სომხეთი NATO-ს სწავლებაზე - როგორი იქნება კრემლის რეაქცია?
24-07-2017
სომხეთი NATO-ს სწავლებაზე - როგორი იქნება კრემლის რეაქცია?
სომხეთის არმია მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, რაც მოსკოვს საშუალებას აძლევს, ადვილად მოახდინოს გავლენა ერევნის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე...

სომეხი სამხედროები საქართველოში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთად, სავარაუდო რუსული სამხედრო აგრესიის მოგერიებაში ივარჯიშებენ?!

საქართველოს მეზობელი და მეგობარი ქვეყანა სომხეთი, რუსეთთან ერთად, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, ამასთან, რუსული სამხედრო ბაზები სომხეთის ტერიტორიაზე მისი დაცვის გარანტად მიიჩნევა.
მიუხედავად ასეთი მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობისა, სომხეთის ხელისუფლებამ მიიღო გაბედული გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში "ღირსეული
პარტნიორი-2017", რომელიც 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში ჩატარდება.

სომხეთს, როგორც NATO-ს პარტნიორ ქვეყანას, უფლება ჰქონდა, ეს ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ საინტერესოა, რას მოიმოქმედებს კრემლი, როდესაც სამხრეთ კავკასიაში მისი მთავარი პარტნიორი იმ ქვეყნების არმიების დანაყოფებთან ერთად ივარჯიშებს, რომლებსაც მოსკოვში რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგეებად თვლიან?

ამასთან, ვაზიანში ქართველი
სამხედროები ალიანსელ პარტნიორებთან ერთად სავარაუდო მოწინააღმდეგის იმ ჯავშანკოლონების განადგურებაშიც ივარჯიშებენ, რომლებიც ძალიან წააგავს ჩრდილოელი მეზობლისას...
სომეხი სამხედროები სისტემატურად გადიან მომზადების კურსს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში (იქ ამჟამადაც იმყოფება სომხეთის არმიის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე), თუმცა, ერთია რამდენიმეკაციანი ჯგუფის მომზადება ალიანსის პროგრამით "პარტნიორობა მშვიდობისათვის" და სულ სხვა - საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის დანაყოფებთან ერთად მონაწილეობა, რომლებიც რუსეთის გენშტაბის ოპერატიულ რუკებზე ლურჯი ფერით სავარაუდო მოწინააღმდეგეებად არიან მონიშნული.

სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფორპოსტის - სომხეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მეტად დაახლოება საქართველოს ინტერესებს შეესაბამება. ეს შეასუსტებს კრემლის გავლენას ჩვენს რეგიონში და ამასთან, შეამცირებს რუსული სამხედრო აგრესიის ალბათობას სომხეთის ტერიტორიიდან. სწორედ ეს საფრთხე გვემუქრებოდა 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს.

საინტერესოა, რას უპასუხებს კრემლი საქართველოს პოლიგონზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთად სომხეთის არმიის დანაყოფის სწავლებაში მონაწილეობას. თუკი რუსეთის ხელისუფლება ისევ დაგმობს ალიანსთან საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ დაახლოებას, რა ახსნას მოუძებნის ამავე სწავლებაში თავისი მთავარი პარტნიორის - სომხეთის მონაწილეობას?
07 აგვისტო 2017 10:53
სომხები და მეგობრები????????
zura
05 აგვისტო 2017 09:30
სომხები ამ წვრთნაზე რუსების თანხმობის გარეშე ვერ წავიდოდნენ...და ეს კიდევ არც ნატოს შეფებს გამოეპარებათ... აქედან გამომდინარე ეს წვრთნა მგონი მხოლოდ ჩვენს დასამშვიდებლად ჩატარდა...
მაი
04 აგვისტო 2017 09:59
რა ვქნა და გრიგორი 100%-იანი მართალია.

რედაქტორის რჩევით