"წინა დღეს ესაუბრა დედას და უთხრა, რომ საშიში არაფერი იყო" - რას ამბობს ავღანეთში დაღუპული ქართველის ახლობელი?
04-08-2017
"წინა დღეს ესაუბრა დედას და უთხრა, რომ საშიში არაფერი იყო" - რას ამბობს ავღანეთში დაღუპული ქართველის ახლობელი?
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა.

25 წლის მდინარი ბებიაშვილს სამშობლოში კვირას გადმოასვენებენ. დაღუპული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნის მკვიდრია.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ბებიაშვილი ავღანეთში მისიით მესამედ იმყოფებოდა.
"უკვე მესამედ იმყოფებოდა ავღანეთში. ოქტომბერში უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. წინა დღეს ესაუბრა დედას და უთხრა, რომ საშიში
არაფერი იყო. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. აპრილში წავიდა და ოქტომბერში მშვიდობით დაბრუნებას ელოდებოდა. ძალიან ცუდ დღეში ვართ", - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.

მომხდარი თავდასხმისას ასევე დაშავდა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად
მძიმეა, უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით