მამისონის მეტეოსადგურს რუსეთის ФСБ აკონტროლებს - კვირის პალიტრა

მამისონის მეტეოსადგურს რუსეთის ФСБ აკონტროლებს

მიუხედავად ოფიციალური თბილისის არაერთგზის უარყოფისა, მამისონის უღელტეხილზე მდებარე ყოფილი მეტეოსადგურის შენობა რუსი მესაზღვრეების დასაყრდენ პუნქტად ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გადაიქცა.

მამისონის უღელტეხილი რუსეთის გეგმებში არცთუ ბოლო ადგილზეა, რადგან იგი უნდა გახდეს დამხმარე გზა რუსეთიდან ცხინვალის რეგიონისკენ, თუკი როკის გვირაბი რამე მიზეზით ჩაიკეტა.

ამიტომაც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში - ФСБ-ში შემავალი რუსი მესაზღვრეების ჩრდილო ოსეთის სამმართველომ შარშანდლიდან დაიწყო ამაზე ზრუნვა და მამისონის უღელტეხილზე მდებარე ყოფილი მეტეოსადგურის შენობაში 2009 წლის მაისში სასაზღვრო ჯგუფი გადასვა.

ეს მეტეოსადგური ამ ოცდაათიოდე წლის წინ მამისონის უღელტეხილზე "თბილმეტრომშენის" მე-13 საგვირაბო რაზმმა ააგო. 1995 წელს იქ საზეიმოდ გაიხსნა ქართველი მესაზღვრეების საგუშაგო, რომელსაც საქართველოს მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ნიკო ლეკიშვილიც დაესწრო.

მას შემდეგ, 2009 წლამდე, ქართველ მესაზღვრეთა პატარა ჯგუფი ყოველწლიურად, მაის-ივნისიდან სექტემბერ-ოქტომბრამდე, იმყოფებოდა ამ ყოფილ მეტეოსადგურში; ოქტომბრიდან აპრილამდე კი სასაზღვრო საგუშაგო იკეტებოდა, რადგან მამისონზე მოსული დიდი თოვლი თითქმის გაუვალს ხდიდა უღელტეხილს.

2009 წლის მაისში, აგვისტოს ომის შემდეგ, ყოფილი მეტეოსადგურისკენ მიმავალ ქართველ მესაზღვრეებს რუსი კოლეგები დახვდნენ. ამას მოჰყვა პანიკა საქართველოს ხელისუფლების დონეზე, რამაც შოვთან, მდ. ჭანჭახზე გადებული ნიკოლოზის ხიდი შეიწირა, თუმცა ხიდის პანიკის გამო აფეთქებას ხელისუფლება დღესაც არ აღიარებს. მოგვიანებით ხიდი აღადგინეს, გარკვეულწილად, გასაგები იყო პანიკის საფუძველიც, რადგან ზაფხულში მამისონის უღელტეხილით გადმოსულ რუსულ სამხედრო დანაყოფებს შეეძლოთ რაჭა-ლეჩხუმის გავლით ქუთაისამდე ჩამოსვლა.

უნდა თუ არა ხელისუფლებას ამის აღიარება, მამისონის უღელტეხილს უკვე რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. ისინი ოფიციალურადაც აცხადებენ, რომ იცავენ რუსეთის ფედერაციის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს, საქართველო კი აქ არაფერ შუაშიაო...