ამერიკული "სტრაიკერების" მარში ფოთიდან ვაზიანამდე - კვირის პალიტრა

ამერიკული "სტრაიკერების" მარში ფოთიდან ვაზიანამდე

რეპორტაჟი ქართულ ავტოსტრადაზე მომავალი ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორიდან

პირველად საქართველოს ისტორიაში NATO-ს საბრძოლო ტექნიკამ ქართულ გზებზე 400 კმ-იანი მარშ-გადასროლის ოპერაცია ჩაატარა, რომლის მონაწილე "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველიც გახდა.

საქართველო-NATO-ს ერთობლივი სამხედრო სწავლებებით დღეს ვეღარავის გააკვირვებ. 30 ივლისს ვაზიანში დაწყებული "ღირსეული პარტნიორი-2017"-იც (Noble Partner-2017) ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ჩვენი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაა.

თუმცა სწავლების დაწყებამდე ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა - სწავლებაში მონაწილე საბრძოლო ტექნიკა პოლიგონზე პირველად მივიდა საკუთარი სვლით და არა - სარკინიგზო პლატფორმების გამოყენებით.

სწავლებაში მონაწილე NATO-ს წევრი ქვეყნების საბრძოლო და დამხმარე ტექნიკა საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზით შემოდის. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით, ძირითადად, პირადი შემადგენლობა გადმოჰყავთ, თუმცა, ზოგჯერ მსუბუქი ჯავშანტექნიკაც ჩამოაქვთ, ხოლო საზღვაო გზით მძიმე ტექნიკა მოდის.

ამჯერადაც ფოთის პორტში ორი საზღვაო ბორანი დაიცალა, რომლებმაც ამერიკული ტანკები - "აბრამსები" და "ბრედლები", ასევე გერმანული "ბოქსერები" ჩამოტვირთა, მესამე ბორნის ტვირთი კი, ძირითადად, ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორები - "სტრაიკერები" გახლდათ.

"სტრაიკერი" ქართულ მიწაზე პირველად გამოჩნდა, მას გასულ წლებში ჩატარებულ არც ერთ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობა არ მიუღია.

ამ სტატიის ავტორს საქართველოში აშშ-ის საელჩოს დახმარებით მიეცა უნიკალური საშუალება, დასწრებოდა ბორნიდან სამხედრო ტექნიკის ჩამოტვირთვის მთელ პროცესს და, რაც მთავარია, ყოფილიყო ფოთიდან ვაზიანისკენ მომავალი ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორების, "სტრაიკერების", კოლონის მარშ-გადასროლის მონაწილე.

ჯავშანკოლონით გადაადგილებაში გამოუცდელი არ ვარ - იქნებოდა ეს 1992 წლის ზაფხულში ცხინვალიდან სოფელ ღრომამდე სამშვიდობო ძალების ჯავშანტრანსპორტიორით, თუ აფხაზეთის ომის დროს 1993 წლის 9 ივლისს, ტამიშიდან სოხუმში, მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტის განადგურების ოპერაციისას, როდესაც სადაზვერვო ჯავშანმანქანაზე მსხდომთ მტერმა ცეცხლი გაგვიხსნა; ან 1998 წლის მაისში, როდესაც შინაგანი ჯარის დიდი კოლონა გალისკენ დაიძრა, და 2008 წლის 20 მაისს, როდესაც ერაყში, ალ კუტთან, შეჯავშნული "ჰამვების" კოლონის პირველი მანქანა გზისპირას დისტანციური მოქმედების თვითნაკეთი ნაღმით აგვიფეთქეს...

მაგრამ საინტერესო იყო ახალი შთაბეჭდილება - როგორ გადალახავდნენ საქართველოში პირველად ჩამოსული ამერიკული "სტრაიკერები" ჩვენს გზებზე რამდენიმე ასეულ კილომეტრს.

საზღვაო ბორანმა, რომელიც 1 700-მდე მსუბუქ მანქანას იტევს, ბურგასიდან ფოთის პორტში 280-მდე ერთეული საბრძოლო და დამხმარე მანქანა ჩამოიტანა, მათ შორის - 40-ზე მეტი "სტრაიკერი". საგულისხმოა, რომ ორდღიანი ცურვის დროს ამ ბორანს ის ამერიკული ფრეგატი აცილებდა, რომელიც უკრაინის სანაპიროს საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობდა - როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა...

სამხედრო ტექნიკა ბორნის ოთხ გემბანზე საგულდაგულოდ იყო დამაგრებული და ჩამოტვირთვას სამ საათზე მეტი დასჭირდა. აპარელიდან ერთმანეთის მიყოლებით გადმოდიოდნენ სატვირთო და საწვავის გამწყობი "ოშკოშები", სამეთაურო "ჰამვები", ბუქსირებადი M777A2 ტიპის ჰაუბიცები და, რა თქმა უნდა, "სტრაიკერის" ჯავშანტრანსპორტიორები.

რამდენიმე "სტრაიკერი" ბორბლებიანი ტანკის, M1128 MGS-ის, მოდიფიკაციას წარმოადგენს, რომლის 105 მმ კალიბრის სატანკო ლულა მას უფრო მრისხანე იერს ანიჭებს.

სხვათა შორის, ინტერვიუს შემდეგ მე-2 საკავალერიო პოლკის მეთაურს, პოლკოვნიკ პატრიკ ელისს, რომლის ჯავშანტექნიკაც ფოთის ნავსადგურში ჩამოიტვირთა, ბორბლებიანი ტანკი-"სტრაიკერის" ის საკოლექციო მოდელი ვაჩუქე, რომელიც სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალს" მოჰყვება. ვერ აღგიწერთ ამერიკელი პოლკოვნიკის აღფრთოვანებას, როდესაც იქვე მდგარ 18-ტონიან ნამდვილ ეგზემპლარს მის 180-გრამიან მოდელს ადარებდა და თანაც უკვირდა, ასე ზუსტად როგორ ჰგავსო... შემპირდა, უკან რომ დავბრუნდები, აუცილებლად კაბინეტში დავდებ, გამოსაჩენ ადგილასო.

სანაცვლოდ პოლკოვნიკმა ელისმა ფორმიდან განმასხვავებელი ნიშანი მოიხსნა და "კვირის პალიტრას" საჩუქრად გადასცა. მრგვალ ნიშანზე წარწერაა "TOUJOURS PRET", რაც ფრანგულად ნიშნავს: "მუდამ მზად ვარ". მე-2 საკავალერიო, იგივე "დრაგუნთა" პოლკი თანამედროვე გაგებით მოტოქვეით დანაყოფს წარმოადგენს და ერთ-ერთი უძველესია ამერიკულ არმიაში - ის 1836 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ამ პოლკმა გამოიარა სამოქალაქო ომი, ბრძოლა ინდიელებსა და ესპანელებთან, პირველი და მეორე მსოფლიო ომები, "უდაბნოს ქარიშხალი" ერაყში, ბოსნია, 2003 წელს ისევ ერაყი, 2010-14 წლების ავღანეთი.

ეს პოლკი ამჟამად გერმანიაშია დისლოცირებული და სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, რამდენიმე სწავლებაში მონაწილეობდა აშშ-ში, გერმანიასა და რუმინეთში.

ამიტომაც ბორნიდან ჩამოტვირთული "სტრაიკერები" სააღლუმოდ "გაპრანჭული" არ იყვნენ და ეტყობოდა, რომ პოლიგონიდან გვესტუმრნენ.

პირველ ჯავშანკოლონაში, რომელიც 15-ოდე ბორბლებიანი სამხედრო მანქანისგან შედგებოდა, ჯავშანტრანსპორტიორ "სტრაიკერების" გარდა, იყო სატვირთო "ოშკოშები" და ბუქსირებადი ჰაუბიცები. კოლონა ფოთიდან თავდაპირველად სენაკის სამხედრო ბაზისკენ გაემართა, სადაც დიზელის საწვავის ცისტერნიანმა "ოშკოშმა" კოლონის ყველა მანქანის ავზები აავსო, მერე კი "სტრაიკერებზე" ქართული და ამერიკული სახელმწიფო დროშები დაამაგრეს და თბილისისკენ დაიძრნენ.

"სტრაიკერის" სადესანტო ნაკვეთურში სივიწროვე იყო, რადგან ეკიპაჟმა სხვადასხვა საჭირო ნივთით გაავსო, საბრძოლო მოქმედებებისას კი ჯავშანტრანსპორტიორში, ორკაციანი ეკიპაჟის გარდა, ცხრა მებრძოლი თავისუფლად თავსდება, რომელთა ჩასხდომა-დესანტირება უკანა აპარელიდან ხდება, თუმცა ზედა ლიუკებიც არის დატანებული.

ბევრი "სტრაიკერს" საბჭოთა/რუსულ "სტრაიკერის" ჯავშანი გარშემო 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიის მოხვედრისგან გიცავს, ხოლო შუბლა ჯავშანს კი 30 მმ ქვემეხის ჯავშანგამტანი ქვეკალიბრის ჭურვიც ვერ ხვრეტს 500 მ-იდან. ასეთი გამძლე რუსული "სტრაიკერით" გადაადგილება ასფალტიან გზაზე ძნელი არ ყოფილა. კოლონა 50 კმ/სთ საშუალო სიჩქარით მოდიოდა და მიუხედავად გაუსაძლისი სიცხისა, არ შევწუხებულვართ - კონდიციონერი მუშაობდა (წამომიდგენია, როგორ შეშურდებათ საბჭოთა წარმოების ჯავშანტრანსპორტიორების ეკიპაჟებს, რომელთათვისაც კონდიციონერი აუხდენელი ოცნებაა).

მოსახლეობა ღიმილით ხვდებოდა ქართულ-ამერიკულდროშებიან "სტრაიკერების" კოლონას, ბევრი ხელსაც გვიქნევდა, მსუბუქი მანქანები სიგნალებით გვესალმებოდნენ, მაგრამ ერთი ჯიპის მგზავრმა ქალბატონმა გასწრებისას ისეთი ზიზღით შემოგვხედა, გამიკვირდა და უნებურად მანქანის ნომერს შევხედე. რუსული იყო... აღარ გამიკვირდა.

"სტრაიკერებისა" და სხვა ბორბლებიანი სამხედრო კოლონების (ჩვენ შემდეგ კიდევ რამდენიმე კოლონა გამოვიდა) თითქმის 400 კმ-იანი მარში ფოთიდან ვაზიანის პოლიგონამდე მხოლოდ მოსახლეობისთვის ქართულ-ამერიკული მეგობრობის სადემონსტრაციოდ კი არ ჩატარდა, არამედ მას სამხედრო გათვლაც ჰქონდა - მაგალითად, რამდენად ოპერატიულად შეიძლება ბორბლებიანი სამხედრო ტექნიკის გადასროლა საქართველოს ერთი კუთხიდან მეორემდე...

P.შ. მათ, ვინც კითხულობს, დაგვიტოვებენ თუ არა სწავლების დამთავრების შემდეგ ამერიკელები თავიანთ სამხედრო ტექნიკას, ვპასუხობთ: "არ დაგვიტოვებენ!" და არც გვინდა, რადგან მათი მოვლა და მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა კვალიფიციურ კადრებსა და დიდ ფინანსურ ხარჯს მოითხოვს, ჩვენ კი რა საბრძოლო ტექნიკაც გვაქვს, მისი დიდი ნაწილი ვერ გაგვირემონტებია. მეორე მხრივ, ამერიკელები, მესამე წელია, აქეთ-იქით დაატარებენ ტანკებსა და ჯავშანმანქანებს, რაც არც პენტაგონს უნდა უჯდებოდეს მაინცდამაინც იაფი. ჰოდა, ხომ არ მოვიდა დრო, ისინი დროებით დაბანაკდნენ ჩვენთან თავიანთი "აბრამსებით" თუ "სტრაიკერებით"? ეს, რა თქმა უნდა, უფრო გააღიზიანებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, მაგრამ სამაგიეროდ, დააფიქრებს, სანამ იარაღს ააჟღარუნებდეს...

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი-2017"

საქართველოში, ვაზიანის პოლიგონზე, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი-2017" (Noble Partner-2017) დაიწყო, რომელიც 12 აგვისტომდე გაგრძელდება.ასეთი სწავლება საქართველოში მესამედ იმართება, თუმცა ახლა გაზრდილია მონაწილე ქვეყნებისა და შესაბამისად, სამხედრო მომსახურეთა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა.

სწავლებაში მონაწილეობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ოთხი სახელმწიფო: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთი და ალიანსის პარტნიორი სამი ქვეყანა: უკრაინა, სომხეთი და საქართველო. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 2 800 კაცამდე იქნება. როგორც წინა სწავლებებზე, წელსაც საქართველოში ევროპიდან დროებით გადმოისროლეს ამერიკული ჯავშანტექნიკა: ძირითადი საბრძოლო ტანკები M1A2 Abrams, ქვეითთა საბრძოლო მანქანები M2A3 Bradley და ჯავშანტრანსპორტიორები Stryker. "სტრაიკერები" ქართულ მიწაზე პირველად არიან, ისევე როგორც პირველად ჩამოიტანეს გერმანულ-ნიდერლანდური ჯავშანტრანსპორტიორები Bოხერ, რომლებითაც სწავლებაში გერმანული დანაყოფები ჩაერთვებიან. ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 Hercules ვაზიანში ტაქტიკურ საპარაშუტო დესანტს გადმოსხამს.

"ღირსეული პარტნიორი-2017"-ის ფარგლებში გაიმართება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ისე საველე წვრთნები სასწავლო სროლებით, დაიხვეწება მრავალეროვნული საბრძოლო დანაყოფების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები თავდაცვით და შემტევ ოპერაციებში.

საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთად მრავალეროვნული სწავლების დაწყების პარალელურად რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ სამხრეთ სამხედრო ოლქში, ჩრდილო კავკასიისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად ვარჯიში დაიწყო.

საგულისხმოა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვაზიანში, ხოლო რუსული საოკუპაციო არმია - ცხინვალში, ერთმანეთისგან პირდაპირი ხაზით ასიოდე კმ-ის დაშორებით, სამხედრო წვრთნებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ზუსტად ცხრა წლის შემდეგ ატარებენ. თანაც იმ დროისგან განსხვავებით, დღეს რუსეთსა და NATO-ს შორის ურთიერთობა უფრო დაძაბულია.