როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი... - კვირის პალიტრა

როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი...

"ქართველებსაც და აფხაზებსაც მეტი იარაღი მიეცით, რომ უფრო მეტად დახოცონ ერთმანეთი..."

25 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა და მისმა მძიმე შედეგმა უდიდესი უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს განვითარებაზე.

შეიძლებოდა თუ არ თავიდან აგვეცილებინა ეს სისხლისმღვრელი ომი? ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხი არსებობს, მაგრამ უდავოა, რომ ამ ომში საქართველოს ჩათრევას, რომელსაც ახალგამოცხადებული ჰქონდა დამოუკიდებლობა, ძალზე გავლენიანი ძალები ცდილობდნენ... Mმინდა, გავიხსენო ომის წინა პერიოდის ერთი ეპიზოდი, რომლის თვითმხილველი და მონაწილე თვითონ გახლდით. 1992 წლის ივლისიდან, როგორც სამხედრო კორესპონდენტი, ვიყავი ცხინვალის რეგიონში, ქართულ სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც ზემო ნიქოზთან, ყოფილი საბჭოთა საშვეულმფრენო პოლკის ტერიტორიაზე იყო განთავსებული. აგვისტოს ერთ დღეს პოლკოვნიკ კარლენ კალანდაძესთან ერთად, რომელიც გამოცდილი მენაღმე-ინჟინერი გახლდათ, 4 კაცი "უაზით" ცხინვალიდან ახალციხეში გავემგზავრეთ რუსებისგან შეიარაღების მისაღებად.

მაშინ ახალციხეში ყოფილი საბჭოთა მე-10 კადრირებული მოტომსროლელი დივიზია იყო დისლოცირებული და საქართველოს სახელმწიფო საბჭომ მოსკოვთან მიაღწია შეთანხმებას ამ დივიზიის შეიარაღების ახალჩამოყალიბებული ქართული არმიისთვის გადაცემის შესახებ.

ახალციხეში, დივიზიის შტაბის შენობის წინ, დაუჯერებელ დიალოგს შევესწარი. დივიზიის მეთაური რუსი გენერალი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, პოლკოვნიკს, რუსული "ფოლკლორული" გამონათქვამების გამოყენებით "ესაუბრებოდა": "აჰა, ტანკები, "გრადები", ჰაუბიცები", "შილკები", ნაღმები - ყველაფერს გაძლევთ, ოღონდ სასწრაფოდ წაიღეთ, სასწრაფოდ..."

გაკვირვება ვერ დავმალე - ზუსტად ორი თვით ადრე, 13 ივნისს, გორში, სატანკო ნაწილის ტერიტორიაზე მომხდარი შეტაკების შემდეგ რუსებმა ტანკები ქალაქში გამოიყვანეს და მანქანებს გადაუარეს, არადა, ტანკების ქართული მხარისთვის გადმოცემა ნაწილის მეთაურთან თითქოს შეთანხმებული იყო.

რა მოხდა ისეთი, რომ გორის ტრაგედიიდან ორი თვის თავზე რუსი გენერლები აქეთ გვეხვეწებოდნენ, სასწრაფოდ წაიღეთ ტანკები და სხვა შეიარაღებაო? - ეს კითხვა ახალციხიდან სოფელ კლდემდე გზაში მოსვენებას არ მაძლევდა, მაგრამ როდესაც ამ სოფელთან საინჟინრო საწყობში შევედით, ენა ჩამივარდა - რუსები 25 ათას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს გვაძლევდნენ! თითოეულ ყუთში ხუთი ნაღმი იდო. წარმოიდგინეთ ხუთი ათასი ერთმანეთზე დაწყობილი ყუთი, რომლებიც უზარმაზარ პირამიდას ქმნიდა...

ძალიან გვიხაროდა - ამდენი შეიარაღება მანამდე არც ქართულ გვარდიას და არც ახალჩამოყალიბებულ არმიას არც კი დასიზმრებია.

იმავე დღეს აბასთუმნის შესასვლელთან სამხედრო-საინჟინრო ტექნიკის სამხედრო ნაწილიც გადმოვიბარეთ, სადაც განაღმვითი სამუშაობის ჩასატარებელი სპეციალური საინჟინრო ჯავშანტექნიკა იდგა, რომელიც ასე გვჭირდებოდა ცხინვალის რეგიონში დანაღმულ ქართულ სოფლებთან მიმავალი გზების გასანაღმავად.

სამხედრო ტექნიკის ნაწილის გადმოცემის პროცესი დილამდე გაჭიანურდა. მშვენიერი დილა გათენდა - 1992 წლის 14 აგვისტო. უკან, ცხინვალისკენ, გახარებული ვბრუნდებოდით - მალე სულ გავნაღმავდით სოფლების გზებს და აღარავინ აფეთქდებოდა...

შუა გზაში რადიოთი შევიტყვეთ, რომ აფხაზეთში შეიარაღებული შეტაკება დაიწყო და მაშინვე მივხვდით, რომ რუსების მიერ ასე "დიდსულოვნად" გადმოცემულ ნაღმებს მალე საქმე გამოუჩნდებოდათ... მოგვიანებით გაირკვა, რომ 14 აგვისტოსვე გუდაუთაში გათამაშდა რუსულ სამხედრო ნაწილზე აფხაზების ვითომდა თავდასხმის სცენარი, რის შემდეგაც მოწინააღმდეგეს ხელში ათასზე მეტი ავტომატი და ტყვიამფრქვევი ჩაუვარდა.

უდავოა, ქართველებსაც და აფხაზებსაც რუსი გენერლები იარაღს ერთი მიზნით გვაძლევდნენ - გეყოთ ერთმანეთის კეტებით ცემა, აი, "კალაშნიკოვები", ტყვიამფრქვევები, ტანკები, ჰაუბიცები და ხოცეთ ერთმანეთი უფრო მონდომებით და მრავლად!..