ფოთი რუსული "ტოჩკების" სამიზნე ომამდე ათი თვით ადრე გახდა - კვირის პალიტრა

ფოთი რუსული "ტოჩკების" სამიზნე ომამდე ათი თვით ადრე გახდა

2007 წლის შემოდგომაზე ოჩამჩირეში მოსკოვმა საიდუმლოდ განათავსა Точка-У-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსების დივიზიონი, რომელთა რაკეტები ფოთის სამხედრო პორტს უმიზნებდა!

შარშან, 9 აგვისტოს ღამეს ფოთში მძლავრი აფეთქებების ხმა გაისმა. საქართველოს ამ შავი ზღვისპირა ქალაქს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტები დაუშინეს.

ჰიტლერმა 1944 წელს "ფაუ-2" ტიპის ბალისტიკური რაკეტები დააყარა ღამის ლონდონს, პუტინ-მედვედევმა 64 წლის შემდეგ გაიმეორეს სარაკეტო თავდასხმები ჯერ ფოთზე, შემდეგ გორზე. ფოთში რუსმა სამხედროებმა კასეტურქობინიანი რაკეტები გამოიყენეს. დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე ათეული ადამიანი.

"კვირის პალიტრაში" ჯერ კიდევ ომის დროს ვწერდით, რომ ფოთს რუსებმა ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები (Точка-У) ესროლეს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევდა ფოთში ჩამოვარდნილი ორი რაკეტის ძრავის ნაკვეთურის ფრაგმენტები, რომელთაგან ერთ-ერთი სამხედრო პოლიციის თეთრ "ნივას" კაპოტზე დაეცა.

Точка-У ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტაა, რომლის სიგრძე 6,4მ-ია, იწონის 2 ტონამდე. ფოთში ჩამოვარდნილ რაკეტებს კასეტური საბრძოლო ქობინები ჰქონდათ. თითოეული ქობინის მასა 482 კგ-ია და 50 საბრძოლო ელემენტს შეიცავს. მიწიდან 2 კმ-ის სიმაღლეზე რაკეტის ქობინი იხსნება და გადმოიყრება 50-ივე საბრძოლო ელემენტი (თითოეულ მათგანში 1,45 კგ მასის ასაფეთქებელი ნივთიერებაა), რომლებიც მიწასთან მიახლოებისას ფეთქდება და ცოცხალ ძალას 3,5-7 ჰა-ზე აზიანებს. ფოთში რუსული რაკეტების აფეთქებას სწორედ ამიტომ ემსხვერპლა ხალხი, შენობები არ დანგრეულა.

ეს ყველაფერი ჩვენი მკითხველისთვის მანამდეც იყო ცნობილი, ისევე, როგორც ის, რომ Точка-У-ებმა სტარტი ფოთისკენ ოჩამჩირიდან აიღეს.

მაგრამ ამ დღეებში "კვირის პალიტრამ" მოიპოვა ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

რუსულ მასმედიაში გაჟონა ცნობამ, რომ 9 აგვისტოს ღამეს ოჩამჩირის რაიონიდან ფოთის მიმართულებით 3 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა გაუშვეს (რაც ისედაც ვიცოდით). ამ რაკეტების გამშვები დივიზიონი ოჩამჩირის მახლობლად საიდუმლოდ ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბერში შეიყვანეს!

ეს ინფორმაცია კი ნამდვილად დიდი სიახლეა და ბევრ რამეს ცვლის.

Точка-У-ს თითოეულ სარაკეტო დივიზიონში 2-3 სასტარტო ბატარეაა, თითოეულ ბატარეაში კი  - 2-3 გამშვები დანადგარი.

გამოდის, რომ მოსკოვმა Точка-У-ს 4-9 დანადგარი ჩუმად გადაისროლა ჯერ კიდევ დაუპყრობელ აფხაზეთში და ისინი საიდუმლო სასტარტო პოზიციებზე განალაგა ომის დაწყებამდე ათი თვით ადრე! ე.ი. კრემლი უკვე სერიოზულად ემზადებოდა ფართომასშტაბიანი ომისთვის!

Точка-У-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსს მიზნის დაზიანება მაქსიმალურ მანძილზე - 120კმ-ზე შეუძლია.

თუ ამ მონაცემს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ოჩამჩირესთან გადამალული სარაკეტო კომპლექსებით წერტილოვანი დარტყმის მიყენება რუს სამხედროებს შეეძლოთ არა მარტო ფოთისთვის, არამედ ზუგდიდისთვის, ბათუმისთვის, სენაკისა და ქუთაისისთვისაც კი!

ომის დროს ამერიკულმა სადაზვერვო თანამგზავრებმა, რომლებიც სარაკეტო სტარტების დასაფიქსირებლად არიან განკუთვნილნი (ისინი სტარტის დროს რაკეტის ძრავიდან გამოსულ ცეცხლის ალს აფიქსირებენ) აღმოაჩინეს 15-ზე მეტი რუსული Точка-У-სა და  Искандер-ის სტარტი.

ომამდე სამი თვით ადრე აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები (Hermes-450) დაფრინავდნენ (სამი მათგანი რუსმა სამხედროებმა მაშინ ჩამოგვიგდეს). ვერ გეტყვით, რას ეძებდნენ ასე დაჟინებით აფხაზეთის ტყეებში, მაგრამ კარგი იქნებოდა, ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბერში ოჩამჩირესთან გადამალული Точка-У-ების დივიზიონი რომ აღმოეჩინათ (მარტო ერთ სარაკეტო კომპლექსში რაკეტის გამშვები დანადგარის გარდა, 5 დამხმარე მანქანა შედის. ასე რომ, დივიზიონში სხვადასხვა დანიშნულების 50-60 მანქანა მაინც არის, რომელთა ასპროცენტიანი გადამალვა შეუძლებელია. "ჰერმესების" ოპერატორებს უნდა სცოდნოდათ, რას ეძებდნენ), მაშინ თბილისს მიეცემოდა კოზირი, საერთაშორისო არენაზე რუსეთისთვის პასუხი მოეთხოვა აფხაზეთში სარაკეტო კომპლექსების უკანონოდ შემოტანისთვის.

მართალია, თბილისი აპროტესტებდა აფხაზეთში რუსული სარკინიგზო ჯარების ბატალიონისა და მედესანტეების უკანონო შეყვანას, მაგრამ ამას დასავლეთში (იმავე აშშ-ში) ნაკლებად სერიოზულად უყურებდნენ.

მაგრამ ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსების ჩუმად გადასროლა, რომელთაც 120 კმ-ზე ბირთვული ქობინის 50 მ-იან დიამეტრში მორტყმაც შეუძლიათ, დასავლეთს, და უპირველესად,  NATO-ს წევრ თურქეთს ააფორიაქებდა, რადგან გალის რაიონიდან  Точка-У-ს რაკეტა თურქეთის ტერიტორიასაც დაუბრკოლებლად სწვდება.

P.S. აგვისტოს ომის მესამე დღეს როკის გვირაბიდან ჯავაში Точка-У-ს ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი შეიყვანეს, რომლის მთავარი სამიზნე... თბილისი იყო!