"თქვენ თეირანს არ მისცეთ C-300-ები, ჩვენ თბილისს SPyDER-ებს არ მივყიდით" - კვირის პალიტრა

"თქვენ თეირანს არ მისცეთ C-300-ები, ჩვენ თბილისს SPyDER-ებს არ მივყიდით"

რუსეთისა და ისრაელის პრეზიდენტები - დმიტრი მედვედევი და შიმონ პერესი ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ და რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება გამართეს.

მოლაპარაკებამდე შიმონ პერესმა რუსული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში მკაფიოდ აღნიშნა, რომ ისრაელი საქართველოს იარაღით არ ამარაგებს...

ჩანს, ისრაელის პრეზიდენტის ეს განცხადება, პირველ რიგში, მისი რუსი კოლეგის გასაგონად გაკეთდა - პერესმა მას ნათლად მიანიშნა, საქართველოს იარაღით არ ვამარაგებთ და არც მომავალში მივცემთ რამესო...

ყოველ შემთხვევაში, საქართველოს საუკეთესო სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა ჰქონდა წლების განმავლობაში ისრაელის ცნობილ საიარაღო ფირმებთან - გაიხსენეთ "ელბიტთან" ერთად მოდერნიზებული მოიერიშე თვითმფრინავი Ce-25R  "სკორპიონი", "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოყიდული თანამედროვე ავტომატური შაშხანა "ტავონა", ჩვეულებრივი "გალილი", ტყვია-წამალი, უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები ("ჰერმესი"), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ("გრად-ლარი" და Lar-160), შემნიღბველი ბადეები და, რა თქმა უნდა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (SPYDER-ი)...

როგორც ხედავთ, ებრაული იარაღი, მათ შორის თანამედროვეც (ოღონდ მცირე რაოდენობით), ქართული არმიის არსენალში იშვიათობა არ იყო.

ერთმა ნაწილმა აგვისტოს ომშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა, მათ შორის ისრაელის მიერ მოდერნიზებულმა ქართულმა ტანკებმა (T-72 Sim1, Lar-160, Spyder-ი), რომლებმაც მოწინააღმდეგეს, ანუ რუსეთის არმიას, მტკივნეული დარტყმები მიაყენეს (მათ შორის შპყდერ-ებმა), რამაც მართლაც გააცოფა რუსეთის ხელისუფლება...

ფაქტობრივად, SPYDER-ების მიერ ჩამოგდებული და დაზიანებული რუსული თვითმფრინავებით ებრაელებმა მოსკოვს სამაგიერო გადაუხადეს 2006 წლის ლიბანის ომის გამო - რუსულმა ტანკსაწინააღმდეგო РПГ-29 "ვამპირებმა" ნაქები ებრაული ტანკები - "მერკავები" ააფეთქეს.

მაგრამ დღეს ისრაელის სასწორზე უფრო სერიოზული პრობლემა დევს, კერძოდ, ირანის ბირთვული პროგრამა.

აღარავინ მალავს, რომ ისრაელს მზად აქვს კონკრეტული საჰაერო თავდასხმის გეგმა, რომლითაც მწყობრიდან უნდა გამოიყვანოს ირანის ატომური რეაქტორები, როგორც ეს თელ-ავივმა ერთხელ უკვე გააკეთა ერაყში - გაანადგურა ჰუსეინის ატომური რეაქტორი.

თეირანიც კარგად ხვდება ამას და ამიტომაც აძლიერებს საჰაერო თავდაცვის სისტემას. ჯერ რუსეთში ახლო მოქმედების რადიუსის 29 ცალი TOP-M1 იყიდა ატომური ობიექტების დასაცავად, ახლა კი ირანელები რუსეთისგან შორი მოქმედების C-300 ტიპის მოდერნიზებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შესყიდვას აპირებენ. ამ გარიგების შესრულების შემდეგ ირანის საჰაერო სივრცე საიმედოდ გადაიკეტება და თითქმის შანსს არ დაუტოვებს ისრაელის ავიაციას, ზუსტი დარტყმები მიაყენოს ირანის ატომურ ობიექტებს.

სოჭში ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ პრესაში გაჟონილ ინფორმაციას თუ ვენდობით, ისრაელის პრეზიდენტს მედვედევისთვის უთხოვია ირანისთვის C-300-ების მიყიდვის შეჩერება. კრემლის საპასუხო მოთხოვნა კი დაახლოებით ასე ჟღერდა: სამაგიეროდ, ისრაელმა საერთოდ აღარ მიჰყიდოს იარაღი საქართველოს...

რუსეთი და ისრაელი სტრატეგიულ ინტერესებში ერთმანეთს ალბათ გაუგებენ, ხოლო საქართველო იმ "ობობების" გარეშე დარჩება, რომელმაც ასე დააფრთხო რუსეთის სამხედრო პილოტები.