მოსკოვმა ყირგიზეთს "საქართველოს კარტი" გაუთამაშა - კვირის პალიტრა

მოსკოვმა ყირგიზეთს "საქართველოს კარტი" გაუთამაშა

ყირგიზეთში დაწყებული სამოქალაქო ომით რუსეთი თავისი გავლენის ქვეშ თანდათანობით მთელ შუა აზიას მოაქცევს...

ყირგიზეთში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაამაგრა ერთი თვის წინ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში, "ბიშკეკი დღეს - თბილისი 1991 წლის დეკემბერში", გამოთქმული ვარაუდი, რომ პრეზიდენტ ბაკიევის იარაღით ჩამოგდების სცენარი ძალიან წააგავდა 1991 წლის ბოლოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის - გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას.

მეტიც: 1992 წლის გაზაფხულისთვის დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო გამსახურდიასა და დროებითი ხელისუფლების შეიარაღებულ ფორმირებებს შორის, დღეს კი ყირგიზეთში ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდნენ ექსპრეზიდენტ ბაკიევის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. კიდევ ერთი მსგავსება: 1992 წლის იანვარში თბილისიდან გაქცეული პრეზიდენტი გამსახურდია ჩეჩენმა კოლეგამ, გენერალმა დუდაევმა შეიფარა, ბაკიევს თავშესაფარი ბელორუსიის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მისცა.

ეს გარემოება კი შეიძლება იმაზე მიგვანიშნებდეს, რომ გარკვეულ ძალებს ჯერჯერობით ხელს აძლევთ ბაკიევის სიცოცხლე, რათა საჭირო მომენტში ბიშკეკში დააბრუნონ სამოქალაქო ომის გასაგრძელებლად. 1993 წლის შემოდგომაზე საქართველოში სწორედ ასე მოხდა, როდესაც პრეზიდენტი გამსახურდია გროზნოდან ზუგდიდში დაბრუნდა...

დღეს, ეტყობა, დიდი საიდუმლო აღარ არის ის, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა მოსკოვიდან იმართებოდა, რასაც თავისი დუმილითა და უმოქმედობით ერთგვარი თანხმობა მისცა აშშ-ის მაშინდელმა ხელისუფლებამ.

აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი ობამაც არ დაინტერესებულა ყირგიზეთში კოლეგის ხელისუფლების შენარჩუნებით, რამაც კრემლს საშუალება მისცა, ბიშკეკში "1991 წლის საქართველოს" სცენარი ზუსტად გაეთამაშებინა.

მაშინ საქართველოში მოწყობილი სამხედრო გადატრიალებით მოსკოვმა საქართველოზე და მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე პოლიტიკური და სამხედრო გავლენა არანაკლებ 14 წლით გაიხანგრძლივა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიიდან საბოლოოდ არ გავიდა ვაზიანში, ბათუმსა და ახალქალაქში მდგარი რუსული სამხედრო ბაზები.

ყირგიზეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დროებითი ხელისუფლება უკვე მთელი მსოფლიოს დასანახავად ეხვეწება რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინსა და პრეზიდენტ მედვედევს პოლიტიკური, ეკონომიკური და თვით სამხედრო დახმარების გაწევას.

ყირგიზეთში შექმნილი დაძაბული სიტუაცია დროთა განმავლობაში აუცილებლად გადაედება შუა აზიის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელთა მეთაურები ქედს არ მოუდრეკენ ამ რეგიონზე რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის ზრდას.

შუა აზიაში რუსეთს გამარჯვება თითქმის მოპოვებული აქვს - ეს მხოლოდ დროის ფაქტორია.

მაგრამ მკითხველს, ბუნებრივია, აინტერესებს, ხომ არ გაგრძელდება ყირგიზეთის სცენარი საქართველოში? ეს შესაძლებელია, რადგან, სამწუხაროდ, პატარა ქვეყნების ბედი ზესახელმწიფოთა ლიდერების რთული პოლიტიკური ჭადრაკის თამაშის დროს წყდება და ასეთ დროს პაიკებს ადვილად წირავენ...