ვაზიანში პირველი "ჯაველინი" მიზანს მოხვდა - კვირის პალიტრა

ვაზიანში პირველი "ჯაველინი" მიზანს მოხვდა

ამერიკელმა სამხედროებმა მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინი" პირველად გამოიყენეს ქართულ პოლიგონზე

სიტყვა "ჯაველინი" ქართველი და უკრაინელი სამხედროებისთვის ოცნების მწვერვალად იქცა. ეჰ, "ჯაველინი" რომ გვქონოდა აგვისტოს ომში, რუსულ ტანკებს ერთმანეთს მივაყოლებდითო, ხშირად უთქვამთ ქართველ სამხედროებს, მათი უკრაინელი კოლეგები კი დონეცკთან ბრძოლებში "ჯაველინებზე" დღესაც ოცნებობენ.

და აი, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაზე "ღირსეული პარტნიორი-2017" აშშ-ის არმიის მე-2 საკავალერიო პოლკმა არა მარტო ჩამოიტანა საქართველოში "ჯაველინები", არამედ ვაზიანის პოლიგონზე ჩვენ თვალწინ წარმატებით გამოიყენა კიდეც.

ვაზიანის პოლიგონზე სამიზნედ გამოყენებულ "საწყალ" საბჭოთა ჯავშანტრანსპორტიორს მანამდეც არაერთი ჭურვი მოხვედრია, მაგრამ ყველა - შუბლა და გვერდითა ჯავშანში, იმ დღეს კი მას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა პირველად დაეცა ზემოდან...

სწორედ ეს განასხვავებს მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექს "ჯაველინს" მოძველებული რუსული ანალოგიური დანიშნულების შეიარაღებისგან - მას შეუძლია ტანკის აფეთქება ზემოდან. ეს ნაწილი ნაკლებად არის შეჯავშნული, ვიდრე ტანკის შუბლი.

მეორე და უმთავრესი პლუსი ამერიკული "ჯაველინის" არის ის, რომ იგი "გაისროლე-დაივიწყე-მოარტყი" პრინციპით მოქმედებს, ანუ ტანკის მიზანში ამოღებისა და რაკეტის სტარტის შემდეგ მას ოპერატორის მართვა აღარ სჭირდება - კარგად დაგეშილი მეძებარი ძაღლივით ბოლომდე მიჰყვება სამიზნეს.

მესამე პლუსი - "ჯაველინის" დასამიზნებლად არ გამოიყენება ლაზერის სხივი, რაც ნიშნავს, რომ რუსული ტანკების ეკიპაჟებს ამ ტანკებზე დამონტაჟებული ლაზერული დასხივების აღმომჩენი დეტექტორები მისი დამიზნების შესახებ განგაშის სიგნალს ვერ მისცემს.

მაგრამ იდეალური იარაღი ბუნებაში არ არსებობს და, რა თქმა უნდა, "ჯაველინსაც" აქვს ნაკლი. თუკი სამიზნე ტანკის ეკიპაჟმა მოასწრო კვამლისა და აეროზოლის ღრუბლის შემქმნელი ყუმბარების გატყორცნა, რომლებიც რამდენიმე წამში ფარავს ტანკის სილუეტს, "ჯაველინის" სითბოვიზური დამიზნების სისტემამ შეიძლება "ჩაჭერილი" მიზანი თვალთახედვის არეალიდან დაკარგოს. თუმცა, ტანკის ტრიპლექსებიდან მზირალი ეკიპაჟის წევრებისთვის თითქმის შეუძლებელია ორი კილომეტრიდან გაშვებული "ჯაველინის" სტარტისა და მით უმეტეს - ფრენის რთული ტრაექტორიის აღმოჩენა. ოღონდ, თუკი ტანკი აღჭურვილია აქტიური თავდაცვის სისტემის ლოკატორით, მას ბოლო წამებში შეუძლია ამ რაკეტის აღმოჩენა, სწორედ მაშინ, როდესაც "ჯაველინი" ტანკის სახურავზე პიკირებს.

"ჯაველინის" მეორე და მთავარი პრობლემა მისი ფასია - ერთი სარაკეტო კომპლექსი, რომელშიც არის მრავალჯერადი გამოყენების სამეთაურო-გამშვები ბლოკი და თვითდამიზნებადი მართვადი რაკეტა, 250 ათას დოლარამდე ღირს, არადა, ამ ფასად ერთ ნახმარ ტანკს იყიდი.

"ჯაველინის" კონკურენტია ისრაელის წარმოების "სპაიკი", რომელიც მას არაფრით ჩამოუვარდება (სტატიის ავტორს ჯერ კიდევ 1999 წელს მიეცა საშუალება, ბუქარესტში, შეიარაღების საერთაშორისო გამოფენაზე, "სპაიკის" სარაკეტო კომპლექსი დაეთვალიერებინა), თუმცა მისი ფასიც 200 ათასს დოლარს აღწევს. გასული წლის აპრილის ოთხდღიან ომში მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა "სპაიკებით" ათზე მეტი სომხური ტანკი გაანადგურეს.

Aამჟამად მიმდინარეობს უკრაინისა და აშშ-ის ინტენსიური მოლაპარაკებები დონბასში მებრძოლი უკრაინის არმიის დანაყოფებისთვის "ჯაველინების" მიწოდების თაობაზე. თუკი ეს პროცესი წარმატებით დამთავრდა, უკრაინელებს რუსული ტანკების შესაჩერებლად ზუსტი და ეფექტიანი იარაღი გაუჩნდებათ.

რაც შეეხება ქართულ არმიას, ცხრა წლის წინ, აგვისტოს ომის დროს, მართალია, მესამე თაობის "ჯაველინები" არ გვქონდა (ისევე, როგორც დღეს არ გვაქს), მაგრამ საწყობები სავსე იყო ბულგარეთში ნაყიდი ტანკსაწინააღმდეგო "ფაქტორიებით" ("ფაგოტის" მოდერნიზებული ვერსია), რომლებიც მასობრივად ვერ ან არ გამოვიყენეთ და მათი ნაწილი მოწინააღმდეგემ ალაფად წაიღო. შეიძლება ამ "ფაქტორიებს" რუსული ტანკების დინამიკური დაცვით აღჭურვილი შუბლა ჯავშანი ვერ გაერღვია, მაგრამ გვერდიდან მოხვედრისას დააზიანებდა მაინც, ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს კი ბოლომდე გაარღვევდა...

ასე რომ, მთავარი "ჯაველინების" ქონა-არქონა არ არის, მთავარია, რაც გაქვს, მოუფრთხილდე, ტექნიკურად გამართული გქონდეს (და არა ისე, სტარტაღებული რაკეტა იქვე, რამდენიმე მეტრში რომ ვარდება) და მებრძოლებს მისი ზუსტად გამოყენება ასწავლო.

ყველაზე თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, რაც კი ქართულ არმიას აქვს, უკრაინული წარმოების "სკიფებია", რომლებსაც "ჯაველინზე" ორჯერ უფრო შორს - ხუთ კილომეტრზე შეუძლია ტანკის აფეთქება. მართალია, ის ზემოდან არ ხვდება ტანკს, მაგრამ ტანდემურად განთავსებული ორი კუმულაციური ქობინის საშუალებით ჯერ ტანკის შუბლა ჯავშანზე დაყენებულ დინამიკური დაცვის ელემენტს აფეთქებს, შემდეგ კი 800 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის ეკვივალენტ ჯავშანს ხვრეტს.

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, პირველი "სკიფები" უკრაინამ აგვისტოს ომის დაწყებამდე მოგვაწოდა, თუმცა ისინი ბრძოლებში არ გამოგვიყენებია. ომის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართული არმიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ არსენალში "სკიფების" ქონა ითვლებოდა (ჩვენც თავს ვარიდებდით ამ თემაზე წერას), სანამ ისინი 26 მაისის დღესასწაულზე, სხვადასხვა ქალაქში, შეიარაღების სხვა ნიმუშებთან ერთად არ გამოფინეს.

მტკიცება, თითქოს ქართულ არმიას სავარაუდო მოწინააღმდეგის ტანკების მოსაგერიებელი საშუალებები არ გააჩნია, რა თქმა უნდა, მართებული არ იქნებოდა, თუმცა "ჯაველინები" ნამდვილად არ გვაწყენდა. ის თავდაცვითი დანიშნულების შეიარაღების კლასს განეკუთვნება და აშშ-ის ხელისუფლება, წესით, არ უნდა ორჭოფობდეს, "ჯაველინები" მიჰყიდოს ან სულაც - საერთაშორისო სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში გადასცეს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ქვეყანას - საქართველოს, რომლის არმიის მებრძოლები ავღანეთში ამ პარტნიორობისთვის სიცოცხლეს წირავენ.