"დაიბარა, ჩამოვალთ და ჩვენებურად შევიკრიბოთო..." - ქართველ ჯარისკაცებზე თავდასხმისას თავი ორმა ტერორისტმა აიფეთქა - კვირის პალიტრა

"დაიბარა, ჩამოვალთ და ჩვენებურად შევიკრიბოთო..." - ქართველ ჯარისკაცებზე თავდასხმისას თავი ორმა ტერორისტმა აიფეთქა

"სანდო და ერთგული ადამიანი რომ იყო, იმიტომაც იქცა ასეთ კარგ და მამაც მებრძოლად"

ავღანეთში, ნატოს ეგიდით მოქმედ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში, კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბნის მკვიდრი, 25 წლის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შვიდი წლის განმავლობაში მსახურობდა და ავღანეთში 2012 და 2014 წლებში უკვე იმყოფებოდა.

ტრაგედია 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატრულირებისას დატრიალდა. თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებისას კიდევ სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან ერთი მძიმედ, თუმცა ამ ეტაპზე ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაღუპულ ჯარისკაცს 6 აგვისტოს ჩამოსვენებენ.

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ინფორმაციით, ეს იყო სერიოზული ტერორისტული თავდასხმა, თავი აიფეთქა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა. ქართველ სამხედროებთან ერთად, მძიმედ დაიჭრა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჯარისკაციც.

სოფელში, სადაც ახალგაზრდა დაიბადა, მასზე ცრემლის გარეშე საუბარი უჭირთ. მდინარი ქალბატონ ლალი ფერაძის თვალწინ გაიზარდა:

-  ბიჭი სოფელში ყველას სული და გული იყო, ჯარში სამსახურის დროსაც ხშირად ჩამოდიოდა, ნახავდა თავის დედ-მამას, და-ძმას, ამხანაგებს და უკან ბრუნდებოდა. ახალგაზრდა მშობლები და და-ძმა ჰყავს. მდინარი - ბაბუას სახელი ერქვა, ბაბუის ფუძეზე გვარი უნდა გაეგრძელებინა და გაემაგრებინა, მაგრამ არ დასცალდა. ახლობლები და მეგობრები დიმას ეძახდნენ. ამბობენ, ბოლო წასვლისას მეგობრებისთვის დაუბარებია, - როცა ავღანეთიდან დავბრუნდები, ჩვენებურად შევიკრიბოთო...

ასეთი კარგი იმიტომაც იყო, რომ საუკეთესო მშობლებმა გაზარდეს, პატიოსანმა ხალხმა...  სანდო და ერთგული ადამიანი რომ იყო, იმიტომაც იქცა ასეთ კარგ და მამაც მებრძოლად. მესამედ იყო უკვე ავღანეთში, სიმამაცისთვის მედალებიც ჰქონდა მიღებული. სულ ბავშვი იყო პირველად რომ წავიდა ავღანეთის ურთულეს მისიაში, მაშინვე დაიმსახურა თანამებრძოლების ნდობა და სიყვარული. რომ დასცლოდა, დაოჯახდებოდა, თავისნაირ კარგს შვილებსაც გაზრდიდა...

ენა ვერ აღწერს, რა საშინელება ტრიალებს მათ ოჯახში. ვიწვით მათი ცოდვით. მის დედ-მამას შვილის გარდაცვალების ამბავი სამხედრო სარდლობამ შეატყობინა - როგორი გასაგონია?! მერე ეს მტანჯველი ლოდინი შვილის ჩამოსვენებამდე...

დედ-მამა იმით თუ ინუგეშებს თავს, რომ  საუკეთესო შვილი გაზარდეს, საამაყო სოფლისთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც!

პ.ს. "კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს სამშობლოს შეწირული ჯარისკაცის ოჯახს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)