რუსული "ქრიზანთემები" სომხეთ-აზერბაიჯანს უფრო დააპირისპირებს... - კვირის პალიტრა

რუსული "ქრიზანთემები" სომხეთ-აზერბაიჯანს უფრო დააპირისპირებს...

მოსკოვმა ბაქოს ახალი, ძლიერი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები მიაწოდა, რითაც ერევნის, მართალია, მორიდებული, მაგრამ მაინც გულისწყრომა დაიმსახურა

ქრიზანთემა ლამაზი ყვავილია, მაგრამ ის სომხეთის არმიის ტანკისტებისთვის შეიძლება აფეთქების სინონიმად იქცეს.

კასპიის ზღვის გავლით ბაქოს პორტში ასტრახანიდან საზღვაო ბორნით თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები - Хризантема-С -ები ჩაიტანეს. ბოლო წლებში აზერბაიჯანმა რუსეთისგან თითქმის 5 მლრდ დოლარის ღირებულების საბრძოლო ტექნიკა და საჭურველი შეიძინა და ამიტომაც ამ ახალი "ყვივილებით" ვერავის გააკვირვებდა, თუმცა სომხეთის ხელისუფლებისთვის ეს შეიძლება კრემლის მხრიდან მორიგ გაწბილებად ჩაითვალოს.

გარდა პოლიტიკური მნიშვნელობისა (გაუჭირდება ერევანს იმასთან შეგუება, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი მის უმთავრეს მოწინააღმდეგეს - აზერბაიჯანს აიარაღებს, თანაც - შეტევისთვის განკუთვნილი საბრძოლო ტექნიკით), აზერბაიჯანის არმიის კუთვნილმა რუსულმა "ქრიზანთემებმა" შეიძლება სომხური ტანკები შორი მანძილიდანაც ააფეთქონ.

აზერბაიჯანელი გენერლები დიდ ყურადღებას უთმობენ მომავალ შესაძლო შეტაკებებში სომხური ტანკების განადგურების ხერხებისა და საშუალებების დახვეწას. ისრაელისგან ნაყიდი ტანკსაწინააღმდეგო "სპაიკები" საუკეთესო საშუალებაა ზემოდან ტანკების გასანადგურებლად (რისი დემონსტრირებაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გასული წლის აპრილში მთიან ყარაბაღში წარმატებით შეძლეს), თუმცა ნისლსა თუ ძლიერ წვიმაში "სპაიკის" ტელე ან თბოვიზორული დამიზნების სისტემა მიზანს კარგად ვერ ხედავს და მისი საბრძოლო გამოყენების ეფექტურობა ქვეითდება. არც ის არის გამორიცხული, მოწინააღმდეგემ განზრახ გამოიყენოს კვამლის ყუმბარები (ტანკების კოშკურებზე დაყენებულია კვამლის ყუმბარების სატყორცნი მორტირები).

სწორედ ასეთ დროს "ასპარეზზე გამოდის" რუსული Хризантема-С , რომლის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების დამიზნება მილიმეტრულ დიაპაზონში მომუშავე რადიოლოკაციური არხით ავტომატურ რეჟიმში ხდება. მასზე გავლენას ვერ ახდენს ვერ ნისლი და კოკისპირული წვიმა და ვერც - ღამის სიბნელე. გარდა ამისა, ოპერატორს რაკეტის დამიზნება ნახევრად ავტომატურ რეჟიმში ლაზერის სხივითაც შეუძლია, რის გამოც Хризантема-С მსოფლიოში ერთადერთი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებაა, რომელსაც საბრძოლო მოქმედება დღე-ღამის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ამინდში შეუძლია.

პირველ ეტაპზე აზერბაიჯანმა ათზე მეტი Хризантема-С -ს მობილური დანადგარი მიიღო. ალბათ, მალე ბაქო რუსეთიდან კიდევ მიიღებს 15-მდე ასეთ დანადგარს, რაც უდავოდ გააძლიერებს აზერბაიჯანის ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობებს მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზზე.