როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი...
14-08-2017
როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი...
"ქართველებსაც და აფხაზებსაც მეტი იარაღი მიეცით, რომ უფრო მეტად დახოცონ ერთმანეთი..."

25 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა და მისმა მძიმე შედეგმა უდიდესი უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს განვითარებაზე.

შეიძლებოდა თუ არ თავიდან აგვეცილებინა ეს სისხლისმღვრელი ომი? ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხი არსებობს, მაგრამ უდავოა, რომ ამ ომში საქართველოს ჩათრევას, რომელსაც ახალგამოცხადებული ჰქონდა დამოუკიდებლობა, ძალზე გავლენიანი ძალები ცდილობდნენ... Mმინდა, გავიხსენო ომის წინა პერიოდის ერთი ეპიზოდი,
რომლის თვითმხილველი და მონაწილე თვითონ გახლდით. 1992 წლის ივლისიდან, როგორც სამხედრო კორესპონდენტი, ვიყავი ცხინვალის რეგიონში, ქართულ სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც ზემო ნიქოზთან, ყოფილი საბჭოთა საშვეულმფრენო პოლკის ტერიტორიაზე იყო განთავსებული. აგვისტოს ერთ დღეს პოლკოვნიკ კარლენ კალანდაძესთან ერთად, რომელიც გამოცდილი მენაღმე-ინჟინერი გახლდათ, 4 კაცი "უაზით" ცხინვალიდან ახალციხეში გავემგზავრეთ
რუსებისგან შეიარაღების მისაღებად.

მაშინ ახალციხეში ყოფილი საბჭოთა მე-10 კადრირებული მოტომსროლელი დივიზია იყო დისლოცირებული და საქართველოს სახელმწიფო საბჭომ მოსკოვთან მიაღწია შეთანხმებას ამ დივიზიის შეიარაღების ახალჩამოყალიბებული ქართული არმიისთვის გადაცემის შესახებ.
ახალციხეში, დი­­ვიზიის შტაბის­ შენობის წინ, დაუჯერებელ დიალოგს შევესწარი. დივიზიის მეთაური რუსი გენერალი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, პოლკოვნიკს, რუსული "ფოლკლორული" გამონათქვამების გამოყენებით "ესაუბრებოდა": "აჰა, ტანკები, "გრადები", ჰაუბიცები", "შილკები", ნაღმები - ყველაფერს გაძლევთ, ოღონდ სასწრაფოდ წაიღეთ, სასწრაფოდ..."

გაკვირვება ვერ დავმალე - ზუსტად ორი თვით ადრე, 13 ივნისს, გორში, სატანკო ნაწილის ტერიტორიაზე მომხდარი შეტაკების შემდეგ რუსებმა ტანკები ქალაქში გამოიყვანეს და მანქანებს გადაუარეს, არადა, ტანკების ქართული მხარისთვის გადმოცემა ნაწილის მეთაურთან თითქოს შეთანხმებული იყო.
რა მოხდა ისეთი, რომ გორის ტრაგედიიდან ორი თვის თავზე რუსი გენერლები აქეთ გვეხვეწებოდნენ, სასწრაფოდ წაიღეთ ტანკები და სხვა შეიარაღებაო? - ეს კითხვა ახალციხიდან სოფელ კლდემდე გზაში მოსვენებას არ მაძლევდა, მაგრამ როდესაც ამ სოფელთან საინჟინრო საწყობში შევედით, ენა ჩამივარდა - რუსები 25 ათას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს გვაძლევდნენ! თითოეულ ყუთში ხუთი ნაღმი იდო. წარმოიდგინეთ ხუთი ათასი ერთმანეთზე დაწყობილი ყუთი, რომლებიც უზარმაზარ პირამიდას ქმნიდა...

ძალიან გვიხაროდა - ამდენი შეიარაღება მანამდე არც ქართულ გვარდიას და არც ახალჩამოყალიბებულ არმიას არც კი დასიზმრებია.
იმავე დღეს აბასთუმნის შესასვლელთან სამხედრო-საინჟინრო ტექნიკის სამხედრო ნაწილიც გადმოვიბარეთ, სადაც განაღმვითი სამუშაობის ჩასატარებელი სპეციალური საინჟინრო ჯავშანტექნიკა იდგა, რომელიც ასე გვჭირდებოდა ცხინვალის რეგიონში დანაღმულ ქართულ სოფლებთან მიმავალი გზების გასანაღმავად.

სამხედრო ტექნიკის ნაწილის გადმოცემის პროცესი დილამდე გაჭიანურდა. მშვენიერი დილა გათენდა - 1992 წლის 14 აგვისტო. უკან, ცხინვალისკენ, გახარებული ვბრუნდებოდით - მალე სულ გავნაღმავდით სოფლების გზებს და აღარავინ აფეთქდებოდა...
შუა გზაში რადიოთი შევიტყვეთ, რომ აფხაზეთში შეიარაღებული შეტაკება დაიწყო და მაშინვე მივხვდით, რომ რუსების მიერ ასე "დიდსულოვნად" გადმოცემულ ნაღმებს მალე საქმე გამოუჩნდებოდათ... მოგვიანებით გაირკვა, რომ 14 აგვისტოსვე გუდაუთაში გათამაშდა რუსულ სამხედრო ნაწილზე აფხაზების ვითომდა თავდასხმის სცენარი, რის შემდეგაც მოწინააღმდეგეს ხელში ათასზე მეტი ავტომატი და ტყვიამფრქვევი ჩაუვარდა.
უდავოა, ქართველებსაც და აფხაზებსაც რუსი გენერლები იარაღს ერთი მიზნით გვაძლევდნენ - გეყოთ ერთმანეთის კეტებით ცემა, აი, "კალაშნიკოვები", ტყვიამფრქვევები, ტანკები, ჰაუბიცები და ხოცეთ ერთმანეთი უფრო მონდომებით და მრავლად!..
ქართლოსი
24 აგვისტო 2017 14:01
აფხაზები ქართველები და ასე უსასრულოდ როდემდე შეიძლება ტყვილს ჩვენი პირით ვავრცელებდეთ.აფხაზები არიან იგივე ქართველები. როგორც კახელები,იმერლები,მეგრელები,სვანები,გურულები,ჰერები და ა.შ. სამწუხაროდ აფხაზების დიდი ნაწილი გაანადგურეს ისევე როგორც მესხების და ბევრი კიდევ. დღეს აფხაზეთში ცხოვრობენ აფსუები რომლებიც იბრალებენ აფხაზობას,სინამდვილეში კი არიან ადიღეური ტომი. რომელიც რუსეთის იმპერიამ გამოიყენა იმისათვის რომ გამოსულიყო ვითომ პატარა ერის დამცველის როლში სინამდვილეში კი წაგვართვა ტერიტორია. თორემ რა გამოდის უცხოელი რომ ისმენს ვერ იგებს თუ რატომ გვინდა ქართველებს წავართვათ აფხაზეთი აფხაზებს. ეს ეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც. ესაა სამაჩაბლო და არა სამხრეთ ოსეთი. ამას უნდა ვამბობდეთ ყველა ქართველი ყველგან თორემ ჩვენ თვითონ თუ დაუძახეთ სამხრეთ ოსეთი მაშინ გამოდის ქართველები ვართმევთ ოსეთს მის სამხრეთ ნაწილს. მიწებს ჩვენ გვართმევენ და ჩვენი ბრიყვული საქციელის და საუბრის გამო უცხოელი ვინც ვერ ერკვევა ამ საკითხში ვერ იგებს რატომ უნდა საქართველოს სხვისი ტერიტორიები.
luxo
20 აგვისტო 2017 10:20
ერთი ეზოს შვილები ვართ
.....................................................
მე უთქვენოდ გული მტკივა, წინაპართა საფლავს ვფიცავ,
ვფიცავ იმათ, ვინც დაარქვა მოქვს- მოქვი და რიწას რიწა,
ვინც ფიჭვის მთის დასაცავად მტერს უშვერდა გულის ფიცარს,
ვინც ყივჩაღებს არ დაუთმო აიეტის წმინდა მიწა.
მე კი წავალ, მომიძულე, მაგამ შეგრცხვეს ხვალე მგონი,
შვილს რას ეტყვი, ვინ ააგო ან ბედია, ან ილორი,
აქ ხომ ოფლი დაუღვრიათ ჩვენს წინაპრებს აუწონი;
აქ ხომ ერთად მოვინათლეთ ქრისტეს მადლით და მირონით.
თუ ეს ჩვენი მიწა იყო, შენი მიწა, ჩემი მიწა,
დღეს რად გავხდით უცხოები, სახლიკაცი რად ვერ მიცან,
მეზობელს რომ მომიძულებ, გამაგდებ და სახლს დამიწვავ,
უცხოს როგორ შეიყვარებ, ან მტრისაგან ვინ დაგიცავს?
კვეკესკირო, პაპასკირო ყურში გეტყვი კი არ ვყვირი,
”კვეკე” , ჭიჭე ჩაქუჩს ჰქვია, სკირი არის კიდევ შვილი,
მტრობას გვიჯობს, ერთად დავსხდეთ, მოვყვეთ ჩვენი გასაჭირი,
ერთი ეზოს შვილები ვართ ადლეიბაც, კოკოსკირიც,
ზოგი მამის, ზოგი პაპის ძმის წული და შვილის შვილი.
ერთ აკვანში გაზრდილები, ერთ ბუდეში დაჩეკილი.
ფრთხილად! ფრთხილად მეგობრებო, არ დაგვიჯდეს უფრო ძვირი,
ქაფშიების შესაჭმელად დაუღია ლოქოს პირი!
...................................................................................................
განა მუდამ მზე ანათებს? ფათერაკიც დადის ღამით,
არც შენა ხარ ანგელოზი, აღარც მე ვარ უფლის კრავი,
თუ ეს ლექსი დაგაფიქრებთ, თუნდაც, თუნდაც ერთი წამით,
აფხაზებო! აფსუებო! ღმერთი თქვენთან ამინ! ამინ!
1.ფიჭვის მთა, ბიჭვინთა. (Pitunit)-Пицунда. 2ჭიჭე - მეგრულათ- პატარა

რედაქტორის რჩევით