსატეხს გაუჩენდნენ აზერბაიჯანულ "მფრინავ ნიანგებს" - გასულ წელს, აპრილის ოთხდღიანი ომის დროს აზერბაიჯანული დამრტყმელი შვეულმფრენი სომეხმა ჯარისკაცმა ხომ ჩვეულებრივი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნით ჩამოაგდო...

P.S. ინფორმაციისთვის: რუსული მოდერნიზებული დამრტყმელი შვეულმფრენი Vბ-35V სხვა არაფერია, თუ არა Vბ-24DV. სწორედ ასეთმა რუსულმა შვეულმფრენმა 2007 წლის 11 მარტს, ღამით, მართვადი რაკეტა "ატაკით" წერტილოვანი საჰაერო დარტყმა მიაყენა კოდორის ხეობაში სოფელ ჩხალთის ადმინისტრაციულ შენობას, ხოლო ერთი წლის შემდეგ, აგვისტოს ომის დროს, დიდი ლიახვის ხეობაში, სოფელ კეხვის თავზე გამოჩნდა...