ავღანეთში ქართული სამხედრო მისია გრძელდება
03-07-2017
ავღანეთში ქართული სამხედრო მისია გრძელდება
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29 წევრიდან 15 ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში, თავისი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას გაზრდის

სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე ავღანეთი თითქოს ჩრდილში მოექცა, თუმცა იქ თალიბანი არავის დაუმარცხებია, პირიქით, ამ ქვეყანაში სიტუაცია ისევ იძაბება.

სამი წლის წინ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთში 2001 წელს დაწყებული ISAF-ის ოპერაცია დაასრულა, 2015 წლის პირველი იანვრიდან კი ავღანეთში ახალი ოპერაცია დაიწყო, სახელწოდებით "მტკიცე მხარდაჭერა", რომელიც ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერას უფრო ისახავს მიზნად, ვიდრე საბრძოლო
ოპერაციების განხორციელებას. შემცირდა ამ მისიაში მონაწილეთა რაოდენობაც. თუკი ISAF-ის ოპერაციაში 48 ქვეყნის 132 ათასამდე სამხედრო (მათ შორის - 90 ათასი ამერიკელი) იღებდა მონაწილეობას, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მათი რიცხვი 13 ათასამდე, ანუ ათჯერ შემცირდა.
ეს პროცესი ქართულ სამხედრო კონტინგენტსაც შეეხო. თუკი ISAF-ის ოპერაციაში მისი მაქსიმალური რაოდენობა
1 561 კაცს აღწევდა, დღეს ავღანეთში, "მჭიდრო მხარდაჭერის" მისიაში საქართველოს 870 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს გაგზავნილი, რომლებიც იქ როტაციის პრინციპით, ნახევარი წლით იმყოფებიან.

სამაგიეროდ, უცვლელი დარჩა ქართული "რეკორდი" - როგორც ISAF-ის ოპერაციაში იყო ქართული სამხედრო კონტინგენტი ყველაზე მრავალრიცხოვანი NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის (ჩვენზე მრავალრიცხოვანი მისია ISAF-ში მხოლოდ აშშ-ს,D დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და იტალიასD ჰყავდა), ასევე ვინარჩუნებთ ამ პოზიციას "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაშიც - საერთო სიაში მეოთხე ადგილზე ვართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების: აშშ-ის (11-ათასიანი კონტინგენტი), იტალიის (1 000 სამხედრო და სამოქალაქო პირი) და გერმანიის (980 სამხედრო) შემდეგ (დიდმა ბრიტანეთმა თავისი კონტინგენტი 500-მდე შეამცირა).

საზოგადოების ნაწილი ძალზე კრიტიკულად არის განწყობილი ამგვარი "შეჯიბრებით". ავღანეთში რაც შეიძლება მეტი სამხედროს გაგზავნით თითქოს ვცდილობათ, დასავლეთს დავანახვოთ, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებას იმსახურებს, თუმცა წინა ხელისუფლების მიერ რუსეთ-საქართველოს ომის ერთი წლის შემდეგ (როდესაც ყოველ წუთს ველოდით რუსული სამხედრო აგრესიის განახლებას) დაწყებული ეს პოლიტიკა (2009 წლის შემოდგომაზე ავღანეთში გავგზავნეთ სამხედრო კონტინგენტი და ამის მერე მის რაოდენობას თითქმის ყოველწლიურად ვზრდიდით) დღემდე ვერ გახდა ალიანსში ჩვენი მიღების საფუძველი.
მართალია, NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა ყოველთვის აღიშნავს ქართველი სამხედროების ავღანური მისიის დიდ მნიშვნელობას, მაგრამ ამის პრაქტიკული შედეგი, მერვე წელია, არ ჩანს.
ავღანეთში კი სიტუაცია ისევ იძაბება, მიუხედავად იმისა, რომ NATO ადგილობრივ ხელისუფლებას 360-ათასიანი არმიისა და უსაფრთხოების ძალების შექმნაში დაეხმარა.

ავღანეთში "ისლამური სახელმწიფოც" გამოჩნდა, რომელიც ყველას ეომება, მათ შორის - თალიბებსაც. ამერიკული სპეცსამსახურები ეჭვობენ და შეიძლება არცთუ უსაფუძვლოდ, რომ რუსეთი ფარულად აიარაღებს თალიბებს, რათა მათ უფრო მძლავრი წინააღმდეგობა გაუწიონ NATO-ს მისიას.
ამ ყველაფრის ფონზე ბრიუსელში, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, 29 ივნისს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ალიანსის 29 წევრი ქვეყნიდან 15 "მჭიდრო მხარდაჭერის" მისიაში თავისი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას გაზრდის.
ქართული სამხედრო კონტინგენტი ავღანურ მისიაში რჩება, მაგრამ იმედი გვაქვს, ისევ არ წავიყოყლოჩინებთ და მისი რაოდენობის გაზრდით დასავლელი პოლიტიკოსების წინაშე თავს არ მოვიწონებთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით