ომის შემდგომი პირველი აღლუმი... - კვირის პალიტრა

ომის შემდგომი პირველი აღლუმი...

ეს სტატია 24 მაისს გამოვა, ანუ აღლუმამდე ორი დღით ადრე. აღლუმამდე გამოსულ გაზეთის ნომერში ტრადიციულად წინასწარ ვწერთ, თუ როგორ გაიმართება ის, რა რაოდენობის შეიარაღებული ძალები და რომელი საბრძოლო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას აღლუმში.

ტრადიციას არც ახლა ვუღალატებთ და ჩვენს ერთგულ მკითხველს წინასწარ მივაწვდით ინფორმაციას საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილ აღლუმთან დაკავშირებით. თუმცა თუ ჩვენი ცხოვრების სირთულეს გავითვალისწინებთ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ აღლუმის სცენარში რაიმე კორექტივები შევიდეს.

აღლუმი რუსთაველის პროსპექტზე დღის 12 საათზე დაიწყება. ამ დროისათვის პარლამენტის წინ უკვე იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების თითქმის 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ისინი ე.წ. კოლოფებად იდგებიან (თითოეულ კოლოფში 64 სამხედროა), აღლუმს გახსნის მედროშეთა ასეული.

აღლუმზე ყველაზე მეტ კოლოფს პირველი და მეოთხე ქვეითი ბრიგადები გამოიყვანენ (თითოეული ბრიგადა არანაკლებ 30 კოლოფს).

რატომღაც მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების პირადი შემადგენლობის მონაწილეობა აღლუმში არ არის გათვალისწინებული. ჩანს, აღლუმზე მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში დისლოცირებული დანაყოფები ჩაივლიან.

თავის კოლოფებს წარმოადგენენ გაერთიანებული შტაბი, განათლების სარდლობა, სამი ცალკეული ბატალიონი (საინჟინრო, სამედიცინო და კავშირგაბმულობის), პირველი საარტილერიო ბრიგადა, ვაშლიჯვრის სპეციალური ოპერაციების ძალების დაჯგუფება და ეროვნული გვარდია.

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალები დაშლისა და სახმელეთო ჯარებთან შერწყმის პროცესშია, რუსთაველზე ასზე მეტი ავიატორი ჩაივლის.

გასული აღლუმებისგან განსხვავებით, წელს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა გამოწყობილი იქნება ახალ კამუფლირებულ ფორმაში, რომელსაც "მულტიკამსაც" უწოდებენ.

არ არის გამორიცხული, ახალ ფორმაზე გადასვლა იმანაც განაპირობა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა გორისა და სენაკის ბრიგადების საწყობებიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით გაიტანეს ის კამუფლირებული ფორმა, რომელიც ქართულ არმიას სულ რაღაც ერთი წლის წინ ჰქონდა მიღებული.

ახალ კამუფლირებულ ფორმას, სხვადასხვა გარემოში (ქალაქში, ტყეში, უდაბნოში) შენიღბვის დროს, დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც; თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა. მკითხველთა დიდ ნაწილს ყველაზე მეტად აინტერესებს, თუ რა სახის და რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას 26 მაისის აღლუმში.

აღლუმის თავში იქნებიან "ლენდროვერის" ტიპის ჯიპები, რომლებზეც კავშირგაბმულობის აპარატურაა დამონტაჟებული.

ცხრა "ლენდროვერს" უკან კოშკურაზე ტყვიამფრქვევებდამონტაჟებული 13 შეჯავშნული ავტომობილი "ჰამერი" გამოჰყვება. "ჰამერების" აღლუმს ოთხი ჯავშანმანქანა "კობრა" გააგრძელებს. მართალია, "კობრები" 2008 წლის დასაწყისიდან მხოლოდ შსს-ს შეიარაღებაში იყო, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ, რომელშიც "კობრებმა" დადებითი მხარეები აჩვენეს, რამდენიმე "კობრა" თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფმაც მიიღო შეიარაღებაში. "კობრებს" ათი ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 გაჰყვება.

მათ შემდეგ 31 ცალი თურქული წარმოების "ეჯდერის" ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი ჩაივლის. ეს ჯავშანტრანსპორტიორები უკვე მეორე წელია, რაც ქართული არმიის შეიარაღებაშია.

აქ გვინდა მკითხველის ყურადღება ერთ საინტერესო ნიუანსზე შევაჩეროთ. ჩავლილი ჯავშანტექნიკა ახალ კამუფლირებულ ფერებად იქნება გადაღებილი. მათში ყვითელი და ასფალტისფერი ჭარბობს, რაც ძალაუნებურად გვაფიქრებინებს, რომ ეს ტექნიკა დასახლებულ პუნქტებში საბრძოლველად საგანგებოდ გადაღებეს.

"ეჯდერების" უკან უკრაინული წარმოების 9 ერთეული "კრაზის" ტიპის სატვირთო ავტომობილი ჩაივლის, რომელთა ძარაზე სამხედრო მოსამსახურეები ისხდებიან.

აღლუმს ისევ "კრაზები" გააგრძელებენ, ოღონდ ამჯერად მათ მიბმული ექნებათ ბუქსირებადი 152 სმ-იანი ჰაუბიცები - სამი МСТА-Б და ამდენივე Гиасинт-Б.

ქართული არტილერიის ჩავლა აღლუმზე ამით არ დასრულდება. ბუქსირებად ჰაუბიცებს მიჰყვება 19 ერთეული 152 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი ანა. აგვისტოს ომის დროს ეს საარტილერიო საშუალება აქტიურად გამოიყენებოდა. ომში ერთი "დანა" რუსებმა ალაფად წაიყვანეს და მოსკოვთან კუბინკაზე გამოფინეს, ორი კი დაგვიწვეს. "დანებს" რუსთაველზე RМ-70 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები შეცვლიან. ეს დანადგარებიც, ისევე როგორც "დანები", ჩეხოსლოვაკიური წარმოებისაა. სწორედ RМ-70-ების ზალპის ვიდეოკადრები გახდა აგვისტოს ომის ერთგვარი სიმბოლო.

რუსთაველზე 9 ცალი RМ-70 ჩაივლის. მათ ნაწილს წინ ბულდოზერის მსგავსი დანები ექნება დამონტაჟებული.

არტილერიის აღლუმს ოთხი "გრად-ლარი" დაასრულებს. ის "მერსედესის" ძარაზე დამაგრებული "გრადის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 40-ლულიან პაკეტს წარმოადგენს. ამ პაკეტის ნაცვლად 160 მმ-იანი კალიბრის ორი 13-რაკეტიანი პაკეტის დამონტაჟებაც შეიძლება, რის შემდეგაც ის უკვე Lar-160-ად იქცევა. აგვისტოს ომის დროს ეს სისტემებიც აქტიურად გამოვიყენეთ.

სახმელეთო აღლუმის ბოლოს რუსთაველზე ჟცფ-ს ტიპის სამი მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ჩაივლის.

"ოსას" (ისევე როგორც "ჰამერებსა" და "ეჯდერებს") თავდაცვის სამინისტრო აღლუმზე პირველად აჩვენებს, თუმცა მისი ბატარეები აგვისტოს ომამდეც იყო შეძენილი და ის საბრძოლო მოქმედებებშიც გამოიყენებოდა. ერთი ნაალაფარი "ოსა" რუსმა ოკუპანტებმა კუბინკაზე გამოფინეს.

სახმელეთო აღლუმს საჰაერო ჩაენაცვლება. ჰაერში თავდაპირველად UH-1H "იროკეზის" 4 შვეულმფრენი გამოჩნდება, რომლებიც რომბის ფორმით გადაუფრენენ რუსთაველის პროსპექტს. მათ კუდში ასევე 4-4 სამხედრო-სატრანსპორტო МИ-8МТ და საბრძოლო МИ-24 გაჰყვება.

შვეულმფრენები რუსთაველის პროსპექტს დაახლოებით 150 კმ/სთ სიჩქარით მიწიდან 300 მ სიმაღლეზე გადაუფრენენ. შვეულმფრენების შემდეგ კი თბილისის ცაზე 6 ცალი СУ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გამოჩნდება, მათ შორის მოდერნიზებული "მიმინოებიც". თვითმფრინავების საშუალო სიჩქარე 460-480 კმ/სთ იქნება, სიმაღლე 500 მ. პილოტები შეასრულებენ რამდენიმე საჰაერო ილეთს და ჰაერში გაუშვებენ საქართველოს დროშის ფერების კვამლს.

ამჯერად საჰაერო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებენ L-39 "ალბატროსის" ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები. ისე კი ავიაციის აღლუმში მონაწილეობა დიდად იქნება დამოკიდებული იმ დროისთვის არსებულ ამინდზე.

აი, ის სცენარი, თუ როგორ უნდა გაიმართოს 26 მაისის აღლუმი.

თუმცა შეუძლებელია, არ დავწეროთ თავად აღლუმის გამართვის მორალურ მხარეზე. საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ დღევანდელ მდგომარეობაში მყოფ საქართველოში, როდესაც ომი წაგებულია, ხოლო ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული, ხელისუფლებას აღლუმებისთვის არ უნდა სცხელოდეს.

გვერდზე გადავდოთ დღევანდელ სიტუაციაში აღლუმის გამართვის მორალური მხარე და მისი გამართვის ადგილზე გავამახვილოთ ყურადღება.

დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე 117 ერთეული საბრძოლო ტექნიკის ჩავლა და იქ 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის მოსაყვანად საჭირო 170-180 სატვირთო ავტომობილი და ავტობუსი დიდ პრობლემას უქმნის ქალაქში ისედაც გადატვირთულ მოძრაობას და ამასთან სერიოზულ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული (გაითვალისწინეთ აღლუმამდე რამდენჯერმე ჩატარებული ღამისეული რეპეტიციებიც).

"კვირის პალიტრამ" ადრეც გამოთქვა მოსაზრება და ახლაც იმეორებს - თუკი მაინცდამაინც გვეაღლუმება, მაშინ ჩავატაროთ ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, რადგან დედაქალაქის ცენტრში სამ-ოთხჯერ 5 ათასამდე სამხედროს ჩამოყვანას და რუსთაველზე 300 ერთეულზე მეტი საბრძოლო და სატრანსპორტო საშუალების მიყვანას ნამდვილად ჯობს ვაზიანში 1000-2000 სტუმრის მიპატიჟება.

ვაზიანის აეროდრომის ბეტონირებულ ბილიკზე თავდაცვის სამინისტრო მარტო ბორბლებიანს კი არა, მუხლუხებიან საბრძოლო ტექნიკასაც ჩაატარებდა და არც ასფალტის გაფუჭებისა შეეშინდებოდა.

ამასთან, გამოირიცხებოდა ის საშიში ელემენტიც, რაც მჭიდროდ დასახლებული თბილისის თავზე დაბალ სიმაღლეზე 20 ერთეული შვეულმფრენისა და თვითმფრინავის გადაფრენას ახლავს, მათ შორის ერთძრავიანი "იროკეზებისა".

ვაზიანის აეროდრომის თავზე სტუმრებს ავიაცია უფრო მოაწონებდა თავს, რადგან სავარჯიშო "ალბატროსებს" და თვით "მიმინოებსაც" უმაღლესი პილოტაჟის შთამბეჭდავი საჰაერო ილეთების ჩვენება შეეძლებოდათ...

მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას აღლუმის მიღება ოპოზიციის ჯინაზე მაინცდამაინც თბილისის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე სურს...