ავღანეთში ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაშავდა - კვირის პალიტრა

ავღანეთში ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაშავდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა.

შედეგად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის  მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (23.10.1991) გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის".

მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის - დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მშვიდობისმყოფელის, უმცროსი სერჟანტ მდინარი საბას ძე ბებიაშვილის ოჯახს.

პ.ს. "კვირის პალიტრა" უერთდება სამძიმარს და სამშობლოს შეწირული სამხედროს ოჯახს და ახლობლებს უთანაგრძნობს.

იხილეთ ასევე: "წინა დღეს ესაუბრა დედას და უთხრა, რომ საშიში არაფერი იყო" - რას ამბობს ავღანეთში დაღუპული ქართველის ახლობელი?