ავღანეთში 32-ე ქართველი დაგვეღუპა... - კვირის პალიტრა

ავღანეთში 32-ე ქართველი დაგვეღუპა...

ტერორისტი-კამიკაძეების დანაღმული ავტომობილი გვერდით ამოუდგა ქართველების ჯავშანმანქანას და აფეთქდა...

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, 3 აგვისტოს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიას ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავს დაესხნენ. შედეგად "მტკიცე მხარდაჭერის"მისიის მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა.

თავდასხმისას დაშავდა შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურეც. ერთის, კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, უფროს ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილისა და კაპრალ გეგა ხარშილაძის კი - დამაკმაყოფილებელი. სამივე ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში მკურნალობს.

თავდაცვის სამინისტრომ არ დააზუსტა, რა პირობებში მოხდა თავდასხმა და შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება, თუმცა "კვირის პალიტრას" აქვს თავდასხმის სავარაუდო სქემა, რომელიც შეიძლება ახლოს იყოს რეალობასთან.

ერთობლივი მოტორიზებული პატრული ნიშნავს, რომ ქართველი მებრძოლები "მჭიდრო მხარდაჭერის" მისიის მონაწილე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ჯავშანმანქანების კოლონით გადაადგილდებოდნენ. მათ ჯავშანმანქანას, რომელიც "ემრაპის" კლასის "მაქსპრო" უნდა ყოფილიყო, გვერდით ამოუდგა ტერორისტი-კამიკაძეების ავტომობილი, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო სავსე... "ემრაპის" კლასი აფეთქებებისგან დაცულ ჯავშანმანქანებს აერთიანებს და "მაქსპროც" გათვლილია ბორბლის ქვეშ 7 კგ ტროტილის შემცველი ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციისგან ეკიპაჟის დასაცავად. მაგრამ, როგორც ჩანს, ტერორისტ-კამიკაძეებს ავტომობილში რამდენიმე ათეული კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდათ ჩატვირთული, რამაც თვით "ემრაპის" კლასის ჯავშანმანქანის ჯავშნის გარღვევა გამოიწვია. ის, რომ თვითმკვლელმა ტერორისტებმა მაინცდამაინც ამ ეკიპაჟის ჯავშანმანქანის გვერდით დააჭირეს თითი ასაფეთქებელი მოწყობილობის ღილაკს, ეტყობა, ბედის ამბავია.

თვითმკვლელი ტერორისტების ჯავშანკოლონაზე ამ სქემით თავდასხმის თავიდან აცილება ძნელია. ერთადერთი გამოსავალია მოტორიზებული პატრულირების შეწყვეტა და ბაზების ტერიტორიების შიგნით ჩაკეტვა.

"კვირის პალიტრა" თანაუგრძნობს ავღანეთში დაღუპული 25 წლის ქართველი სამხედროს - მდინარი ბებიაშვილის ოჯახს.