დეზინფორმაცია თუ ომისთვის მზადება?! - კვირის პალიტრა

დეზინფორმაცია თუ ომისთვის მზადება?!

რუსეთის მასმედიის ინტერნეტგვერდებზე ამ დღეებში დაიდო ერთი ფურცლის სკანირებული ასლი, რომელიც შეიძლება საქართველოს უახლოეს მომავალს ეხება.

ეს არის საბრძოლო მოწოდება, სახელწოდებით "მებრძოლო, იცნობდე მოწინააღმდეგეს!", რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილო კავკასიის ოლქის სამხედრო დანაყოფებში, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ მე-7 და მე-4 გაერთიანებულ რუსულ სამხედრო ბაზებში არიგებენ.

საბრძოლო ფურცელი წმინდა პროპაგანდისტული ნამუშევარია, რომელიც რუსი "ზამპოლიტების" შექმნილია და გათვლილი იმ რუსი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად, რომლებიც შეიძლება მოსკოვმა მართლაც ჩართოს საქართველოსთან ახალ ომში.

ტექსტის შემდგენლების აზრით, საქართველომ 2001 წელს უღალატა რუსეთს და დასავლეთთან, კერძოდ კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების გზა აირჩია, რითაც საბოლოოდ გაიფუჭა კარგი მეზობლური ურთიერთობა რუსეთთან.

როგორც ჩანს, კრემლის პროპაგანდისტულ მანქანას მიაჩნია, რომ "დიდ ძმასთან" - რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტმა შევარდნაძემ დაიწყო 2001 წლიდან, რაც დაჩქარებული ტემპით მისმა შემცვლელმა - პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააგრძელა.

შემდგენლები დარწმუნებული არიან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროპა და აშშ განუდგნენ საქართველოს, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლება ანტირუსულ პოლიტიკას და გაძლიერებული ტემპით ქვეყნის მილიტარიზაციას აგრძელებს.

ტექსტში ლაპარაკია საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურაზე, რიცხოვნობაზე, შეიარაღებაზე, საბრძოლო მომზადების ეტაპებზე.

პრინციპში, სწორია საქართველოს სახმელეთო ჯარების რაოდენობა, სტრუქტურა და დისლოკაციის ადგილები. პირველი და მეოთხე ქვეითი ბრიგადები მართლაც თბილისის ახლოს არიან განთავსებული, მეორე - სენაკში, მესამე კი - ქუთაისში; მეხუთე ქვეითი ბრიგადის დისლოკაციის ადგილად კვლავ ბათუმია მითითებული, რაც დღეისათვის მოძველებული ინფორმაციაა.

ასევე მითითებულია, რომ მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი 2010 წლის აპრილიდან ავღანეთშია, რაც მიუთითებს, რომ ტექსტის შემდგენლებს ახალი ინფორმაციაც აქვთ.

სწორად არის მითითებული ის ქართულ-ამერიკული მოსამზადებელი პროგრამებიც, რომლებიც 2002 წლიდან სხვადასხვა ქართულმა სამხედრო შენაერთმა და დანაყოფმა გაიარეს.

ჩამოთვლილი შეიარაღების სახეობები მართლაც არის ქართული არმიის არსენალში, რაც მიუთითებს, რომ ტექსტის შემდგენლები არცთუ ცუდად არიან ინფორმირებული.

ცალკეა გამოყოფილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ძლიერი და სუსტი მხარეებიც. ძლიერ მხარეებში ჩამოთვლილია: ქართული სამხედრო დანაყოფების მომზადება NATO-ს სამხედრო ინსტრუქტორების მიერ; ქართული არმიის აღჭურვა თანამედროვე ამერიკული და თურქული შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით; 1-ელი, მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების დანაყოფების მიერ კოსოვოსა და ერაყში მიღებული საბრძოლო გამოცდილება, ასევე მე-4, მე-2, მე-3 და მე-5 ქვეითი ბრიგადების მონაწილეობა 2008 წლის აგვისტოს ომში.

ქართული არმიის სუსტ მხარეებში გამოყოფილია სამხედროების დაბალი მორალურ-ფსიქოლოგიური მომზადება და დაბალი სამხედრო დისციპლინა, დეზერტირობის შემთხვევები, ჯარისკაცებს შორის ერთმანეთის დაჩაგვრის ფაქტები, ასევე სახმელეთო ჯარებში გავრცელებული ლოთობის ბევრი შემთხვევა.

ეს უკანასკნელი მტკიცებები არცთუ ზუსტად ასახავს რეალობას. დეზერტირობისა და ურთიერთდაჩაგვრის ფაქტები დღევანდელ ქართულ არმიაშიც  ძალზე ცოტაა, რადგან ჯარში ძირითადად კონტრაქტით მოსამსახურეები არიან. დაბალი საბრძოლო მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფაქტები კი მართლაც შეიმჩნეოდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ქართულ არმიას სწრაფად უკან დახევამ და შეიარაღების გადამალვამ მოუწია.

ტექსტის შემდგენლები შეიძლება ნაწილობრივ მართლებიც არიან იმაში, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროების წასვლის მთავარი სტიმული მართლაც ფულია.

ისე კი, რაც ქართული არმიის სუსტ მხარეებადაა მიჩნეული, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მყოფ რუსულ სამხედრო დანაყოფებს უფრო მეტად ახასიათებს.

თუკი ეს საბრძოლო ფურცელი მორიგი რუსული დეზინფორმაცია არ არის და მას მართლაც არიგებენ რუსულ საოკუპაციო დანაყოფებში, მაშინ ეს უნდა ნიშნავდეს რუსეთის მზადებას საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის.

2008 წლის აგვისტოს ომამდეც გახმაურდა ინფორმაცია, რომ ამგვარი საბრძოლო ფურცლები ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის დანაყოფებშიც ვრცელდებოდა...