ავტომატებით - სხვის გზებზე... - კვირის პალიტრა

ავტომატებით - სხვის გზებზე...

2006 წლის 20 მაისს ავტომატიანი ქართველები ერაყის გზაზე ხელაწეულ ერაყელებს ჩხრეკდნენ. სამი თვის შემდეგ, 20 აგვისტოს, უკვე ავტომატიანი რუსები აწევინებდნენ ხელებს ქართველებს იგოეთის ტრასაზე...

თუ შენს თავზე არ გამოცდი, სხვის ტკივილს ვერ მიხვდები... ცხოვრება ძალზე უცნაური რამ არის და ხშირად გაძლევს მოვლენათა შედარების საშუალებას.

2008 წლის 20 მაისს ერაყის ვასიტის პროვინციაში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტინგენტის საპატრულო დანაყოფთან ერთად ამერიკული დაჯავშნული "ჰამერით" ერაყის გზებზე დავდიოდი. დავალებაში შედიოდა მოულოდნელი ჩეკ-პოინტის მოწყობა, როდესაც გზაზე მიმავალი "ჰამერების" კოლონა მოულოდნელად ჩერდება, გზას კეტავს და იწყებს მანქანებისა და მგზავრების ჩხრეკას იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების თუ ნარკოტიკების მოსაძებნად.

ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ერაყელები უსიტყვოდ გადმოდიოდნენ მანქანებიდან და ხელებაწეულნი ქართველ სამხედროებს გაჩხრეკის უფლებას პროტესტის გარეშე აძლევდნენ.

ერაყელი თარჯიმნის საშუალებით (რომელიც საბჭოთა პერიოდში ფოთის სამხედრო პორტში გადიოდა მომზადებას და რუსული იცოდა) რამდენიმე ერაყელს გავესაუბრე.

ჩემს შეკითხვაზე - წინააღმდეგი ხომ არ ხართ, რომ ქართველი ჯარისკაცები გჩხრეკენ-მეთქი, მიპასუხეს, - ქართველებს პატივს ვცემთ და ვიცით, რომ ეს აუცილებელიაო.

მიუხედავად ასეთი პასუხებისა, მათ თვალებში რაღაც შევამჩნიე, რომელსაც მთლად ზიზღი არ ეთქმოდა, თუმცა ვერც მეგობრულს ვუწოდებდი (იმავე დღეს, უკან, ბაზისკენ მიმავალი ჩვენი "ჰამერების" კოლონას თავს დაესხნენ და გზის პირას ჩამალულმა დისტანციურმა მართვადი მიმართული მოქმედების ნაღმმა პირველი "ჰამერის" გვერდის ჯავშანი გაგლიჯა და ოთხი ქართველი სამხედრო დაგვიჭრა).

ამ საიდუმლოებას ზუსტად სამ თვეში მოვუძებნე ახსნა, როდესაც 2008 წლის 20 აგვისტოს ისეთივე "კალაშნიკოვებით" უკვე რუსი ოკუპანტები გვაწევინებდნენ ხელებს იგოეთში...

ჩანს, იმ მომენტში ჩვენს თვალებშიც იგივე კითხვა იდგა, რაც სამი თვის წინ იმ ერაყელებისაში - შენ, უცხო ქვეყნის წარმომადგენელს, რა გინდა ჩემს გზაზე და თანაც იარაღმოღერებულს?! ეს ხომ ჩემი ქვეყანაა და არა შენი, მშვიდობის დამყარება ჩემი საქმეა და არა გადამთიელისა...

ცხოვრება ბევრი პარალელის გავლების საშუალებას გვაძლევს.

ჩვენ ხომ სამართლიანად ვთვლით საქართველოში შემოჭრილ რუს სამხედროებს დამპყრობლებად, მეეჭვება, ერაყში მყოფი ავტომატიანი ქართველი სამხედრო გზაზე ხელებაწეულ ერაყელს თავისი ქვეყნის განმათავისუფლებლად მიეჩნია, ისევე როგორც დღეს ავღანეთში გაგზავნილი ჩვენი სამხედროები...

სხვის ომებში ქართველი მებრძოლების გაგზავნის ტრადიცია, სამწუხაროდ, დღეს არ დაწყებულა, საუკუნეების წინაც ასე იყო, როდესაც საქართველოს დამპყრობ ან ჩვენს ქვეყანაზე დიდი გავლენის მქონე დიდ სახელმწიფოს თავის დამპყრობლურ ომებში ქართველებიც მიჰყავდა საზარბაზნე ხორცად...