შავი ზღვა NATO-სი ხდება... ორი კვირით
შავი ზღვა NATO-სი ხდება... ორი კვირით
საქართველოს დროშა შავ ზღვაში სხვა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში იფრიალებს

ოდესასთან მოდრეიფე ამერიკულ კრეისერს ფრთოსანი "ტომაჰავკების" მიღწევა კრემლამდე შეეძლება...


უკრაინელებს და შეიძლება - ქართველებსაც ორი კვირა მშვიდად ეძინებათ, რადგან 10-დან 22 ივლისის ჩათვლით მათ უსაფრთხოებას შავი ზღვის აკვატორიიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძლიერი საზღვაო არმადა დაიცავს.

Aამ პერიოდში უკრაინის ტერიტორიულ (ოდესისა და ნიკოლაევის სიახლოვეს) და ნეიტრალურ წყლებში მორიგი საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო სწავლება Sea Breeze-2017 ჩატარდება, რომელშიც სწავლების ორგანიზატორების - უკრაინისა დაA აშშ-ის გარდა, კიდევ
15 ქვეყნის, მათ შორის - საქართველოს წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

Sea Breeze-ს ისტორია ოცი წლის წინ დაიწყო, როდესაც უკრაინამ და აშშ-მა პირველი ერთობლივი საზღვაო სწავლება გამართეს ყირიმის ნახევარკუნძულთან. მას შემდეგ ეს სწავლება 16-ჯერ გაიმართა. ორჯერ - 2006 და 2009 წლებში - ის ყირიმის მოსახლეობის პრორუსულად განწყობილმა
ნაწილმა პორტისა და გზების ბლოკირებით ჩაშალა.

მისასალმებელია, რომ ქართული მხარე Sea Breeze-2017-ზე, შტაბის ორი ოფიცრის გარდა, წარმოდგენილი იქნება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფლაგმანით, სადარაჯო ხომალდ "სოხუმით". მართალია, მიუხედავად მისი მრისხანე სახელწოდებისა (სადარაჯო ხომალდი!), ის ფრეგატებისა და მით უმეტეს - ამერიკული კრეისერის გვერდით პატარა საპატრულო კატარღად გამოჩნდება, მაგრამ მთავარი სხვა რამ გახლავთ - საქართველოს დროშა შავ ზღვაში სხვა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში იფრიალებს. გარდა ამისა, "სოხუმის" ეკიპაჟი საჭირო გამოცდილებას მიიღებს ფოთი-ოდესა-ფოთის არცთუ უხიფათო სანაოსნო გზის გავლისას (ამ სტატიის ავტორს თავის დროზე მოუწია სარაკეტო კატარღით "თბილისით" სწორედ ასეთი სანაოსნო გზის გაცურვამ და ტუაფსესთან 4-5-ბალიან შტორმშიც მოყვა, ამიტომაც მხოლოდ გადმოცემით არ იცის, რას ნიშნავს ასეთი შტორმი მცირეწყალწყვიანი კატარღისთვის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც წინ არ მიცურავ და დრეიფობ, რადგან სვლადაკარგულ შენს სადესანტო ხომალდს ვერ მიატოვებ...)

Sea Breeze-2017-ის სწავლების სცენარი ოდნავ განსხვავებული იქნება წინამორბედებისგან, რადგან გარდა წმინდა საზღვაო კომპონენტისა, მოიცავს სანაპირო და საჰაერო შემადგენელ ნაწილებს, ანუ სწავლების შტაბი, სახომალდო ტაქტიკური ჯგუფების გარდა, სანაპირო დაცვისა და საბრძოლო ავიაციის ურთიერთშეთანხმებული მოქმედების კოორდინაციას განახორციელებს.

Sea Breeze-2017-ში 17 ქვეყნის რამდენიმე ათასი მეზღვაური და საზღვაო ქვეითი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ამერიკული სარაკეტო კრეისერი Hue Citc მიიქცევს, რომლის შეიარაღებაში 122 ცალი "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტაა. ბირთვული ქობინით აღჭურვილი "ტომაჰავკის" ფრენის მაქსიმალური სიშორე 2 500 კმ-ს აღწევს, რაც საკმარისია შავი ზღვის აკვატორიიდან რუსეთის ევროპულ ნაწილში განთავსებულ სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის - მოსკოვზე გამანადგურებელი ბირთვული დარტყმის განსახორციელებლად.
ტრამპი-პუტინის პირველი შეხვედრის ფონზე, რა თქმა უნდა, ასეთ სცენარს სერიოზულად არავინ განიხილავს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და დონბასში მიმდინარე ბრძოლების ფონზე უკრაინას მართლაც სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, თუნდაც ასეთი მრავალეროვნული სამხედრო-საზღვაო სწავლების სახით და თუნდაც ორი კვირით...

გარდა ამისა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ასეთი მრავალეროვნული სამხედრო-საზღვაო სწავლებების ხშირი გამართვა შავ ზღვაში, რომელზეც სრული კონტროლის დამყარებას რუსეთის ფედერაცია აჩქარებით ცდილობს (5 ივლისს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მორიგი თანამედროვე სადარაჯო ხომალდი "ადმირალ ესენი" შეემატა, რომლის "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტები შავი ზღვიდან ბუქარესტამდე, სოფიამდე, ანკარამდე, კიევამდე თუ თბილისამდე აღწევს).

მონტროს კონვენცია არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში 21 დღე-ღამეზე მეტხანს ყოფნას უკრძალავს, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბრძოლო შესაძლებლობებს შავი ზღვის რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ შავიზღვისპირა ექვსი ქვეყნიდან სამი ალიანსის წევრია, ორი კი - მისი პარტნიორი.

როტაციის პრინციპით მიმდინარე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მრავალეროვნულმა სამხედრო-საზღვაო სწავლებებმა შეიძლება რუსეთის შავი ზღვის მზარდ საბრძოლო შესაძლებლობებთან ერთგვარი პარიტეტი შექმნას, მაგრამ ალიანსი ყოველთვის მდევრის როლში აღმოჩნდება, თუკი არ გაძლიერდა ალიანსის წევრი და მხარდამჭერი შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო-საზღვაო პოტენციალი. ეს პრობლემა არ გაჩნდებოდა, თურქეთს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთ უხუცეს წევრს, რუსეთთან უცნაური სამხედრო-პოლიტიკური თამაშები რომ არ წამოეწყო და შავი ზღვის აუზში ალიანსის ინტერესები უფრო აქტიურად გაეტარებინა, თუმცა ოფიციალურ ანკარას საკუთარი პოლიტიკური გათვლები აქვს...
ამ ყველაფრის ფონზე

შეიძლება მომწიფდა სიტუაცია, რომ ალიანსმა ან მისმა ყველაზე გავლენიანმა წევრმა აშშ-მა მისი წევრი და მხარდამჭერი ქვეყნების სანაპირო ზოლზე საჰაერო თავდაცვისა და ხომალდსაწინააღმდეგო თანამედროვე სარაკეტო კომპლექსების განთავსებასა და წყალქვეშა ნავების აღმომჩენი სისტემის შექმნაზე იფიქროს.
მართალია, რუმინეთში უკვე ამოქმედდა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, მაგრამ ოდესისა და ნიკოლაევის, ასევე - ფოთისა და ბათუმის სიახლოვეს ასეთი თავდაცვითი დანიშნულების საბრძოლო სისტემების განთავსება მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შავი ზღვის აუზში (ამასთან, ვერც მონტროს კონვენცია შეზღუდავდა, რადგან ეს სისტემები ხმელეთზე განთავსდებოდა) და - რაც უკრაინისა და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - შეამცირებდა რუსული სამხედრო-საზღვაო აგრესიის საფრთხეს, რადგან თუკი ღირსეული, გამანადგურებელი პასუხის შიში ექნებოდათ, ოდესასა თუ ფოთში საზღვაო დესანტის გადასხმამდე კრემლში კარგად დაფიქრდებოდნენ.