ჩეხები ქართული არმიის გადაიარაღებას გვთავაზობენ... - კვირის პალიტრა

ჩეხები ქართული არმიის გადაიარაღებას გვთავაზობენ...

ჩეხეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმოების ასოციაციამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს ქართული არმიის ტანკების, თვითმფრინავების, რადიოლოკატორებისა და არტილერიის გარემონტება-მოდერნიზაციის კომპლექსური გეგმა შესთავაზა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ მარტინ სტროპნიცკის ჩამოჰყვა ჩეხი მრეწველების პატარა ჯგუფი, რომელმაც ქართულ მხარეს საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის რადიკალურად გაუმჯობესების მთელი პაკეტი შესთავაზა.

ჩეხეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმოების ასოციაციის (DSIA) დამფუძნებელმა კომპანია OMNIPOLMA-მ საქართველოში ჩამოიყვანა მსოფლიოში ცნობილი კომპანიების - ERA-ს (საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის პასიური თვალთვალის ლოკატორების წარმოება); TATRA-ს (მრავალხიდიანი ორმაგი დანიშნულების სატვირთო ავტომობილები); AERO Vodochody AEROSPACE-ს (L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები); VOP CZ-სა (ჯავშანტექნიკის, მათ შორის T-72 ტიპის ტანკებისა და ეს ჩამონათვალი მოიცავს ქართული არმიის საბრძოლო მზადყოფნის თითქმის ყველა სფეროს, რომელთა მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, რადგან საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის უდიდეს ნაწილს, დიდი ხანია, კაპიტალური რემონტი ან სულაც მოდერნიზაცია სჭირდება.

ქართულ არმიაში სამხედრო ტექნიკის არაერთი ტიპია ჩეხოსლოვაკიური წარმოების, მაგალითად, თვითმავალი საარტილერიო ქვემეხი-ჰაუბიცა DANA, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70, სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი L-39 "ალბატროსი" და სხვა. მათმა ნაწილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აქტიური მონაწილეობა მიიღო, გაისროლა ასობით ჭურვი, რაკეტა და კაპიტალურ რემონტს მოითხოვს. მათი მოდერნიზება აჯობებდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მაგალითად, საარტილერიო ცეცხლის კორექტირება სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორივე ეს საარტილერიო დანადგარი სწორედ "ტატრას" შასიზეა აწყობილი, რომლებიც სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის.

რაც შეეხება სასწავლო "ალბატროსებს", მათი მწყობრში ყოფნა აუცილებელია, რადგან თუ არ გვინდა, რომ მოიერიშე Су-25-ების ფრენების შეწყვეტის საკამათო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მთლად დავკარგოთ სამხედრო პილოტები, მათ სისტემატურად უნდა იფრინონ სასწავლო "ალბატროსებით". ამ სასწავლო თვითმფრინავში მოძველებული საბჭოთა რეაქტიული ძრავის ამერიკულით ჩანაცვლება და რადიოელექტრონული აპარატურის ციფრულით განახლება L-39 NG-ის დონემდე "ალბატროსს" ახალ სიცოცხლეს შესძენდა და ის მსუბუქი გამანადგურებლის ფუნქციებსაც კი შეითავსებდა.

აგვისტოს ომის შემდეგ დარჩენილ ქართულ T-72 ტიპის ტანკებს ასევე სჭირდება არა მარტო სასწრაფო კაპიტალური რემონტი, არამედ ისეთი მოდერნიზაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემოყვანილი მოწინააღმდეგის ახალი ტანკებისთვის საკადრისი პასუხის გაცემა რომ შეძლონ. ჩეხებმა შეძლეს ამ ძირითადი ტანკის მოდერნიზება T-72M4 CZ ტიპის დონეზე, რომელსაც რუსულ, შედარებით თანამედროვე T-90A-თან ბრძოლა წარმატებით შეუძლია.

ჩეხებმა რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფინანსურ პოლიციას 90-მდე თანამედროვე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი SCORPION EVO მიჰყიდეს და ასევე დაინტერესებული არიან, ქართული არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღებაში ულტრათანამედროვე ავტომატური საიერიშო შაშხანები CZ 805 BREN, აგრეთვე CZ 75 P-07 და CZ 75 P-09 ტიპის ნახევრად ავტომატური პისტოლეტები გამოჩნდეს.

ჩეხური მხარე ასევე გვთავაზობს მეხუთე თაობის რადიოტექნიკური დაზვერვის პასიურ სისტემა VERA-NG-ს, რომელიც სამი წლის წინ NATO-მაც შეიძინა. ეს სისტემა ისე აღმოაჩენს საფრენ აპარატებს (თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების საბორტე რადიოაპარატურის გამოსხივების ხარჯზე), რომ რადიოტალღებს არ გამოასხივებს, ამიტომ მას ვერ დააზიანებს მოწინააღმდეგის "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის მართვადი რაკეტა, როგორც აგვისტოს ომის დროს მოხდა, როცა რუსული ბომბდამშენიდან გამოშვებულმა ამ კლასის რაკეტამ თბილისის ზღვის თავზე სამოქალაქო რადიოლოკატორი აგვიფეთქა.

მართალია, აგვისტოს ომის დროს ჩვენ გვქონდა ასევე პასიურ რეჟიმში მომუშავე кольчуга-М-ები (რომლებიც მაშინდელმა ხელისუფლებამ უკრაინაში ძალიან ძვირად შეიძინა, რაც ე.წ. ოტკატის ტიპური მაგალითი იყო. ომის შემდეგ "კვირის პალიტრამ" "კოლჩუგების" ძალზე ძვირად შეძენასთან დაკავშირებით სპეციალური ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და მაშინდელი ჩინოვნიკების რამდენიმემილიონიანი კორუფციული მოგება გამოავლინა), მაგრამ ისინი მწყობრიდან გამოვიდა. "კოლჩუგებში" გადახდილი 16 მლნ-ზე მეტი დოლარით ჩეხეთში მაშინაც შევიძენდით უფრო ეფექტიან "ვერებს".

ჩეხების კიდევ ერთი შემოთავაზება ეხება სიმულაციურ სისტემებს, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ თვითმფრინავების, შვეულმფრენების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, ქვეითების მართვისა და საბრძოლო უნარ-ჩვევების დასახვეწად მინიმალური ხარჯით, ძვირად ღირებული საბრძოლო საჭურვლის დაუხარჯავად.

ჩეხეთის თავდაცვის მრეწველობისა და ქართული არმიის გენშტაბის წარმომადგენლების შეხვედრაზე ამ სტატიის ავტორი ჩეხურმა მხარემ დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტად მიიწვია და ჩვენ ერთი საინტერესო რამ დავასკვენით - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა გვთავაზობს ქართული არმიის შეიარაღების კომპლექსურ მოდერნიზაციას (აქამდე რამდენ ქვეყანას იქით ვეხვეწებოდით, იქნებ რაიმე შეიარაღება მოგვყიდოთო). ჩეხურ კომპანიებს საბჭოთა შეიარაღების კაპიტალური რემონტისა და მათი NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზაციის დიდი გამოცდილება აქვთ. რა თქმა უნდა, რემონტს და მით უმეტეს, მოდერნიზაციას დიდი თანხა სჭირდება (თუმცა, ჩეხმა სპეციალისტებმა "დანების" ტექნიკური მდგომარეობა უფასოდ შეგვიფასეს და მცირე რემონტიც უფასოდ გააკეთეს), მაგრამ ისიც ხომ აშკარაა, რომ ქართული არმიის შეიარაღება სასწრაფო განახლება-მოდერნიზაციას მოითხოვს.

ამასთან, ჩეხურმა მხარემ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა "დელტასთან" და თანახმაა, "დელტას" სპეციალისტებმა "ალბატროსების" რემონტიცა და მოდერნიზაციაც საქართველოში განახორციელონ. ეს შეიძლება კიდევ ერთი სიკეთე იყოს, რადგან გასარემონტებელი "ალბატროსები" აზერბაიჯანსა და შუა აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ბევრია. NATO-ს წევრ ჩეხეთთან ჩნდება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა, რაც გააუმჯობესებდა საქართველოს საჰაერო თავდაცვის, ავიაციის, ჯავშანტექნიკისა თუ არტილერიის საბრძოლო შესაძლებლობებს, მაგრამ შემხვედრი ნაბიჯი ქართულმა მხარემაც უნდა გადადგას, ზოგიერთ შემოთავაზებას დასთანხმდეს, ზოგიერთზე დაფიქრდეს, ივაჭროს. ყველაფერს ახლო მომავალი გვიჩვენებს...